შენიშვნა: სტატიაზე მუშაობა დასრულებული გვქონდა, როდესაც გუდიაშვილის მოედანზე სკვერის რეაბილიტაციისას ჯანმრთელი ხეები მოიჭრა. ცირა ელისაშვილის შეფასებით „ეს არის უვიცობა, თავხედობა ქალაქთან მიმართებით. ხეების მოჭრა განაპირობა იმან, რომ ლამის სახაზავზე გასწორდა მიწის ნიშნულები, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იცი, სად აპროექტებ. ძველი თბილის არის უსწორმასწორობა, რომელსაც უნდა მოარგო არქიტექტურა. ნიშნულის გასწორებამ გამოიწვია მიწის ფენის აღება, რამაც არსებული ხეების ფესვების შემოჭრა განაპირობა და ხე, რომელიც ჯანმრთელი იყო გუშინ, დღეს მოსაჭრელი გახდა“.
ლადო გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ - „ახალი ტფილისი“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას 30 შენობა ექვემდებარებოდა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20 ძეგლი. სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საწყისი ღირებულება 50 მილიონი ლარი იყო. ლადო გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს დაიწყო, რაც მოედნის და მიმდებარე ქუჩების მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესს ითვალისწინებდა. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე 35 სახლის გამაგრება იგეგმებოდა. ამ დროს გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე არეალის კონსერვაციის პროექტი შეიქმნა,რომელიც „იკომოს საქართველომ“ მოამზადა, სადაც მოცემული იყო სარეაბილიტაციო შენობების ჩამონათვალი და ზუსტად იყო განსაზღვრული არეალი, სადაც I და II ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდებოდა. კონსერვაციის გეგმა ოთხ ჰექტარზე განთავსებულ 72 შენობას, მათ შორის, 31 კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს აერთიანებდა.
2018 წლის მარტში თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა. მან პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისთვის მადლობა ყოფილ მერს, დავით ნარმანიას გადაუხადა და დაანონსა, რომ პროექტის ფარგლებში 30-მდე შენობის სრული რესტავრაცია განხორციელდებოდა.
გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები უძღოდა. 2019 წლის სექტემბერში გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის წარდგენაზე, კახი კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდებოდა (თავიდან დაანონსებული 30 შენობის ნაცვლად), მათ შორის, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ დროისთვის პროექტის დასრულების ვადაც შეიცვალა და 2019 წლის ნაცვლად 2020 წლის შემოდგომამდე გადაიწია. უკვე 2020 წლის იანვარში მერიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბიუჯეტი 62 მილიონამდე გაიზარდა და პროექტის დასრულების ვადა კიდევ ერთხელ, ამჯერად 2020 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა.
გუდიაშვილი მოედნის რეაბილიტაცია რომ დროში გაწელილად და შეფერხებით მიმდინარეობს, ამის დასტური პროექტის დასრულების თარიღის რამდენჯერმე გადაწევაცაა. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არსებულ ხარვეზებზე (2019 წელს) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევა „თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის შეფასება“ მიუთითებს. კვლევის მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე სარესტავრაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ, მნიშვნელოვანი დანაკარგებითა და ძეგლთა დაცვის პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოს მეტწილად არაკვალიფიციური პერსონალი ასრულებს, რაც მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე პირდაპირ აისახება. კვლევის მიხედვით, ხაზგასასმელია ისიც, რომ სპეციალისტების მხრიდან წინასწარი შეთანხმების და გაფრთხილების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოს პროცესში, ბეტონის ჩასხმის შედეგად, არქეოლოგიური ფენების ნაწილი მაინც დაზიანდა და განადგურდა.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივ ან/და სრულად დანგრეულ შენობათა შორის მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტები. ამჟამად, დანგრეული შენობების ნაცვლად, რკინა-ბეტონისა და სამშენებლო ბლოკის გამოყენებით მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იერსახესთან მიმსგავსებული და დეკორატიული ელემენტებით გაფორმებული ახალი ნაგებობების მშენებლობა. ასეთი მიდგომა კი, კვლევის ავტორების აზრით, სრულიად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებს.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონისა“ და ICOMOS საქართველოს მიერ დამუშავებული „გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის“ მოთხოვნების მიუხედავად, რაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიწის სამუშაოს დროს არქეოლოგიურ ზედამხედველობასა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოებას გულისხმობს, „თბილისის განვითარების ფონდმა“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უზრუნველყო ობიექტზე არქეოლოგის მივლინება და შესაბამისი დაფინანსება. არქეოლოგის მივლინება მხოლოდ მცირე ხნით განხორციელდა, რის გამოც მოძიებული არტეფაქტები უსისტემოდ, ფოტოფიქსაციისა და აღრიცხვის გარეშეა დასაწყობებული ერთ-ერთ შენობაში.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას სამოქალაქო აქტივისტები 2007 წლიდან ითხოვდნენ. მათ შორის იყო „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ცირა ელისაშვილი. ჩვენ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების შეფასება მას ვთხოვეთ. როგორც ცირა ელისაშვილმა განგვიმარტა, ზემოთ განხილულ კვლევაში, რომლის თანაავტორი თავად არის, დასახელებული პრობლემები სამუშაოების პირველ ეტაპზე იყო გამოვლენილი, თბილისის განვითარების ფონდში ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვალა ( მაგალითად, რესტავრაციის პროცესში მუდმივად ჩართულია არქეოლოგი, ფონდი აღარ არის დახურული ორგანიზაცია და სპეციალისტების მოსაზრებებსა და რჩევებს ითვალისწინებს). „თუმცა პრობლემები კვლავ არსებობს. ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის რომ, დაახლოებით 6 შენობა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს რესტავრაციას, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არ არის და თავდაპირველი ნუსხიდან ამოღებულია. თუ აღნიშნული შენობების რესტავრაცია ახლა არ განხორციელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც მოედნის რესტავრაცია დასრულდება, იქ ამ შენობების რესტავრაცია ვეღარ განხორციელდება იმ უბრალო მიზეზის გამოც, რომ რესტავრირებულ მოედანზე კვლავ მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეუძლებელი იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ დამატებით ექვსი შენობის რესტავრაცია პროექტის ფარგლებში განხორციელდეს“-, აღნიშნა მან.
ცირა ელისაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთ-ერთი პრობლემური საკითხია სარესტავრაციო პროექტის მომზადება, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე კვალიფიციური კომპანიების დეფიციტი არსებობს. „როგორც იცით გუდიაშვილი მოედნის სარესტავრაციო პროექტზე „იკომოს საქართვლომ“ იმუშავა, რომელიც მაღალი კლასის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომპანიაა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი კომპანია „არტ სტუდიაზე“, რომელმაც გუდიაშვილის მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო პროექტი მოამზადა, პრობლემას წარმოადგენს ასევე უშუალოდ რესტავრაციის განმახორციელებელი კომპანიების კვალიფიკაციაც. გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციას კომპანია „ენსი“ და „ანაგი“ ახორციელებენ, ამავე კომპანიებმა იმუშავეს აღმაშენებლის რესტავრაციაზეც და როგორც არის სამუშაოები განხორციელებული, ყველას მოეხსენება“,- დასძინა ჩვენთან საუბარში ცირა ელისაშვილმა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დროში გაწელილად და შეფერხებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, გაწელილი პროცესი ისედაც ავარიულ სახლებში მცხოვრებ მოსახლეობას დამატებით დისკომფორტს (ხმაურსა და მტვერში ცხოვრება) უქმნის. ასევე, პროექტის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა სარეაბილიტაციო შენობების ჩამონათვალი და რაოდენობა. თავდაპირველად დაგეგმილი 30 შენობის ნაცვლად, რეაბილიტაციას 26 შენობა ექვემდებარება. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, აუცილებელ რესტავრაციას კიდევ დამატებით 6 შენობა საჭიროებს. ასევე პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების სიმცირე, რაც მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე პირდაპირ აისახება.