დეზინფორმაცია: „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ აქამდე არსებულ ყველა რეკომენდაციას აბათილებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3)რომლის მიხედვითაც „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“ კორონავირუსის შესახებ ყველა აქამდე არსებულ არგუმენტს აბათილებს. პოსტი ვირუსის გადაცემის, სავალდებულო ვაქცინირებისა და ჯანმოს რეკომენდაციებთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას შეიცავს.

პოსტში ყალბი მტკიცებაა, თითქოს უსიმპტომო, ინფიცირებული პირი საზოგადოებისთვის ნულოვანი რისკია. ავტორს არგუმენტად ჯანმოს ეპიდემიოლოგის, მარია ვან კერხოვას, განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, „აქტუალური მონაცემებით ძალიან დაუჯერებელი ჩანს, რომ უსიმპტომო ინდივიდმა დააინფიციროს მის გვერდში მყოფნი“. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მანიპულაციები ადრეც გავრცელდა. აღნიშნულზე „ფაქტ-მეტრიც“ წერდა. რეალურად, 8 ივნისს, ჯანმოს პრესკონფერენციაზე, მარია კერხოვამ განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული რამდენიმე დაკვირვების შედეგის მიხედვით, უსიმპტომო პაციენტების მიერ მეორადი გადაცემა ძალიან იშვიათია. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი ინტერპრეტაციის გამო, კერხოვას, 9 ივნისს, დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია: მან აღნიშნა, რომ ფრაზა „ძალიან იშვიათია“ მცირე რაოდენობის გამოკვლევებს ეფუძნებოდა. კვლევების სიმცირიდან გამომდინარე კი, რთულია გადაჭრით იმის დადასტურება, რომ ასიმპტომური პაციენტებიდან ინფექცია იშვიათად ვრცელდება.

პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ ყველა აქამდე არსებულ არგუმენტს ჯანმო შლის და აბათილებს. სინამდვილეში, ჯანმოს რეკომენდაციები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მეტწილად უცვლელია: ჯანმოს თანახმად, ინფიცირებულებიდან ვირუსის გადაცემა, როგორც სიმპტომების, ისე სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, ხდება. უსიმპტომოდ ითვლება პირი, რომელსაც COVID-19-ის ინფექცია, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადააქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) უსიმპტომო და პრესიმპტომურ შემთხვევებს გამოყოფს: კერძოდ, პრესიმპტომურია პირი, რომელსაც ლაბორატორიულად COVID-19 დაუდასტურდა და არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა სიმპტომებს მოგვიანებით, ინფექციის მსვლელობისას ავლენს. უსიმპტომო შემთხვევაა, როდესაც პირს ინფექცია სიმპტომების გამოვლენის გარეშე გადააქვს. ჯანმოს თანახმად, აღნიშნული განსხვავებები ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი სტრატეგიების შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, ლაბორატორიული მონაცემების თანახმად, ადამიანი, ყველაზე გადამდები შესაძლოა, სიმპტომების განვითარების ეტაპზე იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაინფიცირებული ადამიანი, თუნდაც უსიმპტომო, იზოლირებული იყოს და, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, მიიღოს სამედიცინო დახმარება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აუცილებელია პირბადის ტარება, მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა, ხველების ან ცემინებისას მოხრილი იდაყვით ან ქსოვილით პირის დაფარვა.

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში კიდევ ერთი ყალბი მტკიცება გვხვდება, თითქოს დადასტურდა, რომ საგნების ზედაპირიდან კორონავირუსით დაინფიცირება შეუძლებელია. ჯანმო ვირუსის გავრცელების დასაწყისშივე იმ რეკომენდაციებს ავრცელებდა, რასაც ახლა: დაბინძურებულ ზედაპირზე შეხებით, შემდეგ კი თვალებზე, ცხვირზე ან პირზე ხელის შეხებით დაინფიცირება შესაძლებელია. ავსტრალიის დაავადებისთვის მზადყოფნის ცენტრის (ACDP) კვლევების უახლესი მონაცემებით, კორონავირუსი მინის, ქაღალდის, ფოლადის ზედაპირზე 28 დღემდე ცოცხლობს. ხოლო იაპონელი მკვლევრების თანახმად, კორონავირუსი ადამიანის კანზე 9 სთ-მდე ცოცხლობს. შესაბამისად, ჯანმო საზოგადოებას მოუწოდებს, საგნის ზედაპირები სადეზინფექციო ხსნარებით ხშირად გაასუფთაონ, ხელები ანტისეპტიკური საშუალებებით დაიმუშაონ და თვალზე, პირის ღრუსა და ცხვირზე შეხებას მოერიდონ.

დეზინფორმაციის შემცველი პოსტის ავტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინასაც ეხება. მისი თქმით, ვირუსის გადაცემის შესაფერხებლად, მსოფლიოს ავტორიტეტებმა (სავარაუდოდ, იგულისხმება ჯანმოს და სხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტები, სახელმწიფოს მთავრობები) სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული მტკიცება ყალბია. ვაქცინის საყოველთაო სავალდებულოობაზე ჯერჯერობით არც ჯანმოს და არც რომელიმე სახელმწიფოს არ განუცხადებია. მით უმეტეს, რომ დამტკიცებული ვაქცინა, რომლის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე კითხვები პასუხგაცემულია, არ არსებობს. მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ რუსეთმა დაარეგისტრირა. თუმცა, მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მრავალი კითხვის ნიშანია, რადგან ვაქცინას, ფაქტობრივად, არ გაუვლია ტესტირების მესამე ფაზა (რუსული ვაქცინის საეჭვოობასა და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ყალბ ამბებზე ჩვენს არაერთ სტატიაშია საუბარი: ბმული 1, ბმული 2).

თეგები: