საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევა (2019 წლის) გამოაქვეყნა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 24 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 223.4 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.7%-ით აღემატება. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე 2.52 მლნ მოსახლე (67.7%) იყო მიერთებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 2.8 %-ით სჭარბობს.

2019 წელს წყალარინებზე (საკანალიზაციო ქსელზე) მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა და 1.8 მლნ (49.4%) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა 1.3%-ით გაიზარდა და 1.36 მლნ (36.5%) გახდა.

გრაფიკი 1: 2015-2019 წლებში წყალმომარაგების, წყალარინების სისტემაზე და ჩამდინარე წყლის ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლიდან 2019 წლამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, შესაბამისად, წელიწადში საშუალოდ წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 1.6%-ით იზრდებოდა.

რაც შეეხება წყალარინების ქსელზე (საკანალიზაციო სისტემაზე) მიერთებული მოსახლეობის რაოდენობას, 2015 წლიდან 5.2 პროცენტით გაიზარდა, რაც წელიწადში 1.04 პროცენტიანი ზრდაა. ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა 4.4 პროცენტით, წელიწადში საშუალოდ 0.88%-ით გაიზარდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლიდან, წყალმომარაგების პროექტების ბიუჯეტი მზარდია და ყოველწლიურად დასახელებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის ბოლო პერიოდის (2015 წლიდან) ათვისება ყოველწლიურად თითქმის 90%-ს აჭარბებს (იხილეთ: სტატია). თუმცა, ბიუჯეტის შესრულების პარალელურად, არსებობს გაჭიანურებული და წლობით დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობს და გარდა იმისა, რომ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, პროექტის დასრულების ვადების დარღვევის გამო, სასესხო ხელშეკრულებების მომსახურება ბიუჯეტის ხარჯებს ზრდის. ამის მაგალითია, ფოთის წყალარინების პროექტი (იხილეთ: სტატია), რომელიც 2016 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ წყალმომარაგების პროგრამების მზარდი დაფინანსების მიუხედავად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით კი მოსახლეობის მხოლოდ 49.4% სარგებლობს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

თეგები: