იტვირთება

რეზიუმე: 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 21.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მონაცემს 2.3-ჯერ აღემატება. თუმცა ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ განცხადების ავტორი დროის საკმაოდ დიდ შუალედს ეხება, რომლის განმავლობაშიც მშპ-ც პერმანენტულად იზრდებოდა.

2012 წელთან შედარებით, მშპ-თან [1] ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული. მსგავსია სამთავრობო ვალის დინამიკაც. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ვალის ზრდა მნიშვნელოვან წილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია, რაზეც მთავრობას პასუხისმგებლობა მოლოდ ნაწილობრივ ეკისრება [2].

შესაბამისად, განცხადების ავტორი აბსოლუტურ მონაცემებს (2012 წლის მონაცემი შემცირებული, 2019-ის კი გადაჭარბებულია, შედეგად ზედმეტობით იქნა დათვლილი ზრდის მაჩვენებელი) ხარვეზით ასახელებს, ამავდროულად უგულვებელყოფს მოცემული მაჩვენებლის ანალიზის მიღებულ ფორმას, კერძოდ ფარდობითი მაჩვენებლის გამოყენებას. ამის პარალელურად, ცვლილების გამომწვევ მნიშვნელოვან გარემოებას, კურსის მერყეობის ნაწილში, რომელიც სრულად არ ექვემდებარებოდა ცალკეული ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან კონტროლს, ყურადღების მიღმა ტოვებს.

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ბოლო 7 წლის განმავლობაში, ვალი გაიზარდა 2.5-ჯერ და მიაღწია 22.5 მლრდ ლარს, როცა 7 წლის წინ იყო დაახლოებით 9 მლრდ [ლარი]. მთლიანი სახელმწიფო ვალი, მთლიანი საგარეო ვალის (ეროვნული ბანკის ვალის ჩათვლით) და შიდა სახელმწიფო ვალის ჯამს წარმოადგენს. მთლიანი სამთავრობო ვალი, სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის ვალდებულებებს არ მოიცავს.

2019 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 21.3 მლრდ ლარსს შეადგენს, რაც 2012 წლის მონაცემს 2.3-ჯერ აღემატება. თუმცა ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. 2012 წელთან შედარებით, მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ არის გაზრდილი და არა გაორმაგებული. მსგავსია სამთავრობო ვალის დინამიკაც.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალი [1] (მლნ ლარი, მშპ-ს %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ასევე, ვალის ზრდაზე მითითებისას, მოცემულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობაც გასათვალისწინებელია. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). შესაბამისად, სამთავრობო ვალის ზრდა მნიშვნელოვან წილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია.

----------------------------------------------------------------------------

[1] 2019 წლის მშპ საპროგნოზო მაჩვენებელს წარმოადგენს

[1] სტატიაში გამოყენებულია განახლებული მეთოდოლოგიით დათვლილი მშპ-ს მონაცემები, შესაბამისად ფარდობით მაჩვენებლები განსხვავდება წარსული ანალიზისგან, სადაც გამოყენებული იყო მშპ-ს მაჩვენებლები განახლებამდე.

[2] ეროვნული ვალუტების კურსის შემცირება აშშ დოლართან მიმართებით, ატარებდა მასობრივ ხასიათს, ამ მხრივ საქართველოს ეროვნული ვალუტა არ ყოფილა გამონაკლისი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2938 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი