მამუკა მდინარაძე: Heritage Foundation ამბობს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქართველოს სასამართლოს ენდობა და ის ამ მონაცემით, ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას უსწრებს.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2020 წლის 15 ოქტომბერს, პირველ არხზე, ,,დებატები 2020‘‘ -ში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა: ,,Heritage Foundation ამბობს, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქართველოს სასამართლოს ენდობა და ის ამ მონაცემით, ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას უსწრებს‘‘. (23:06.:30- 23:06:47)
Heriatge Foundation-ი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს მსოფლიოში ყოველწლიურად ზომავს. აღნიშნული ორგანიზაცია ეკონომიკურ თავისუფლებას 12 თვისობრივი და რაოდენობრივი ფაქტორების გათვალისწინებით შეისწავლის, რომლებიც 4 დიდ კატეგორიად ჯგუფდება- კანონის უზენაესობა, სახელმწიფოს მოცულობა, მარეგულირებითი ეფექტურობა, ღია ბაზარი.
Heriatge Foundation-ის რეიტინგში, „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2020“ 2018 წლის მეორე ნახევრისა და 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებია ასახული. შესაბამისად, მოცემულ რეიტინგში, 2019 წლის მეორე ნახევარში საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი და პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეები, არ ასახულა. რეიტინგის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს ეფექტურობა (judicial effectiveness- რომელიც კანონის უზენაესობის შეფასებისას ერთ-ერთი კრიტერიუმია) 0-დან 100-მდე სკალაზე 57,9 -ითაა შეფასებული. თავად ეს კომპონენტი, Heriatage Foundation-ის თანახმად, შემდეგი მაჩვენებლებით განისაზღვრება: სასამართლო დამოუკიდებლობა, სასამართლოს პროცესების ხარისხი და მიკერძოებულობა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი. შესაბამისად, ეს ინდექსი არ შეისწავლის მოსახლეობის ნდობას სასამართლო ხელისუფლებისადმი, არამედ ზემოთ მოყვანილი მახასიათებლების დაყრდნობით სასამართლოს ეფექტურობას ციფრებში ითვლის.
საქართველო, სასამართლო ეფექტურობის ინდექსით, მართლაც უსწრებს ევროკავშირის წევრ შემდეგ 14 ქვეყანას: რუმინეთი (56,1), ესპანეთი (51,8), იტალია (51,3), ლატვია (51,1), კვიპროსი (50,5), ჩეხეთი (49,9), მალტა (49,6), საბერძნეთი (48,6), სლოვენია (48,6), უნგრეთი (45,7), ბულგარეთი (45,4), პოლონეთი (42,8), სლოვაკეთი (41,7), ხორვატია (39,6) (იხილეთ: ცხრილი). საინტერესოა ისიც, რომ სასამართლოს ეფექტურობის ინდექსის გასწვრივ, ქვეყნის შეფასებისას ორგანიზაცია ამბობს, რომ: ,,მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, მნიშვნელოვანი ჩარევები კვლავაც გრძელდება სასამართლოში საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და რომ მაღალი დონის, ელიტური კორუფცია საჯარო მოხელეების მხრიდან, კვლავაც რჩება გამოწვევად‘‘ (იხილეთ: კვლევა, გვ.233). აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს ეფექტურობის ინდექსი 2017 წლიდან 2019 წლამდე, 11,9 ქულით შემცირდა, 2019 წლიდან დღემდე 3,3 ქულით გაიზარდა, მაგრამ 2017 წლის ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ 2019 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან, სასამართლოს მიმართ ნდობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, სასამართლო სისტემას ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 5% უცხადებს, მაშინ, როდესაც ეკლესიას ანდა სხვა რელიგიურ ორგანიზაციების მიმართ, ნდობის მაჩვენებელი 55%-ია. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 53%-ის აზრით, სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა და 43 % ფიქრობს, რომ ამ სისტემას მოსამართლეთა დაჯგუფება, ანუ კლანი მართავს (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ კვლევა).
შესაბამისად, მამუკა მდინარაძის განცხადება რაოდენობრივ მაჩვენებელში არის სწორი, მაგრამ სასამართლოს ეფექტურობის ინდექსი, Heritage Foundation-ის განსაზღვრებით, არ შეისწავლის მოსახლეობის ნდობას სასამართლო ინსტიტუტებისადმი. სწორედ ამიტომ მისი განცხადება, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ენდობა სასამართლო სისტემას არის შეცდომა და ინფორმაციის დამახინჯებული ფორმით წარმოდგენა, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.