ანალიზი:
Facebook საჯარო ჯგუფში -„სიყვარული და სიკეთე“, გაზიარდა სიურეალისტური ოპტიკური ილუზია წარწერით:„იაპონელების მიერ შექმნილი ტესტი 1. თუ ნახატი არ მოძრაობს - ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. 2. თუ ნელა მოძრაობს - ფსიქიკური, ემოციური დაღლილობა. სასურველია დაისვენოთ, გახვიდეთ შვებულებაში. 3. თუ აქტიურად მოძრაობს - ეს ფსიქოზის ან დეპრესიის ნიშანია. საჭიროა სპეციალისტებს მიმართოთ.“ის Facebook-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
სიურეალისტური ოპტიკური ილუზია რეალურად შექმნილია 52 წლის უკრაინელი დიზაინერის, იური პერპადიას მიერ 2016 წელს. მას შემდეგ, რაც Facebook-ზე სურათთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაიწყო, იური პერეპადიამ პირადი Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა სურათი და ახსნა, რომ სურათი შეასრულა 2016 წელს, აკიოშა კიტაოკას ეფექტის გამოყენებით, რომელიც ფერად ფონზე, თეთრი და შავი ხაზების დასმით, ქმნის მოძრავი სურათის ილუზიას. ამასთან ერთად დასძინა, რომ იაპონელებს, კონკრეტული სურათის შექმნასთან, არანაირი კავშირი არ აქვთ.
პერპადია BBC-სთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ სურათს იმ ფაქტთან, თუ რამდენად დასტრესილი შეიძლება იყოს ადამიანი, არანაირი საერთო არ აქვს.
აქედან გამომდინარე, უკრაინელი დიზაინერის მიერ, ორ საათში შექმნილ ოპტიკურ ილუზიას, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან და შეუძლებელია, ის ემოციური დაღლილობის, ფსიქოზის ან დეპრესიის ნიშნებზე მეტყველებდეს. ამგვარი ფსევდო-მეცნიერულ და ფსევდო-სამედიცინო ტესტებს სოციალური ქსელის მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.