NDI-ის უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება უმუშევრობა, ინფლაცია/ფასების ზრდა და სიღარიბე. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის მოსახლეობის 20%-ზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში 2019-2020 არ არის გაწერილი ხედვები, თუ როგორ აპირებს მთავრობა სიღარიბის შემცირებას. მეტიც, სიღარიბე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევა, სამთავრობო პროგრამაში ნახსენებიც კი არ არის. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიღარიბის შემცირების ხედვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ „სიღარიბე არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემცირების გარკვეული დინამიკა დღეს ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა“.

სიღარიბის მაჩვენებლები

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2011-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია იყო, 2016-2017 წლებში ქვეყანაში სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წელს კი სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი ისევ შემცირდა.

საქსტატი აბსოლუტური და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლებს აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად, ოფიციალური საარსებო მინიმუმია აღებული. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 20.1% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. (იხ. გრაფიკი 1).

ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას ქვეყანაში საშუალო მოხმარების დონესთან. ღარიბად მიიჩნევა ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური [i] მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი, 2012-2015 წლებში, ყოველწლიურად მცირდებოდა. 2016 და 2017 წლებში კი, სიღარიბის დონე გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 20.5%-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. (იხ. გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, 2010-2018 წლებში

წყარო: საქსტატი

2018 წელს Unicef-მა „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.Unicef-ის მონაცემებით, 2011-2015 წლებში საქართველოში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მცირდებოდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის [i] მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს[ii] სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი 2.1%-დან 5%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Unicef-ის კვლევის შედეგები ოფიციალური ვერსიით, „ქართული ოცნების“პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა. შემდგომი პრემიერი მამუკა ბახტაძე კი მთავარ ამოცანად „სიღარიბის დაძლევას“ ასახელებდა. მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა სახელდებოდა, რასაც თავის მხრივ, უმუშევრობა და სიღარიბე უნდა შეემცირებინა.

სიღარიბის გამომწევევი მიზეზები და მასთან ბრძოლის გზები

Unicef-მა, 2016-2017 წელს სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა. Unicef-ის კვლევის საპასუხოდ, მთავრობამ 2019 წლის ბიუჯეტში გაზარდა სოციალური ტრანსფერები (საარსებო შემწეობაზე ბავშვზე დანამატი 20 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაიზარდა პენსია 20 ლარით, როგორც ასაკით პენსიონერებისთვის ასევე შშმ პირებისთვის).

2017-2018 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესდა. 2015-2016 წლებში მშპ-ს ზრდის ტემპი 3%-მდე იყო, 2017-2018 წლებში კი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები 4.8% და 4.7% იყო. ამასთან 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალი (1.5%) იყო. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილის შემცირებაზე გავლენა ეკონომიკური ზრდის შედარებით უკეთესმა ტემპმა და ფასების სტაბილურობამ იქონია.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს, სექტემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 6.4%-ია. სამომხმარებლო ფასების ზრდას, გაზრდილი სოციალური ტრანსფერები დააბალანსებს, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში სიღარიბის მაჩვენებლებზე გავლენა შემცირდება.

რაც შეეხება უმუშევრობას, ის რჩება სიღარიბის მთავარ გამომწვევ ფაქტორად. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე მცირდება. თუმცა, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება არა დასაქმებულთა რიცხვის ზრდით, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობის შემცირებით არის გამოწვეული. რეალურად კი, 2016-2018 წლებში დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს. 2018 წელს წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 12.4 ათასი ადამიანით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, დასაქმებულთა 49.2% თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულთა კატეგორიაში აღირიცხებიან ის პირები, ვინც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში/ოჯახურ მეურნეობებში არიან დასაქმებულები . მათი საქმიანობა კი დაბალპროდუქტიული და დაბალშემოსავლიანია. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

სიღარიბის შემცირების ბუნებრივი გზა არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და მისი თანმხლები სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, 2011-2014 წლებში საქართველოში სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა, სწორედ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს ჰქონდა.

სიღარიბის მაჩვენებლებზე ასევე გავლენა აქვს სოციალურ ტრანსფერებს (ფულადი დახმარებები, სხვა შეღავათები), რომელსაც უფრო სწრაფი, მაგრამ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და რეალურად პრობლემას ვერ აგვარებს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით აღწევს თავს, სოციალური დახმარების შემდგომი ზრდის შეუძლებლობის შემთხვევაში, რჩება მოწყვლად ჯგუფად და ისევ გაღარიბების რისკის ქვეშაა. სოციალური ხარჯების ზრდა კი ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობაზე და ეკონომიკური ზრდის ტემპზეა დამოკიდებული.



[i] მედიანური - შუასიდიდე, საშუალო

[i] ზოგადი სიღარიბე - როდესაც ადამიანის დღიური მოხმარება 2.5 დოლარზე ნაკლებია

[ii] უკიდურესი სიღარიბე - როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს

ფოტო: შსს

თეგები: