მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, არჩევნების ჩატარების საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. მიმდინარე წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 70-ზე მეტი ეროვნული არჩევნები, 100-ზე მეტი ადგილობრივი არჩევნები და 7 რეფერენდუმი იყო დაგეგმილი, რომელთა გამართვაც კორონავირუსის პანდემიამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე, 70-ზე მეტმა ქვეყანამ ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნების/რეფერენდუმის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით 60-მა ქვეყანამ კი, პანდემიის მიუხედავად, არჩევნები მაინც ჩაატარა.

ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც სირთულეები შეუქმნა. ბოლო პერიოდში, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ „არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება“.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 1-ელ სექტემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო, რომელიც კენჭისყრის დღემდე საარჩევნო კომისიებისთვის დაქვემდებარებულ შენობებში შესვლა-გამოსვლის, ყოფნისა და გადაადგილების სანიტარიულ-ჰიგიენური წესებს განსაზღვრავს. დადგენილების მიხედვით, შენობის შესასვლელთან, პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს. ცხელების - 37°С ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში) ექვემდებარება. განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, პირი საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში არ დაიშვება. საარჩევნო კომისიების შენობებში სამუშაო მაგიდებისა და სხვა ინვენტარის ზედაპირები სადეზინფექციო საშუალებებით უნდა დამუშავდეს. შენობების ბუნებრივი ვენტილაცია დღეში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს. საარჩევნო კომისიის შენობაში მყოფი ნებისმიერი პირი ვალდებულია ჰიგიენის წესები, სოციალური დისტანცია დაიცვას, ატაროს პირბადე და ა.შ.

COVID-19-ის პირობებში კენჭისყრის დღის პროტოკოლი

რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს, 18 სექტემბერს ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი გამოაქვეყნა. პროტოკოლის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო (სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი) ხელის დასამუშავებელი ხსნარი უნდა განთავსდეს. საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული. კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით, დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ უნდა განხორციელდეს. პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, კენჭისყრის შენობების ბუნებრივი ვენტილაცია უნდა მოხდეს. კენჭისყრის შენობაში გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი უნდა განთავსდეს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში პირბადით, სახის დამცავი ფარით, ხელთათმანებით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით უნდა იყვნენ აღჭურვილნი.

მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩდნენ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება შეძლონ.

პროტოკოლის მიხედვით, ფარული კენჭისყრის კაბინების დიზაინიც შეიცვალა. ყველა ამომრჩეველს კაბინის ფარდასთან შეხება უწევს, რაც ეპიდემიის შესაძლო გავრცელების რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე, კაბინებს ფარდები არ ექნებათ. კაბინის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი იქნება და გახსნილი მხარე მიმართული იქნება შენობის კედლისკენ იმგვარად, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, ტემპერატურის დაფიქსირების მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ შეეზღუდებათ. ამასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ „მათ ძალიან მცირე ხნით უწევთ კონტაქტი კენჭისყრის მიზნებისთვის. 15 წუთზე ნაკლები იქნება კონტაქტი, რაც არაა სარისკო კონტაქტი საერთაშორისო სტანდარტით“. საარჩევნო უბნებზე მოქალაქე, მხოლოდ პირბადით დაიშვება. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს საკუთარი ნიღაბი არ ექნება, მას ადგილზე შესთავაზებენ.

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, ასევე, რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ მოქალაქის ვინაობის შემოწმების დროს, ამომრჩეველი ვალდებულია, პირბადე დროებით მოიხსნას. პირბადის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, ამომრჩეველი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში და/ან მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა. პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება უჭირს და ეს, სამედიცინო/ექიმის ცნობით დასტურდება. უსაფრთხოების მიზნით ამომრჩეველს ერთჯერადი კალამი გადაეცემა, რომელსაც, როგორც რეგისტრაციის გავლისას, ასევე, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას გამოიყენებს. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმებისთვის კონტეინერი უნდა განთავსდეს, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, გამოყენებული კალმისტარი უნდა მოათავსოს.

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა უნდა უზრუნველყოს. თვალყური ადევნოს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან, არ დაუშვას სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლა დროებით შეაჩეროს.

პროტოკოლის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელში, ყველა პირს (ამომრჩევლების გარდა) თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში) ექვემდებარება. განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. ცხელების დაფიქსირების გამო, თუ კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა, პარტიას, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, მის ნაცვლად საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი ან წარმომადგენელი დაუყონებლივ დანიშნოს. კომისიის წევრისთვის ცხელების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყონებლივ უნდა აცნობოს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ – საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშნავ პარტიას.

საერთო ჯამში, მიღებული პროტოკოლი მართალია, ინფექციისგან თავის დასაცავად მისაღებია, თუმცა, რიგი რეგულაციები შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს. მაგალითად, ღია კენჭისყრის კაბინებმა ამომრჩეველს შესაძლოა, დისკომფორტი შეუქმნას. აღნიშნული კაბინები შეიცავს რისკს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეეცდება, ხმის მიცემის პროცესში, ამომრჩეველზე ზეგავლენა მოახდინოს. ამდენად, უმნიშვნელოვანესია, რომ კომისიებმა/ცესკომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს ამ ნაწილში და ფარული კენჭისყრის სრულად დაცულობა უზრუნველყოს.

Covid-19-ით ინფიცირებულთა და საკარანტინო სივრცეში მყოფი ამომრჩევლები - სად და როგორ მისცემენ ხმას?

შექმნილ ვითარებაში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების რეალიზების შესაძლებლობა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ ცესკოს ინფორმაცია გადასცეს. მიწოდებული ინფორმაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას.

ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა, ცესკოს იმ პირთა სია გადასცეს, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში და სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში იქნებიან განთავსებულნი. აღნიშნულის საფუძველზე, ცესკო სპეციალურ სიებს ამტკიცებს. სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით ან საკარანტინო/სტაციონარულ სამედიცინო ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე აძლევს. ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა წარადგინოს, რომლითაც მის მიერ საკარანტინო ან სამედიცინო დაწესებულების დატოვება დასტურდება. კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ:

• საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში.

• საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული.

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.

• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული.

• მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული.

საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესების მიუხედავად, მთელი რიგი საკითხები კვლავაც გაურკვეველი რჩება. კერძოდ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის რეგისტრაციის მისამართი და იმ საკარანტინო სივრცის/ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობა, რომელშიც მოქალაქე იმყოფება, ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში არაა განთავსებული. ასევე, გაურკვეველია, საკარანტინო და სამკურნალო დაწესებულებებში ჩატარებული არჩევნების შედეგების დათვლა როგორ მოხდება. „ფაქტ-მეტრმა“ ამ კითხვებით ცესკოს მიმართა, თუმცა, როგორც ცესკოში განგვიცხადეს, აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტული წესები ჯერ განსაზღვრული არ არის და მუშაობა მიმდინარეობს.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები

ხმის მიცემის სპეციალურ პროცედურებთან ერთად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებისთვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩამოსვლა უმნიშვნელოვანესია. 2020 წლის 3 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც კოვიდთან დაკავშირებით პანდემიის პირობებში უზრუნველყოფს ქვეყანაში დამკვირვებელთა უსაფრთხოდ ჩამოსვლას და მათ უსაფრთხო საქმიანობას დაუყონებლივ, ჩამოსვლისთანავე, ანუ მათ არ მოუწევთ კარანტინში განთავსება. ამისთვის მთავრობას უკვე მზად აქვს სპეციალური პროტოკოლი“.

31 აგვისტოს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით, განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ PCR-ტესტირება და მათ ხელისუფლება განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს. მათ შორის, შეიძლება ორგანიზება სპეციალურ ფრენებს გაუკეთდეს, რათა დამკვირვებლებს საქართველოში ჩამოსვლა გაუადვილდეთ. „ფაქტ-მეტრი“აღნიშნული პროტოკოლით დაინტერესდა, თუმცა, როგორც მთავრობის ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, პროტოკოლზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე, იგი ხელმისაწვდომი არ არის.

3 სექტემბერს, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის არ გამოგზავნოს. მიუხედავად ამისა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გეგმავს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები ყურადღებით შეისწავლოს. NDI არჩევნებზე დაკვირვებას გააგრძელებს და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისგან“ განსხვავებით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. იგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად, ცესკოში უკვე დარეგისტრირდა.

საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (OSCE/ODIHR). გავრცელებული განცხადების მიხედვით, OSCE/ODIHR 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნას გეგმავს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან, როგორც წინა საარჩევნო გარემოს, ასევე არჩევნების დღეს წარმართულ პროცესებს.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეუთოს მისიის ფარგლებში გერმანია საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებელთა ჯგუფს გამოგზავნის. 2020 წლის არჩევნებზე სადამკვირვებლო ჯგუფები საქართველოში მოქმედ ამერიკის საელჩოსაც ეყოლება, ამის შესახებ ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. 2020 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ცესკოში, 53 ადგილობრივი და 6 საერთაშორისო (IRI, ISHR, IFES, SILBA, NDI და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში") ორგანიზაციაა რეგისტრირებული. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (21 ოქტომბერი), ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა (24 ოქტომბერი).

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მოსამზადებელი პერიოდი, საკმაოდ შენელებულად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება და ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტად გაწერილი წესები, მაგალითად, თუ როგორ შეძლებენ საკარანტინო/ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული მოქალაქეები ხმის მიცემას და სპეციალურ სივრცეებში ჩატარებული არჩევნების შედეგების დათვლა როგორ მოხდება. ასევე, ჯერ კიდევ გაურკვეველია, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ზუსტად რა პროცედურების გავლა მოუწევთ. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი პროტოკოლი მიღება დააჩქაროს, რომელიც ყველა ამომრჩევლის საარჩევნო ხმის უფლების რეალიზებას უზრუნველყოფს და ეპიდემიის, კიდევ უფრო გავრცელების პრევენციას მოახდენს.

ქვემოთ პანდემიის ფონზე, სხვადასხვა ქვეყნის მიერ ჩატარებული არჩევნების, მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

ისრაელი

2020 წლის 3 მარტს, ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის დღისთვის ვირუსის შედეგად დაინფიცირებულთა რაოდენობა 12 ადამიანს შეადგენდა და 5000-ზე მეტი ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა. პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მაინც ჩატარდა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ისრაელმა სპეციალურ ზომებს მიმართა. კარანტინში მყოფი პირებისთვის ცალკე სპეციალური 16 საარჩევნო უბანი გაიხსნა. კარანტინში მყოფი ამომრჩევლები სპეციალურ საარჩევნო უბანზე თავიანთი მანქანით მიდიოდნენ, სადაც მათ დამცავ ეკიპირებას და ერთჯერად კალამს აძლევდნენ. ასეთ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლები ცალკე იყვნენ განთავსებულნი. სპეციალურ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცედურაც განცალკევებულად ჩატარდა. კორონავირუსის ფონზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო (71.52%). ისრაელმა ახალი პარლამენტის დაკომპლექტება და დამტკიცება მაინც შეძლო.

სამხრეთ კორეა

მიუხედავად პანდემიის გავრცელებისა, 15 აპრილს, სამხრეთ კორეაში ეროვნული ასამბლეის არჩევნები მაინც გაიმართა. კენჭისყრის დღისთვის ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 225 ადამიანს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა 10,591 ადამიანს შეადგენდა. სამხრეთ კორეამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 თებერვალს გამოაცხადა. საარჩევნო კამპანია სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით შეჩერდა და საპროტესტო აქციები ასევე გაუქმდა. მაგრამ პარტიებს წვდომა სოციალურ მედიასა და მობილურ აპლიკაციებზე, ასევე ტრადიციულ მედიაზე ჰქონდათ.

არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიამ ვადამდელი ხმის მიცემა და ხმის მიცემა ფოსტის საშუალებით განიხილა. გაუქმდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიცემა. პიროვნული კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო უბნებზე სპეციალური ნიღბების ტარება და ერთმეტრიანი დისტანცია დაწესდა. უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ტემპერატურას უზომავდნენ, ხელების დეზინფექციას უტარებდნენ, რეზინის ხელთათმანებს აძლევდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ საარჩევნო ბიულეტენს. იმ შემთხვევაში, თუ უბანზე მისულ ამომრჩეველს ტემპერატურა 37.5 გრადუსზე მაღალი დაფიქსირდებოდა, ის ხმის მისაცემად ცალკე, სხვა ადამიანებისაგან მოშორებით გაჰყავდათ. კორონავირუსის ფონზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო (66%).

გერმანია

ქალაქ ბავარიაში 15 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო 29 მარტს არჩევნების მეორე ტური, მაინც გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების ფონზე, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამომრჩევლებს სთხოვდნენ ადვილად ხელმისაწვდომი საფოსტო ბიულეტენები გამოეყენებინათ, რათა საარჩევნო უბნებზე ხალხის მასობრივი შეკრება არ მომხდარიყო. ფოსტით ხმის მიცემამ წარმატებულად იმუშავა. საფოსტო ბიულეტენები უფრო მეტმა პირმა გამოიყენა, ვიდრე ხუთი წლის წინ თვითმმართველობის არჩევნებზე. საარჩევნო მოხელეები დამცავი ხელთათმანებით ნიღბებითა და სადეზინფექციო სითხეებით იყვნენ აღჭურვილნი. ამომრჩეველს უფლება მისცეს, ხმის მისაცემად საკუთარი კალმები მიეტანათ.

ხორვატია

თავდაპირველად, ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის გვიან შემოდგომით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შემოდგომით ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღას ელოდებოდნენ, ხორვატიის პრეზიდენტმა არჩევნების 2020 წლის ზაფხულში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები 2020 წლის 5 ივლისს გაიმართა. არჩევნების დღისთვის, ხორვატიაში 3151 ინფიცირებული იყო. ხორვატიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სპეციალური წესები შეიმუშავა. საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე დამცავი ნიღბებით და ხელთათმანებით იყვნენ აღჭურვილნი. საარჩევნო უბნებზე საპონი, სადეზინფექციო ხსნარი და ერთჯერადი ხელსაწმენდები იყო ხელმისაწვდომი. საარჩევნო კომისიის წევრებსა და ამომრჩევლებს შორის 1.5 მეტრიანი დისტანცია იყო დაცული. გადასატანი ყუთის თანმხლები კომისიის წევრები პირბადეებით, სახის ფარებით და ხელთათმანებით იყვნენ ეკიპირებულნი, რომელთა დეზინფექციაც თითოეული ვიზიტის შემდგომ ხდებოდა, ამასთან კომისიის წევრები ყველი ათი ვიზიტის შემდგომ იცვლებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები

2020 წლის 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 2020 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 2.5 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა არჩევნების ჩასატარებლად რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია, თუ ამომრჩეველს ხმის მიცემის შესაძლებლობა დროის გრძელვადიან პერიოდში და ხმის მიცემის სხვადასხვა საშუალებების (ხმის მიცემა ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით) გამოყენებით ექნებათ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ დამცავი აღჭურვილობა (ნიღაბი, ხელთათმანი, სახის დამცავი ფარი, სადეზინფექციო ხსნარი და ა.შ), დაიცვან სოციალური დისტანცია, გაანიავონ საარჩევნო უბნები და საერთო მოხმარების საგნებს ხშირი დეზინფექცია ჩაუტარონ. ასევე, შესაძლო ხალხმრავლობის შესამცირებლად, საარჩევნო უბნების რიცხვი და საარჩევნო უბნების მუშაობის საათები გაზარდონ. ზემოხსენებული რეკომენდაციების ნაწილი ამომრჩევლებზეც ვრცელდება. ამასთან, ამომრჩეველთათვის რეკომენდირებულია, რომ ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის შესაძლებლობა გამოიყენონ, საარჩევნო უბანზე მისვლამდე საკუთარი ჯანმრთელობა შეიმოწმონ, ხოლო უბანზე სოციალური დისტანცია და ჰიგიენის სხვა რეკომენდაციები დაიცვან.

თეგები: