რეზიუმე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალური მშპ ერთ სულზე 32.8%-ით გაიზარდა. რეალური მშპ ერთ სულზე 2012 წელს 8,162.5 ლარი, 2019 წელს კი 10,839.8 ლარი იყო. 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის დონე შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 30%-დან 20.1%-მდე, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კი 22.4%-დან 20.5%-მდე შემცირდა. შესაბამისად მტკიცება, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლების“ პერიოდში ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა, მცდარია.
2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 17.2%-დან 11.6%-მდე, ხოლო უმუშევარი ადამიანების რიცხვი კი 345.1 ათასიდან 221 ათასამდე შემცირდა. თუმცა უმუშევრობის შემცირება დიდწილად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაოს მაძიებელი ადამიანებია რაოდენობის) კლებით არის განპირობებული. ამიტომ მართებულია, დასაქმებულთა სტატისტიკა გავაანალიზოთ. ბოლო წლებში (2016-2019) დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. თუმცა, 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 30.8 ათასი ადამიანით მეტია დასაქმებული. ამ პერიოდში დასაქმების დონე 54.3%-დან 55.7%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეც და უმუშევრობაც კვლავ ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად რჩება, მამუკა ხაზარაძის განცხადების ის ნაწილი, რომ თითქოს უფრო მეტი უმუშევარია ქვეყანაში, ასევე მცდარია.
რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, 2020 წლის მარტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 23.8 მლრდ ლარს შეადგენს, 2012 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა 9.1 მლრდ ლარი იყო. ვალის ზრდაზე საუბრისას მართებულია, ფარდობითი მაჩვენებელი და არა ნომინალური მაჩვენებელი განვიხილოთ. 2012-2019 წლებში, სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით, 33.5%-დან 42.6%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ვალის მნიშვნელოვანი ზრდა გარკვეულწილად ლარის გაუფასურებას და წარსულში აღებული ვალის ახალი კურსით გადაანგარიშებას უკავშირდება.
ანალიზი
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თოქშოუში „რეაქცია“ განაცხადა: „8 წლის განმავლობაში, რაც ოცნება იყო ხელისუფლებაში, მათ ჩაიბარეს ღარიბი ქვეყანა და ეს ქვეყანა გააღატაკეს, უფრო მეტი უმუშევარი გაჩნდა ქვეყანაში. უფრო მეტი ვალი დაედო ჩვენს ბიუჯეტს, 9 მლრდ ლარიდან, რომელიც 2012 წელს ჰქონდა ქვეყანას, 22.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა“.
ქვეყნის სიღარიბის შესაფასებლად, ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება უნდა განვიხილოთ. საქსტატის მონაცემებით, რეალური მშპ ერთ სულზე ყოველწლიურად იზრდება. ეს მაჩვენებელი 2012 წელს 8,162.5 ლარი იყო, 2019 წელს კი 10,839.8 ლარი შეადგინა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალური მშპ ერთ სულზე 32.8%-ით არის გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება[1], 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის ცხოვრების დონე (სიღარიბის მაჩვენებლები) გაუმჯობესებულია. საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტური სიღარიბის[2] ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 30%-დან 20.1%-მდე შემცირდა. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი[3] 2012 წელს 22.4% იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 20.5%-მდე შემცირდა.
2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა, 2016-2017 წლებში, ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წელს კი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ისევ შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, 2012-2018 წლებში
წყარო: საქსტატი
რაც შეეხება უმუშევრობას, ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 17.2%-დან 11.6%-მდე შემცირდა, ხოლო უმუშევარი ადამიანების რიცხვმა 345.1 ათასიდან 221 ათასამდე დაიკლო.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, 2012 წლის შემდეგ ის მცირედით გაუმჯობესებულია. დასაქმების დონე 2012 წელს 54.3%-ს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 55.7%-ია. 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, 30.8 ათასი ადამიანით მეტია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში (2016-2019) დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. 2016-2019 წლებში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობა. საყურადღებოა, რომ საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. შესაბამისად, ამ პერიოდში უმუშევრობის შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით არის განპირობებული და არა დასაქმების ზრდით.
გრაფიკი 2: დასაქმება და უმუშევრობა, 2012-2019 წლებში
წყარო: საქსტატი
სახელმწიფო ვალი
მთლიანი სახელმწიფო ვალი, მთლიანი საგარეო ვალის (მათ შორის, ეროვნული ბანკის ვალის) და შიდა სახელმწიფო ვალის ჯამს წარმოადგენს. სახელმწიფო ვალი ასევე მოიცავს ე.წ. ისტორიულ ვალს[4]. 2020 წლის მარტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 23.8 მლრდ ლარს შეადგენს, 2012 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა 9.1 მლრდ ლარი იყო. ვალზე საუბრისას მართებულია ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. 2012-2019 წლებში სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 33.5%-დან 42.6%-მდე გაიზარდა.
გრაფიკი 3: სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით
წყარო: ფინანსთა სამინისტრო; საქსტატი
ვალის ზრდაზე საუბრისას, ასევე ლარის კურსის გაუფასურებაა გასათვალისწინებელი. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს, ვალის ახალი კურსით გადაანგარიშება ხდება, მათ შორის, ვალის ნაშთის. შესაბამისად, ვალის ზრდა ასევე წარსულში აღებული ვალის ახალი კურსით გადაანგარიშებას[5] უკავშირდება.
---------------------------------------------------------------------------------------------
[1] იხილეთ სიღარიბეზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
[2] აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ.
[3] ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას ქვეყანაში საშუალო მოხმარების დონესთან. ღარიბად მიიჩნევა ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.
[4] ისტორიული ვალი - საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილ ვალდებულებები, რომელთა სავარაუდო ოდენობა 672 მლნ ლარია.
[5] სახელმწიფო ვალის ზრდაზე „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა ხაზარაძის განცხადება ადრეც გადაამოწმა.