დეზინფორმაცია:კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება

24 სექტემბერს „ალიამ“ (alia.ge) სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურის მიხედვითაც, „კორონავირუსის სხვისთვის გადადება 1-7 წლამდე პატიმრობით ისჯება“. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ვერც სტატიის შინაარსით მტკიცდება, რადგან განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა (სსკ-ის 132-ე მუხლი), 7 წლამდე პატიმრობით არ ისჯება. ასევე, სტატიაში მოყვანილი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები (მ.247; მ.248), რომლებიც გარკვეულ შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, 132-ე მუხლისგან განსხვავებული შემადგენლობის მუხლებია, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ.

გარდა ამისა, სტატიაზე დართული ფოტო, რომელზეც, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეა გამოსახული, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სტატიის სათაურში გამოტანილი განცხადება სწორედ მინისტრის მხრიდან გაკეთდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატიაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლი ყოველგვარი განმარტების გარეშეა მოყვანილი:

1. მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა;

2. მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება;

3. მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა.

რას ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მუხლები ?

სსკ-ის 132-ე მუხლით დასჯადია, როგორც სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, ასევე, სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა.

სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა მაქსიმალურ სასჯელად თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ითვალისწინებს. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა კი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეიძლება დაისაჯოს. [1]

მარტივად რომ ავხსნათ, აღნიშნული მუხლით, პირი სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური ვირუსის შეყრისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაისჯება, თუ მას დადასტურებულად ეცოდინება, რომ ვირუსი აქვს და განზრახ, შეგნებულად დააინფიცირებს სხვას; ან თუკი არ ექნება განზრახვა, მაგრამ გაუფრთხილებლობით (დაუდევრობით ან უსაფუძვლო თვითიმედოვნებით) დააინფიცირებს სხვას.

მაგალითად, თუკი პირს ეცოდინება, რომ კორონავირუსი აქვს და გადაწყვეტს, რომ მგზავრების დაინფიცირების მიზნით საზოგადოებრივ ტრანსპორტით იმგზავროს; ან თუ ჩათვლის და იმედოვნებს, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა, ის მგზავრებს არ დააინფიცირებს, თუმცა მაინც დააინფიცირებს.

სხვისთვის ვირუსის შეყრის საფრთხის შექმნაზეც იგივე შეიძლება ითქვას, [2] იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევში ისიც საკმარისია, სხვების ჯანმრთელობას (აუცილებელი არაა ვინმე დაინფიცირდეს) საფრთხე შეექმნას.

აქვე ჩნდება კითხვა, მოიაზრება, თუ - არა, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებაში ახალი კორონავირუსი (COVID -19) ?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 ბრძანებით, განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაა დამტკიცებული. აღნიშნულ ნუსხაში მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომთან ასოცირებულ კორონავირუსს, დასახელებით SARS-CoV, ვხვდებით, თუმცა SARS- CoV-2, იგივე ახალი კორონავირუსი, ნუსხაში არაა.

განსაკუთრებით საშიში ინფექციების ჩამონათვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ვხვდებით, სადაც კორონავირუსული ინფექციები ჩამონათვალშია შეყვანილი. საკითხის დასაზუსტებლად, „ფაქტ-მეტრი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებში ახალი კორონავირუსიც მოიაზრება.

ამრიგად, თუ პირმა არ იცის, რომ კორონავირუსი აქვს; ან იცის, მაგრამ არ აქვს სხვისი დაინფიცირების განზრახვა/აშკარა გაუფრთხილებლობით არ გადასდებს სხვას ვირუსს, ის არ დაისჯება. გარდა ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სსკ-ის 132-ე მუხლი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კორონავირუსის სხვისთვის განზრახ ან გაუფრთხილებლობით გადადება 7 წლამდე პატიმრობით არ ისჯება.

სსკ-ის 247-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის მიეწოდებინა. აღნიშნული ქმედება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ ისჯება.

იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ, ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მაგალითად, თუ რომელიმე საწარმოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდება, რაც ცნობილი გახდება ამ საწარმოს ადმინისტრაციისთვის/შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის, ეს უკანასკნელი კი დანარჩენ თანამშრომლებს განზრახ დაუმალავს ამ ინფორმაციას, პასუხიმგებლობა ზემოაღნიშნული მუხლით შეიძლება დადგეს.

რაც შეეხება სსკ-ის 248-ე მუხლს, ის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა გამოიწვია. წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მაგალითად, თუ ექიმი იგივე აღჭურვილობით/ტანსაცმლით შევა არაინფიცირებულ პაციენტებთან, რომლითაც ის კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, რის შედეგადაც, სხვა პაციენტებსაც დააინფიცირებს, მისი პასუხისმგებლობა 248-ე მუხლით შეიძლება დადგეს. აღსანიშნავია, რომ ეს დანაშაული განზრახი არაა და მისი ჩადენა, გაუფრთხილებლობას უკავშირდება.

სტატიის ბოლოს, ასევე, აღნიშნულია, რომ „ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დღეში ასამდე ბენეფიციართან შეხვედრებს მართავს, სამინისტრო კი ამ ფაქტს არ ასაჯაროებს. მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდული უწოდეს. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო მამუკაშვილმა, აღნიშნა, რომ, პირიქით, კოვიდ- პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, მათი პოლიტიკა მაქსიმალური ღიაობაა და ამგვარი ფაქტი რომ მომხდარიყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნებოდა პირველი, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებდა.

[1] დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენა ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, რისთვისაც დამნაშავე 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეიძლება დაისაჯოს.

[2] მიიჩნევა, რომ სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა განზრახი დანაშაულია.

თეგები: