COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოსა და მსოფლიოში არაერთი სახის დეზინფორმაცია ვრცელდება. შეთქმულების თეორიების მიხედვით, ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2, შესაძლოა, მილიარდერების, მასონების ან რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მიზნით იყოს შექმნილი. დეზინფორმაციის ნაწილი COVID - 19-ის გავრცელებას 5G ტექნოლოგიას უკავშირებს. ამასთან, ყალბი ამბების მიხედვით, COVID - 19-ის გარშემო მსოფლიოში ატეხილი პანიკა ხელოვნურია და, რეალურად, საფრთხე არ არსებობს, ან მისი შეფასება გადაჭარბებულია. სწორედ ამ უკანასკნელს მიეკუთვნება Facebook-ჯგუფ „STOP 5G GEORGIA!!!“-ში, სადაც 22 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, წინა წელთან შედარებით, წელს იტალიაში 20 ათასით ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა.
Facebook-პოსტის ავტორი იტალიურენოვან ვებგვერდს აზიარებს და წერს: „ისევ იტალიურ საიტებზე გვხ[ვდ]ება სტატისტიკები რომლებიც ?????? სახელი თქვენ დაარქვით. 20 000 გარდაცვლილით ნაკლები წინა წელთან შედარებით“.
აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია, რითიც Facebook-ჯგუფის წევრების შეცდომაში შეყვანა ხდება. პოსტის მიხედვით, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, COVID-19-ის ეპიცენტრად ყოფნის მიუხედავად, იტალიაში პანდემიის დროს უფრო ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე შარშან. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად წყაროდ მოხმობილი ვებგვერდი ფაქტების გადამმოწმებელ ავტორიტეტულ იტალიურ ორგანიზაცია Open-ს ეკუთვნის, ხოლო საკუთრივ ვებგვერდზე, აღნიშნული დეზინფორმაციის გადამოწმებას ვხვდებით:
Open-ის ცნობით, იტალიაში ჯერ კიდევ აპრილში გავრცელებული ეს ამბავი დეზინფორმაციაა და ის 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას ეხება. კერძოდ, დეზინფორმაციის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელების მეშვეობით იტალიაში ფართოდ გავრცელდა, ქვეყანაში ამა წლის იანვარ-მარტის პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 2019 წლის იანვარ-მარტში გარდაცვლილთა რაოდენობაზე 20 ათასით ნაკლებია. Open-მა გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ის ერთ-ერთი ვებგვერდიდან მოპოვებულ არაოფიციალურ მონაცემებს ეფუძნებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ 2019 წლისა და 2020 წლის იანვარსა და, ნაწილობრივ, თებერვლის მონაცემების შედარება ნაკლებად რელევანტურია, რადგან იტალიაში COVID-19-თან დაკავშირებული პირველი გარდაცვალება, ოფიციალურად, მხოლოდ 20 თებერვალს დაფიქსირდა. ამასთან, Open-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ, სინამდვილეში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი COVID - 19-ის მაღალი გავრცელების რეგიონებში, სიკვდილიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, მაშინ, როდესაც ალცანო-ლომბარდოს მუნიციპალიტეტში 2019 წლის მარტში 8 გარდაცვალება დაფიქსირდა, ამ რიცხვმა 2020 წლის მარტისთვის 83 შეადგინა. Open-ის მიხედვით, მსგავსი სურათი ჩრდილოეთ იტალიის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იკვეთება:
ცხრილი 1: მარტში გარდაცვლილთა რაოდენობა.
მუნიციპალიტეტები |
2019 |
2020 |
განსხვავება |
ბერგამო |
101 |
398 |
+297 |
ბრეშა |
134 |
281 |
+147 |
კოდონიო |
15 |
87 |
+72 |
ნემბრო |
11 |
121 |
+110 |
პონტე სან პიეტრო |
3 |
44 |
+41 |
კრემა |
23 |
103 |
+80 |
კრემონა |
54 |
136 |
+82 |
პიაჩენცა |
75 |
279 |
+204 |
ალცანო ლომბარდო |
8 |
83 |
+75 |
წყარო: Open
ამგვარად, ქართულ Facebook-ჯგუფის ერთ-ერთი წევრი Open-ის მიერ დეზინფორმაციად შეფასებულ ინფორმაციას ობიექტურ მონაცემად ასაღებს.
აღნიშნული ყალბი ამბავი კიდევ ერთი იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Facta-ს მიერაც გადამოწმდა. Facta-ს მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში 185,967 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის, ISTAT-ის მონაცემებს შეესაბამება, თუმცა 2020 წლის იმავე პერიოდში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვი (165,367) სინამდვილეს არ ასახავს, რადგან ის ვებგვერდ ItaliaOra-დან არის აღებული, ხოლო ვებგვერდი, Facta-ს მიხედვით, მონაცემებს საკუთარ ალგორითმსა და გამოთვლებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
იტალიაში სიკვდილიანობის შესახებ ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (ISTAT) მიერ ვრცელდება. 1-ელ აპრილს ISTAT-მა იტალიაში 2020 წლის პირველ კვარტალში გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც იტალიის 7,982 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 1,084-ს მოიცავს და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ გარდაცვალების შემთხვევებს ვერ ასახავს. მისი მიხედვით, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 40,244 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2019 წლის მონაცემებს (33,575) 6,669 გარდაცვალების შემთხვევით აღემატება. 2020 წლის პირველ კვარტალში 1,084 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული მონაცემების გასული წლების იმავე პერიოდსა და მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ შემთხვევებთან შედარებისას, შემდეგი სურათი იკვეთება:
ცხრილი 2: პირველ კვარტალში 1,084 მუნიციპალიტეტში გარდაცვლილთა რაოდენობა.
წელი |
გარდაცვალება |
2015 |
34,339 |
2016 |
30,411 |
2017 |
35,018 |
2018 |
33,520 |
2019 |
33,574 |
2020 |
40,244 |
წყარო: Facta
ISTAT-ის მიერ 4 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, რომელიც იტალიის 6,866 მუნიციპალიტეტს ეხება და ქვეყანაში არსებული მუნიციპალიტეტების მთლიანი რაოდენობის 87%-ს ფარავს, 2020 წლის მარტში, 2015-2019 წლების ამავე თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 49,4%-ით მომატებული სიკვდილიანობა დაფიქსირდა. ქვეყანაში, COVID-19-თან დაკავშირებული პირველი გარდაცვალებიდან (20 თებერვალი) 31 მარტამდე პერიოდში, მომატებულმა სიკვდილიანობამ 25,354 შეადგინა. აღნიშნული დროის მონაკვეთში მომატებული სიკვდილიანობა ხანდაზმულთა შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა: 70-79 წლამდე მამაკაცებში სიკვდილიანობა 2,3-ჯერ გაიზარდა, ხოლო 80-89 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 2,2-ჯერ. ამასთან, 70-79 წლამდე და 80-89 წლამდე ქალებში გარდაცვალების შემთხვევები, 2015-2019 წლების მონაცემებთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში გაზრდილი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ იტალიაზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
იტალია, COVID-19-თან დაკავშირებული სიკვდილიანობით, 2 ივნისისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით (33,475 გარდაცვლილი), ევროპაში მეორე ადგილზეა.