ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
ანალიზი
რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაამზადა. მოსკოვის თანახმად, ის ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყებას სექტემბერში, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდან გეგმავს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და, მეტიც, ის მისმა ქალიშვილმა უკვე მიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ვაქცინა ეფექტიანად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.
რეალურად, რუსული ვაქცინის ტესტირება საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა. ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ აღნიშნულ ნაბიჯს კლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკი აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია, რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. დანიელ სალმონის მსგავსად, მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილიც რუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს.
რუსეთის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვი აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც, შეიტანა. მისი აზრით, ყველას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ვაქცინა აქვს, თუმცა მთავარია, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დადასტურდეს. ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ „რუსები (და ჩინელები) ვაქცინას რეალურად ტესტავენ, სანამ მას ვინმეს გამოუწერენ“. ერთ-ერთ ინტერვიუში, ფაუჩიმ ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები ღიად გამოთქვა და აღნიშნა, რომ მას ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ კვლევებზე არ სმენია.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, რუსულ ვაქცინას ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია - მისი შედეგები გამოქვეყნებული არ არის. ამდენად, გამყრელიძე რუსულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს: „ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი-მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“. ამავე საკითხზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა და შეთქმულების თეორიის მიმდევრებს მიმართა: „გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც ჰგონია, რომ ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ“.
კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინა გამოყენებისთვის ტესტირების მესამე ფაზის გავლის გარეშე დაამტკიცა (ვაქცინის ტესტირების შესახებ ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).
საქართველოში პრორუსულმა მედიამ რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცება სხვადასხვანაირად გააშუქა. „ფაქტ-მეტრის“ წინა სტატიაში აღნიშნულ საკითხზე პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ იყო განხილული. რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-თან (ვაქცინის დასახელება) დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელებაში კრემლის სამთავრობო მედიის „სპუტნიკის“ქართული „დეპარტამენტიც“ ჩაერთო. თავდაპირველად, 6 ივლისს, „სპუტნიკმა“ რუსული ვაქცინის ტესტირების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით - „ჯანმო დაინტერესებულია COVID-19-ის რუსული ვაქცინით - ვიდეო“. ვიდეოში ექიმებისა და ტესტირებაში მონაწილე მოხალისეების ინტერვიუებია ჩაწერილი. ვიდეოში ნათქვამია, რომ ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს.
შემდგომ, 29 ივლისს, „სპუტნიკმა“ ნეიტრალური ხასიათის სიახლეები გამოაქვეყნა რუსული ვაქცინის ტესტირებაში მოხალისეების მონაწილეობის მრავალი მსურველისა და ვაქცინის ბავშვებზე გამოცდის დაწყების შესახებ. აგვისტოდან რუსეთის საერთაშორისო პროპაგანდასთან ერთად „სპუტნიკის“ ქართული რედაქციაც გააქტიურდა. „სპუტნიკის“ ქართულმა რედაქციამ განაცხადა, რომ „რუსეთმა ანტიკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაასრულა“ და „უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება“.
ერთ-ერთ მომდევნო პუბლიკაციაში, „სპუტნიკმა“ სტატიის სათაურშივე გაუსვა ხაზი, რომ რუსული ვაქცინა „მსოფლიოში პირველია“ და შემდგომ „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით განაცხადა, რომ „კვლევების დროს, რომელშიც 38 მოხალისე იღებდა მონაწილეობას, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა“. აღნიშნული გზავნილი სწორედ რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ცდილობს საკუთარ მოქალაქეებსა და მსოფლიოს რუსეთის პირველობა და უძლეველობა დაანახოს.
„სპუტინიკი“ კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის ჩატარების გარეშე წერს, რომ ვაქცინის კლინიკური გამოცდები დასრულდა და მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურდა. სტატიაში - „ყველაფერი COVID-19-ის რუსული ვაქცინის შესახებ“, სადაც „სპუტნიკს“ ინტერვიუს გამალეის სახელობის ცენტრის სამეცნიერო დარგის დირექტორის მოადგილე, დენის ლოგუნოვი, აძლევს, აღნიშნულია, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა კლინიკური ცდების ჩატარებამდე გამოიკვლიეს, შემდეგ ორი კლინიკური კვლევა ჩაატარეს, რომლებმაც „ვაქცინის უსაფრთხოების კარგი პროფილი და მაღალი იმუნუგენურობა გამოავლინა“. ინტერვიუში ისიცაა ნათქვამია, რომ პირველ და მეორე ფაზებში სულ 76 ადამიანი მონაწილეობდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მარეგულირებლებმა ვაქცინა ფართომასშტაბიანი კვლევის გავლამდე დაამტკიცა. სტატიაში აღნიშნული ფაქტიც გამართლებულია.
