TikTok ჩინური კომპანია ByteDance-ის მიერ შექმნილი აპლიკაციაა, რომელიც მოკლე ვიდეორგოლების ნახვისა და გაზიარებისთვის გამოიყენება. დახვეწილი ალგორითმის მეშვეობით, აპლიკაცია მომხმარებელს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ ვიდეორგოლებს აჩვენებს, რაც TikTok-ის გამოყენებას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. TikTok, ისევე როგორც სოციალური ქსელების სხვა აპლიკაციები, მომხმარებლის შესახებ დიდი რაოდენობის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს. აპლიკაცია წვდომას მომხმარებლის ტელეფონის კამერაზე, მიკროფონზე, კონტაქტების სიასა და ლოკაციაზე ითხოვს. ამ ტიპის მონაცემების გამოყენებით კი TikTok-ს, რომლის მმართველი ჩინური კომპანია ByteDance პეკინშია რეგისტრირებული, მომხმარებლის პირადი ცხოვრების შესახებ მრავალი ინფორმაციის გაგება შეუძლია.
ჩინეთში მოქმედი კანონმდებლობის გამო, რომელიც ჩინურ კომპანიებს სახელმწიფო ორგანოებისთვის ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს, დასავლელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ თუ მნიშვნელოვან სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს ტელეფონში მსგავსი აპლიკაცია ექნებათ, ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას მათ შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება მარტივად შეეძლება. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ ჯარისკაცებს შორის აპლიკაციის პოპულარობის გამო, აშშ-ის და ავსტრალიის არმიების საკუთრებაში მყოფი მოწყობილობებით TikTok-ის გამოყენება, უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, აიკრძალა, ხოლო შესაბამისმა სტრუქტურებმა სამხედრო პირებს, საკუთარ ტელეფონებზე აპლიკაციის მეშვეობით უცხო პირებისგან შეტყობინების მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს. თუმცა, ამ დროისთვის, TikTok-ის მომხმარებელთა უდიდეს ნაწილს თინეიჯერები წარმოადგენენ, ხოლო, ამის გათვალისწინებით, კითხვაზე, თუ რატომ უნდა აინტერესებდეს ჩინეთის ხელისუფლებას მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ავსტრალიის პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ენდრიუ ჰეისტი ამბობს, რომ სწორედ თინეიჯერები არიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალში ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ლიდერები იქნებიან, რის გამოც, მათი პერსონალური მონაცემების ავტორიტარული ჩინეთისგან დაცვა მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, აპლიკაცია ცენზურას ექვემდებარება და მასზე იმ ტიპის ვიდეომასალა, რომლის გავრცელებაც პეკინს პოლიტიკურად არ აწყობს, პლატფორმიდან უბრალოდ იშლება ან მასზე წვდომა იზღუდება. ასეთ საკითხებს მიეკუთვნება ე.წ. სამი T-ის (the three Ts) თემები: ტიანანმენი, ტაივანი და ტიბეტი. ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, აპლიკაციაზე ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და მუსლიმი უიღურების მხარდამჭერი შინაარსის მქონე ვიდეორგოლების ატვირთვაც იზღუდება. ჩინური სოციალური მედიის ექსპერტის, ფერგუს რაიანის მიხედვით, აპლიკაციის ცენზურისთვის დაქვემდებარება სხვადასხვა სახითაა შესაძლებელი და ის მომხმარებლებისთვის, შესაძლოა, აშკარა არც იყოს, ხოლო პლატფორმიდან ვიდეოს წაშლა ცენზურის მხოლოდ უკიდურესი გამოვლინებაა. ავსტრალიელი ექსპერტის თქმით, ცენზურას ვიდეომასალის ე.წ. შეფარული აკრძალვაც უნდა მივაკუთვნოთ, რა დროსაც, მომხმარებლის მიერ კონტენტი აპლიკაციაზე იტვირთება, მომხმარებელი ფიქრობს, რომ ვიდეორგოლს ნახვები უგროვდება, თუმცა, რეალურად, აპლიკაცია ამ არასასურველ ვიდეოს სხვა მომხმარებლებს არ აჩვენებს.
ამასთან, დასავლეთის შეშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ TikTok-ი პირველი ჩინური აპლიკაციაა, რომელმაც გლობალურ წარმატებას მიაღწია, რაც პეკინის მიერ მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების საფრთხეს ზრდის. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ByteDance-ის მიერ ამერიკასა და ევროპაში პოპულარული ვიდეოპლატფორმა Musical.ly-ის შეძენამ TikTok-ის წარმატების ისტორიაში დიდი როლი ითამაშა. ამ მილიარდ დოლარიანი შესყიდვის განხორციელების მომენტში Musical.ly-ის უკვე 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რომელთაგან 60 მილიონი ამერიკისა და ევროპის ბაზარზე მოდიოდა. ByteDance-ის მიერ Musical.ly-ს TikTok-თან შეერთებით კი TikTok-ი დამატებით ასეულობით მილიონი ადამიანის ტელეფონში ავტომატურად აღმოჩნდა. პარალელურად, მხოლოდ 2018 წელს, ჩინურმა კომპანიამ Instagram-ზე, Snapchat-სა და თინეიჯერებს შორის პოპულარულ სხვა პლატფორმებზე TikTok-ის რეკლამისთვის, ასეულობით მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. შედეგმაც არ დააყოვნა და დღეისთვის TikTok-ს მსოფლიოში, დაახლოებით, მილიარდი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დიდი რაოდენობით ადამიანების სახლში იძულების წესით დარჩენის პირობებში, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა - TikTok მხოლოდ მარტის თვეში 115 მილიონჯერ იქნა გადმოწერილი, ხოლო ByteDance-ის ღირებულება ამ დროისთვის 90-100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
TikTok-ის უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-შიც საუბრობენ, რისი ერთ-ერთი საფუძველიც Guardian-ის ჟურნალისტური გამოძიება გახდა, რომელიც გასული წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნდა და პლატფორმის ჩინური ცენზურისადმი დაქვემდებარებას ეხება. აღნიშნულისა და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის რუსეთის მიერ სოციალური ქსელის გამოყენების გამოცდილების გათვალისწინებით, ვაშინგტონში, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გასული წლის ნოემბერში ByteDance-ის მიერ 2017 წელს Musical.ly-ს შესყიდვის საკითხის შესახებ გამოძიების დაწყებაც გადაწყდა. ამასთან, პოპულარული ამერიკული ინტერნეტმედია Reddit-ის ხელმძღვანელმა, სტივ ჰაფმენმა TikTok-ს ჩინური სადაზვერვო მოწყობილობაც კი უწოდა, რომელიც „[მომხმარებელს] გამუდმებით უსმენს“.
თავის მხრივ, TikTok ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადების მიხედვით, აპლიკაცია ჩინეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ არაა და ქვეყნის ხელისუფლებას პლატფორმიდან კონტენტის წაშლა ან მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მიღება არასდროს მოუთხოვია. ამასთან, TikTok აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ აპლიკაციის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები არა ჩინეთში, არამედ სინგაპურსა და აშშ-ში მყოფ სერვერებზე ინახება, ხოლო საკუთრივ TikTok-ის აპლიკაცია ჩინეთში საერთოდ არ ფუნქციონირებს - ჩინეთის ბაზრისთვის იდენტური აპლიკაცია Douyin-ი გამოიყენება და, შესაბამისად, TikTok-ის მიხედვით, პეკინს აპლიკაციის მონაცემებზე წვდომა ვერ ექნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ TikTok-ის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არსებულ კითხვებს სრულად ვერ აქარწყლებს. კერძოდ, TikTok-ის მშობელ კომპანიას, ByteDance-ს აპლიკაციის განახლების შესაძლებლობა მხოლოდ ჩინეთიდან აქვს და ამიტომ მას, დიდი ალბათობით, წვდომა TikTok-ის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებზეც აქვს. უფრო მეტიც, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად TikTok-ზე გამოვლენილი ცენზურის ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ჩინეთის ხელისუფლება აღნიშნული პლატფორმის ფუნქციონირებაში ერევა.
აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია პოპულარობით საქართველოშიც სარგებლობს, ხოლო ბოლო პერიოდამდე, რეგისტრაციის დროს, ტელეფონის კოდის არჩევისთვის არსებულ მსოფლიოს ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში TikTok-ს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად ჰყავდა წარმოდგენილი, რაც სამოქალაქო პროტესტისა და ხელისუფლების მიერ ჩინეთის მმართველობასთან მოლაპარაკების შემდეგ შეიცვალა.