რეზიუმე: თინა ბოკუჩავა განცხადებისას მსოფლიო ბანკის კვლევას ეყრდნობა, რაც 2010-2014 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას შეეხება. აღნიშნული კვლევის თანახმად, 2014 წელს საქართველოში უკიდურესი სიღარიბის დონე 32.3%-ს, ზომიერი სიღარიბის მაჩვენებელი კი 37%-ს შეადგენდა. განცხადების ავტორი სწორედ ამ მაჩვენებლებს აჯამებს, რაც 69%-ია. თუმცა, სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად 2014 წლის მონაცემების მოყვანა არარელევანტურია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების პირველ ნაწილ აფასებს, როგორც მანიპულირებას.
2019 წლის მონაცემებით, „შიმშილის გლობალურ ინდექსში“ საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. საქართველო ამ მაჩვენებლით ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს. თინა ბოკუჩავას განცხადება შიმშილის ინდექსთან დაკავშირებით არაა ბოლომდე ზუსტი და ის მეტწილად სიმართლეს შეესაბამება.
ანალიზი
29 მაისს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში და შიმშილობის ინდექსით საქართველო რეგიონში არის პირველი“.
2016 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლებზე სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2010-2014 წლების მონაცემებს ასახავს. თინა ბოკუჩავა განცხადებისას 2014 წლის მონაცემებს ეყრდნობა, რაც სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებული დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად არარელევანტურია.
მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის თანახმად, სიღარიბის განსაზღვრა მოსახლეობის დანახარჯების მიხედვით ხდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როცა ადამიანი საკუთარ თავზე დღიურად 2.5 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ამავე კვლევაში არის სიღარიბის სხვა კლასიფიკაციაც, ზომიერ სიღარიბედ (moderate poor) მიიჩნევა, თუ ერთი ადამიანის ყოველდღიური მოხმარება 2.5-დან 5-დოლარამდეა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, 2011-2014 წლებში, საქართველოში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს საქართველოში უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის 46.7% იყო, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 32.3%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში ზომიერი სიღარიბის მაჩვენებელი 34%-დან 37%-მდე გაიზარდა.
განცხადების ავტორი სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, უკიდურესი სიღარიბის და ზომიერი სიღარიბის მაჩვენებლებს აჯამებს, რაც 69%-ია. აქვე აღსანიშნავია, რომ უკიდურესი და ზომიერი სიღარიბის ჯამური მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წელს 78%-ს შეადგენდა.
რადგანაც მსოფლიო ბანკს ანალოგიური კვლევა შემდგომ არ ჩაუტარებია, ვერ ვიტყვით 2014 წლის შემდეგ რამდენად შემცირდა ეს მაჩვენებელი. თუმცა მსოფლიო ბანკის სხვა მონაცემებით, რომელიც თავის მხრივ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა, 2014 წელთან შედარებით სიღარიბის დონე შემცირებულია. 2019 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა 19.5% შეადგინა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 23.5% იყო.
თინა ბოკუჩავა ასევე შიმშილის ინდექსზე საუბრობს. 2019 წლის მონაცემებით, „შიმშილის გლობალურ ინდექსში“ საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. შიმშილის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელ, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, გაუარესებულია. შიმშილის ინდექსში საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
შიმშილის ინდექსი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დგინდება: მოსახლეობის არასრულფასოვანი კვება, 5 წლამდე ბავშვთა შიმშილი/წონის დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა 5 წლამდე ბავშვებში და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა.