ბადრი ჯაფარიძე: საპენსიო ფონდის 700 მილიონი ლარი არის დღეს დეპოზიტებზე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: საპენსიო ფონდის შექმნის ერთ-ერთ არგუმენტად კაპიტალის ბაზრისა და კაპიტალის ხელმისაწვდომობის ზრდას ასახელებდნენ, რასაც ბიზნეს გარემოსთვის მასტიმულირებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა. საინვესტიციო ინსტრუმენტების შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად დივერსიფიცირებულობის ნორმა სახელდებოდა, სხვანაირად, საპენსიო დანაზოგების განთავსება მრავალფეროვან ფინანსურ ინსტრუმენტებში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისი ბიზნესისთვის გარკვეულ დამატებით რისკებსაც წარმოშობს.
საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე, ფონდის პორტფელის განაწილებაა წარმოდგენილი. 73.14% სადეპოზიტო სერტიფიკატებს [1] წარმოადგენს, 23.62% - სარგებლიან ანგარიშებს, 3.24% - ვადიან დეპოზიტებს [2]. საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული.
ფონდში თანხა 2019 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება და მიმდინარე, სექტემბრის თვეში, საპენსიო ფონდი დაახლოებით 951 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ფონდი თვეში საშუალოდ 44 მლნ ლარით მდიდრდება. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული თანხა, 700 მილიონი ლარი აპრილ-მაისის თვეში ფიქსირდებოდა.
ანალიზი:
„ლელო საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ „TV კავკასიის“ ეთერში განაცხადა (24წთ): „საპენსიო ფონდის 700 მილიონი ლარი არის დღეს დეპოზიტებზე, 700 მლნ ლარი ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი სახსრებია”.
აღნიშნული განცხადებით, პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ სახსრების დეპოზიტებზე განთავსებით, ბენეფიტების რეალიზება არ ხდება, რომელიც საპენსიო ფონდის შექმნას უნდა მოჰყოლოდა. წარსულში, მთავრობის წარმომადგენლები საპენსიო ფონდის შექმნის ერთ-ერთ არგუმენტად კაპიტალის ბაზრისა და კაპიტალის ხელმისაწვდომობის ზრდას ასახელებდნენ, რასაც ბიზნეს გარემოსთვის მასტიმულირებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა. საინვესტიციო ინსტრუმენტების შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად დივერსიფიცირებულობის ნორმა სახელდებოდა, სხვანაირად, საპენსიო დანაზოგების მრავალფეროვან ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება.
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, [3] რომლის განხორციელებასა, მართვასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი საპენსიო სააგენტოა. სწორედ საპენსიო სააგენტოს ნაწილია საინვესტიციო საბჭოც, რომელიც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს. კანონმდებლობით, საპენსიო აქტივების ინვესტირება შესაძლებელია: სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებული ფასიან ქაღალდებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიან ქაღალდებში, კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, საწარმოთა აქციებში, საქართველოში რეგისტრირებულ ღია საფონდო ინსტრუმენტებში, სხვა ფინანსურ ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში, რომლებიც, შეიძლება, ეროვნულმა ბანკმა კორპორაციულ სასესხო ფასიან ქაღალდებში, გლობალურ დეპოზიტარულ ხელწერილებში ინვესტირებისთვის დაუშვას.
ინფორმაცია საპენსიო ფონდის შესახებ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. საპენსიო ფონდის დროთა განმავლობაში ზრდა გრაფიკ 1-ზეა წარმოდგენილი. ფონდში თანხა 2019 წლის პირველი იანვრიდან ირიცხება და მიმდინარე, სექტემბრის თვეში, საპენსიო ფონდი დაახლოებით 951 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ფონდი საშუალოდ 1 თვეში 44 მლნ ლარით მდიდრდება. პოლიტიკოსის მიერ დასახელებული თანხა, 700 მილიონი ლარი აპრილ-მაისის თვეში ფიქსირდებოდა.
გრაფიკი 1: საპენსიო ფონდის მოცულობა, მლნ ლარი
წყარო: საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე, ფონდის პორტფელი განაწილებაა წარმოდგენილი. 73.14% სადეპოზიტო სერტიფიკატებს წარმოადგენს, 23.62% - სარგებლიანი ანგარიშები, 3.24% - ვადიანი დეპოზიტებს. საპენსიო აქტივები 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული.
იქიდან გამომდინარე, რომ ბადრი ჯაფარიძეს არ ჰქონია ნაკლები თანხის დასახელების ინტერესი (მოტივი) და დასახელებულ რიცხვსა და რეალურ რიცხვს შორის სხვაობა ვერ ახდენს გავლენას განცხადების შინაარსზე, "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არისსიმართლე.
[1] სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი (ანაბარი) და ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა გადაუხადოს.
[2] ვადიანი დეპოზიტი არის კლიენტის მიერ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ერიცხება.
[3] შემოთავაზებული საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის სავალდებულოა, გარკვეული ნაწილისთვის კი - ნებაყოფლობითი.