დეზინფორმაცია: გერმანელი მძღოლების პროტესტიდან 1 საათში საწვავზე გაზრდილი ფასები კვლავ შემცირდა.

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

Facebook-ზე ფართოდ გავრცელებული პოსტების მიხედვით, გერმანიაში საწვავზე ფასების მომატების შემდეგ მილიონზე მეტმა ადამიანმა ავტომობილი შუა გზაზე გააჩერა და ხელოვნური საცობის გამოწვევით, ფასების ცვლილება გააპროტესტა. პოსტის ავტორის მტკიცებით, აქციის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და პროტესტიც შეწყდა. Facebook-პოსტს, მეტი დამაჯერებლობისთვის, სურათიც ერთვის, რომელიც, თითქოს, მომხდარს ასახავს.

იხ. დეზინფორმაციის გავრცელება Facebook-ზე

მანამდე, სანამ აღნიშნული ინფორმაცია ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდებოდა, ის მსოფლიოში, წლების წინ, სხვადასხვა ენაზე ვრცელდებოდა (ბმული 1, ბმული 2). ამასთან, 2018 წლის მაისში და 2019 წლის აპრილში, ავტორიტეტულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Snopes-მა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ, ფრანს-პრესმა აღნიშნულ საკითხს სტატიებიც მიუძღვნეს.

იხ. ფოტოსურათი უკეთეს ხარისხში

ვირუსულად გავრცელებული Facebook-პოსტების გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ფოტოსურათი წლების წინ არა გერმანიაში, არამედ ჩინეთში, წარმოქმნილი საცობის დროსაა გადაღებული. აღნიშნული საცობი ჩინეთის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის პერიოდში წარმოიქმნა, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გადაადგილდებოდა. საცობის წარმოქმნას ხელი ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ შეუწყო, რომლის მიხედვითაც, დღესასწაულის პერიოდში ავტომაგისტრალის გამოყენება მძღოლებს უფასოდ შეეძლოთ.

ამდენად, ინფორმაცია გერმანიაში საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებული გამართული აქციების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, პროტესტის გამოხატვის მიზნით, მილიონმა მძღოლმა მასშტაბური ხელოვნური საცობი წარმოქმნა და ფასების კლების კონტექსტში, 1 საათში მიზანს მიაღწია, არასწორია.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

თეგები: