რეზიუმე: საქსტატის 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სამუშაო ძალა 93.3 ათასით შემცირდა. სამუშაო ძალა ეს არის ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობა, ანუ დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ჯამური რაოდენობა. სამუშაო ძალა 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში აღნიშნული მონაცემი 106.8 ათასით შემცირდა. სამუშაო ძალის შემცირების ძირითადი მიზეზი ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია“, ანუ ის ადამიანები, რომლებიც სამსახურის დიდი ხნის განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდგომ საერთოდ თავს ანებებენ მის ძებნას და ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან, ანუ ტოვებენ სამუშაო ძალას.
2016 წლიდან ქვეყანაში უმუშევრობის დონე მხოლოდ სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე მცირდება. 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.
ანალიზი
პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, გადაცემაში „ბარიერი“, განაცხადა: „100 000-ით არის შემცირებული ქვეყანაში სამუშაო ძალა“.
სამუშაო ძალა ეს არის ეკონომიკურად აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობა, ანუ დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ჯამური რაოდენობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ეს ადამიანები ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია“. ისინი სამსახურს აღარ ეძებენ და უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა, დასაქმებულები არ არიან. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება.
საქსტატის მონაცემებით, 2016 წლიდან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაოს მაძიებელი და დასაქმებული ადამიანების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 106.8 ათასით შემცირდა. 2012 წელთან შედარებით კი, სამუშაო ძალა 93.3 ათასით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2016-2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.
გრაფიკი 1. დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკა 2012-2019 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე უმუშევართა „შემცირების“ ხარჯზე, მხოლოდ ტექნიკური მიზეზით, დასაქმების ზრდის გარეშე მცირდება. უმუშევრობის შემცირება დადებითი მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ის დასაქმების ხარჯზე მიიღწევა.