მოგვიანებით „სპუტნიკმა“ „რია ნოვისტიზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ „რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ პრეპარატი დაარეგისტრირა, თავად ვაქცინა მუშაობს ეფექტურად, აყალიბებს მდგრად იმუნიტეტს და გავლილი აქვს ყველა საჭირო შემოწმება“.
„სპუტნიკმა“ კიდევ ერთი პროპაგანდისტული სტატია გამოაქვეყნა სახელწოდებით - „საბოლოო პასუხი“: The Lancet-ი რუსული ვაქცინის კვლევის შედეგებს აქვეყნებს“. სტატია რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებული კრიტიკისთვის „საბოლოო პასუხის“ გაცემას ისახავს მიზნად და ამტკიცებს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ხანგრძლივი იმუნიტეტი დადასტურებულია და ის შემთხვევათა 100%-ში მუშაობს. მეტიც, სტატია ამტკიცებს, რომ ვაქცინა „უნიკალური ორვექტორიანი ტექნოლოგიით“ შეიქმნა და ბრიტანულ ვაქცინაზე უკეთ არის ტესტირებული. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ვაქცინა „ერთადერთი უსაფრთხო ტექნოლოგიაა“, ხოლო ბრიტანული და ამერიკული ვაქცინების უსაფრთხოება ეჭვქვეშაა დაყენებული. მოცემული სტატიაც რუსული პროპაგანდის კლასიკური მაგალითია - ის რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას ამტკიცებს იმის მიუხედავად, რომ მას ჯერ მესამე და ყველაზე მასშტაბური ეტაპი არ გაუვლია. ამ ეტაპის გავლის გარეშე კი ვაქცინის უსაფრთხოების მტკიცება უსაფუძვლოა.
რუსული ვაქცინის პროპაგანდირებას ემსახურება „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით გამოქვეყნებული კიდევ ერთი სტატია, სადაც „სპუტნიკი“ წერს, რომ „კლინიკური გამოცდებისას პრეპარატმა კვლევის მონაწილეების 100 პროცენტს ჩამოუყალიბა მდგრადი ჰუმორალური და უჯრედული იმუნური პასუხი და ამავდროულად არ გამოუწვევია არანაირი არასასურველი რეაქცია არც ერთი კრიტერიუმით“. თუმცა, რეალურად, ჯერჯერობით მსოფლიოში კორონავირუსის 100%-ით მოქმედი ვაქცინა არ არსებობს და ყველა ვაქცინა (გარდა რუსულისა, რადგან მან მესამე ფაზის კვლევა გამოტოვა) ტესტირების ეტაპზეა.
გარდა ამისა, რუსული ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის და ასევე რუსეთის „პირველობის“ საჩვენებლად „სპუტნიკი“ რუსული ვაქცინის ექსპორტზეც საუბრობს. მაგალითად, „სპუტნიკი“ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით წერს:
- „რუსეთმა უკვე ოცზე მეტი ქვეყნის განაცხადი მიიღო კორონავირუსული ვაქცინის ჯამში მილიარდი დოზის შეძენაზე",
- „რუსეთმა უკვე მოილაპარაკა ვაქცინის წარმოების შესახებ ხუთ ქვეყანასთან, რომლებსაც არსებული სიმძლავრეები საშუალებას აძლევს წელიწადში 500 მილიონი დოზა გამოუშვან",
- „ვენესუელა COVID-19-ის რუსულ ვაქცინას სექტემბერში მიიღებს“ და „ვენესუელის პრეზიდენტი აპირებს ცესკოსთან ერთად განიხილოს არჩევნებში მონაწილე დაახლოებით 15 ათასამდე კანდიდატის ვაქცინაციის საკითხი".
წყაროს შესახებ
damoukidebloba.com-ის ანგარიშის მიხედვით, „სპუტნიკი“ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ის მსოფლიოს მასშტაბით 2014 წლიდან ფუნქციონირებს. „სპუტნიკი“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია, ხოლო მისი ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვია. „სპუტნიკი“ სხვადასხვა ქვეყნიდან მართავს საკუთარ საიტს და ადგილობრივი რადიოსადგურებიდან მაუწყებლობს. „სპუტნიკის“ ოფისში განთავსებულია "Россия сегодня"-ს (ყოფილი რია ნოვისტის) პრესცენტრიც. აღნიშნულ პრესცენტრში პრესკონფერენციები ჩაატარეს „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ“ (რევაზ გოგიძე და გენერალი ტრისტან წითელაშვილი), „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“, „ევრაზიის ინსტიტუტის“ თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, რომელიც ამჟამად „ნიუსფრონტის“ რედაქტორია და სხვებმა.
საქართველოში „სპუტნიკის“ სამი რედაქციაა: სპუტნიკ-საქართველო, სპუტნიკ-აფხაზეთი და სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთი.