რეზიუმე: ვალზე მსჯელობისას, რელევანტური ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, ძალიან დიდი იყოს, როდესაც საქმე მცირე ეკონომიკასთან გვაქვს. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის გაანალიზებაა მიღებული. სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი, 2020 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით 1.32-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული.
სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 2.8-ჯერ, დაახლოებით 15 მლრდ ლარით არის გაზრდილი. აქვე ბოლო წლებში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც გასათვალისწინებელია, რასაც ვალის ლარში გამოსახულ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თავის მხრივ, 2014 წლის ბოლოდან დაწყებული კურსის მერყეობა, რამაც ლარში გამოსახული ვალის ზრდა გამოიწვია, ძირითადად განაპირობა ფაქტორებმა, რომლებზე ზემოქმედების შესაძლებლობას ხელისუფლება მოკლებული იყო, თუმცა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ, კურსის შემცირებაზე, ცალსახად დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია. დოლარში გამოსახული საგარეო ვალი ამ პერიოდში 1.4-ჯერ, 4.3 მლრდ აშშ დოლარიდან 6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ვალუტის კურსის მერყეობის გამო, ლარში გამოსახული მაჩვენებელი 2.6-ჯერ, 7.2 მლრდ ლარიდან 19 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
პოლიტიკოსი უშუალოდ რიცხვებს თითქმის ზუსტად ასახელებს, თუმცა ანგარიშს არ უწევს განსხვავების განმაპირობებელ მნიშვნელოვან ფაქტორს (ვალუტის კურსის ცვლილება), რომლის გათვალისწინებასაც შესაძლებელია, სხვა შთაბეჭდილება მოეხდინა. ამავდროულად მოცემული მაჩვენებელის განხილვის მიღებული ფორმა უგულებელყოფილია, კერძოდ, ყურადღება აბსოლუტურ და არა ფარდობით მაჩვენებელზეა გამახვილებული, რაც ზრდის მასშტაბს გადაჭარბებულად წარმოაჩენს, ვიდრე სინამდვილეში არის.
ანალიზი
„პალიტრანიუსის“ ტოქშოუ „360 გრადუსში“ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა (46: 05): „2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, საგარეო ვალი იყო დაახლოებით 7-8 მლრდ ლარი. დღეს გვაქ 23 მლრდ ლარი. 15 მლრდ ლარი რა ეტყობა ამ ქვეყანას“?
სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. სტატიაში მთლიანი სახელმწიფო ვალია განხილული, რომელიც სამთავრობო და საქართველოს ეროვნული ბანკის ვალის ჯამურ მაჩვენებელს მოიცავს, სახელმწიფო და სამთავრობო ვალი აღნიშნულ პერიოდში მსგავსი დინამიკით ხასიათდებოდა. აგრეთვე, მოცემულ ანალიზში არ შედის ე.წ ისტორიული ვალი 672 მლნ ლარი, რომლის განხილვაც ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს და დინამიკაში განსხვავებას არ იძლევა.
გრაფიკი 2: სამთავრობო ვალის დინამიკა 2012-2020 წლებში (მ ლნ ლარი, მშპ-ს%)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
აღსანიშნავია რომ ვალზე მსჯელობისას, რელევანტური ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი, 2020 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით 1.3-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული.
სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 2.8-ჯერ, დაახლოებით 15 მლრდ ლარით არის გაზრდილი. ბოლო წლებში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც არის გასათვალისწინებელი, რასაც ვალის ლარში გამოსახულ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თავის მხრივ, 2014 წლის ბოლოდან დაწყებული კურსის მერყეობა, რამაც ლარში გამოსახული ვალის ზრდა გამოიწვია, ძირითადად განაპირობა ფაქტორებმა, რომლებზე ზემოქმედების შესაძლებლობას ხელისუფლება მოკლებული იყო, თუმცა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ, კურსის შემცირებაზე, ცალსახად დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია.
2012 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ვალის ნაშთის საკურსო ცვლილების ეფექტის გამორიცხვით, მშპ-ს ზრდის ტემპის გათვალისწინებით გაიზრდებოდა შიდა ვალის ფარდობა მშპ-სთან, თუმცა გარკვეულწილად საგარეო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდებოდა. დოლარში გამოსახული საგარეო ვალი ამ პერიოდში 1.4-ჯერ, 4.3 მლრდ აშშ დოლარიდან 6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ვალუტის კურსის მერყეობის გამო, ლარში გამოსახული მაჩვენებელი 2.6-ჯერ, 7.2 მლრდ ლარიდან 19 მლრდ ლარამდე გაიზარდა. სხვანაირად რომ ითქვას, 2013 წლიდან ხელისუფლებას რომც არ აეღო იმაზე მეტი ვალი (შემომავალი ნაკადი), ვიდრე დაფარავდა (გამავალი ნაკადი), ვალის ლარში გამოხატული მნიშვნელობა მაინც გაიზრდებოდა. შესაბამისად, ვალის ზრდა დიდწილად აკუმულირებული ნაშთის გაზრდილი კურსით გადაანგარიშებამ გამოიწვია.