აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები სამი მოსმენით დაამტკიცა. თუმცა რეგიონის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ის პროექტი განიხილა და დაამტკიცა, რომელსაც საყოველთაო-სახალხო განხილვა არ გაუვლია.
აჭარის ა/რ კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ახალი რედაქციით, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 21 დეპუტატისგან შედგება. თუმცა გარდამავალი დებულების სახით, ჩაიწერა, რომ 2020 წლის არჩევნები უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც 21 მანდატიდან 85%-ზე მეტის (18 მანდატი) პროპორციული და 15%-ზე ნაკლების (3 მანდატი) მაჟორიტარული წესით განაწილებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-5 თავში აჭარის ა/რ კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესია გაწერილი. კერძოდ, 28-ე მუხლში ნათქვამია, რომ კანონის პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება, რომელიც მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის აქვეყნებს. უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ იწყება. კონსტიტუციის ცვლილებების ლეგიტიმაციის წყაროს სწორედ საყოველთაო-სახალხო განხილვა წარმოადგენს, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 109-ე მუხლით რეგულირდება. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, აჭარის ა/რ კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მართავს შეხვედრებს.
2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შვიდი შეხვედრა გაიმართა, აქედან ექვსი - აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და ერთი - პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ შეხვედრებზე განსახილველად გამოტანილი იყო პროექტები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. თუმცა განხილვის საგანი იყო არა ის ცვლილება, რომელიც აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 5 ივლისს თხუთმეტი ხმით დაამტკიცა, არამედ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება.
ამ შეხვედრების შემაჯამებელ ოქმში წერია, რომ განიხილება 2020 წლიდან აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება, ე. წ., ბუნებრივი ბარიერის (პარლამენტში ესაა 1/150, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში - 1/21) პირობებში, ისევე, როგორც - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა.
შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საზოგადოების დაკვეთაა და შესაბამისად, ოპოზიცია და უმრავლესობა ამ კონსენსუსამდე უნდა მივიდეს. მაშინ გია აბულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია წარმოდგენილ პროექტებს მხარს დაუჭერს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ, საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ, პროექტი შეცვალა და მასში გარდამავალი დებულება ჩაამატა, რომლის შესახებაც განხილვა არ გამართულა. ამ საკითხზე კომენტარისას უმრავლესობის მხრიდან არგუმენტი გაჟღერდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების მსგავსად ჩატარება, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა, თავის დროზე, ოპონენტების მოთხოვნა იყო და მათ ეს გაითვალისწინეს. სწორედ ოპოზიციის წერილზე მიუთითა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემაც: „[სხდომაზე] გაგვაქვს ის საკითხი, რისი განხილვაც მოხდა მოსახლეობასთან. კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომ ის თანხვედრაში ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემასთან. აქედან გამომდინარე, თუკი ოდესმე კიდევ ვინმე გვკითხავს გაოცებული სახით, განსაკუთრებით ეს ჩვენ ოპონენტებს შეეხება, საიდან 18/3 [18 პროპორციული და 3 მაჟორიტარული წესით არჩეული] და რატომ არა სხვა, ეს მათი წერილიდან გამომდინარეობს“.
უმრავლესობის ეს არგუმენტი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრის, გია აბულაძისთვის მიუღებელია. „ფაქტ-მეტრისთვის“ გაკეთებულ კომენტარში ის განმარტავს: „ჩვენ რაც მივწერეთ, იქ არ წერია, რომ პარლამენტის მსგავსი კანონი მიღებულიყო. უბრალოდ ეწერა, რომ პარლამენტი გადადის პროპორციულზე და უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც პროპორციულად ჩავატაროთო, ანუ მოთხოვნა პროპორციული [საარჩევნო სისტემა] იყო და არა პარლამენტის მსგავსი სისტემა. აჭარას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს განსხვავებული სისტემა. საკონსტიტუციო ცვლილებები არის ყველაზე მაღალი იერარქიის კანონის ცვლილება და სწორედ ამიტომ არის გათვალისწინებული იმპერატიულად მოსახლეობის ჩართულობა მის განხილვაში“.
საბოლოოდ, აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში 2020 წლის 1 ივლისს პირველი მოსმენა გაიმართა და თხუთმეტმა წევრმა კანონში აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას ხელი აუწია. მეორე და მესამე მოსმენებზე იგივე განმეორდა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას მხარს არ უჭერდა და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობიდან“ გია დიასამიძემ განმარტა, რომ 2019 წელს საყოველთაო განხილვაზე მოსახლეობას კანონმდებლებმა აჭარის ა/რ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ის პროექტი წარუდგინეს, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნება“ სულ სხვა მოდელს განიხილავს, რაც ნიშნავს, რომ მან პირობა დაარღვია და ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ენმ-ის წევრები ბოიკოტის კიდევ ერთ მიზეზად 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობას ასახელებენ (საუბარია გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ის პოლიტპატიმარია და სხვა დაკავებულებთან ერთად უნდა გაეთავისუფლებინათ).
უკვე გადაწყვეტილია, რომ, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები სრულიად პროპორციული წესით 2024 წელს ჩატარდება და არა 2020 წელს, როგორც ეს საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს მოსახლეობას შესთავაზეს. იმ შეხვედრებიდან ერთ წელზე ნაკლები გავიდა. მოსახლეობისთვის განსახილველად წარდგენილი პროექტები შეიცვალა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხმა კიდევ ოთხი წლით დააგვიანა. ახლა ოპოზიცია ამბობს, რომ უმრავლესობამ მოსახლეობა მოატყუა, რადგან პრინციპულად განსხვავებული პროექტი დაამტკიცა.
ცვლილებას მხარი დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემაც დაუჭირა, რომელიც უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდა და რამდენიმე თვის წინ, პარტია დატოვა. „ჩვენ ვართ ერთიანი საქართველო და არ შეიძლება იმ პრეცედენტის დაშვება, რომ აჭარაში ჩატარდეს სრულად პროპორციული და საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს შერეული წესით. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, ეს არის ახირება“, - ასე დაასაბუთა მერაბ ბლადაძემ მედიასთან თავისი გადაწყვეტილება. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კი ოპოზიციის არგუმენტებს „ყურით მოთრეული მიზეზები“ უწოდა და აღნიშნა, რომ მათი ქმედება საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დავით გაბაიძის განცხადებით, უმრავლესობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილება კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ შეაფასა: „ყველაზე მთავარი იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ეს უკავშირდება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. საყოველთაო განხილვის გარეშე შეუძლებელია ცვლილებების მიღება. უმრავლესობას სწორედ ის კანონპროექტი უნდა მიეღო, რომელიც განიხილა მოსახლეობასთან და შეთანხმებული იყო ოპოზიციასთან“. მალხაზ ნაკაშიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როგორიც 2017 წელს საქართველოს პარლამენტში, როცა კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტი აირჩევა სრულად პროპორციული სისტემით, მაგრამ გარდამავალი დებულების სახით ჩაწერეს, რომ ეს ამოქმედდება არა 2020 წელს, არამედ - 2024 წელს. „კანონის ძირითად ტექსტში ჩაიწერა, რომ სრულად პროპორციული სისტემით აირჩევა უმაღლესი საბჭო, გარდამავალი დებულებით, 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ეს არის გარკვეული ფანდი. ეს არ არის უმნიშვნელო შესწორება, ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. გარდამავალი დებულება კონსტიტუციის შემადგენელი ნაწილია“, - განმარტა კონსტიტუციონალისტმა. ის უმრავლესობის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურობის საკითხი დადგეს.
კონსტიტუციური კანონის პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება და დამტკიცებისთანავე შევა ძალაში.
კანონპროექტის პროცედურების იგნორირებით მიღების გარდა, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებულ ცვლილებებს რეგიონის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე იმეორებს.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში თქვა, რომ დავუშვათ თბილისში „ამბოხებულმა მაჟორიტარებმა“ იგნორირება გაუკეთეს თუნდაც გაეროში ნათქვამ სიტყვას პროპორციული არჩევნების შესახებ, მაგრამ ბათუმში, აჭარაში ასეთი რამ არ მომხდარა. „არც ერთი კაცი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებიდან არ გვინახავს, რომელიც აპროტესტებდა და ამბობდა, რომ არ გვინდა პროპორციული“, - ამბობს ჩავლეიშვილი.