„ფაქტ-მეტრმა“ უკვე გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საგანგებო სიტუაციაში ოჯახში ძალადობის გაზრდილ რისკსა და საფრთხეზეა საუბარი. თუმცა ეს არ არის ერთადერთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში მყოფი მოქალაქეების ცხოვრებას თან ახლავს. მათ განსაკუთრებულად ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი აშინებთ, რომელშიც ყოველდღიური შემოსავლისა და დანაზოგის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ.

აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში სასურსათო კალათა, როგორც ოფიციალური ინფორმაცია გვაუწყებს, 7 000 ოჯახს დაურიგდა და ამისთვის აჭარის ა/რ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოჰყო. ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ამანათები ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სოციალურად დაუცველების, მარტოხელა პენსიონერებისა და სარეცელს მიჯაჭვული პირებისთვის იყო განკუთვნილი.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გარდა, ქველმოქმედებას რამდენიმე ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ყველა ოჯახის საკვებითა და პირველადი მოხმარების საშუალებებით უზრუნველყოფა არ მომხდარა. ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებულ ოჯახებს, ან ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში მუშაობდნენ და პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, დანაზოგი არ ჰქონდათ. გამოუვალი მდგომარეობა შეექმნათ სტუდენტებს, რომლებიც გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, რადგან ისინი, ძირითადად, სეზონურად იყვნენ დასაქმებული, ან უცხოეთში მყოფი ახლობლების გზავნილებით ირჩენდნენ თავს. საქართველოში უცხოეთიდან გამოგზავნილ თანხაზე არაერთი ოჯახია დამოკიდებული. ისინი, ფაქტობრივად, უშემოსავლოდ დარჩნენ და შიმშილის რეალური საფრთხე დაემუქრათ. განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფებში ხშირად არის მოთხოვნა მედიკამენტებზე, ჩვილ ბავშვთა საკვებსა და ჰიგიენურ საფენებზეც. ამ ადამიანების რაოდენობა დიდია და რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება უმუშევრობის პერიოდი, მით უფრო მეტად დაუმძიმდებათ მდგომარეობა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ოჯახებს ერთხელ მიღებული სასურსათო კალათა უკვე ამოეწურათ. ისინი განმეორებით ითხოვენ დახმარებას. გარდა ამისა, თანდათან იზრდება ოჯახების რიცხვი, რომლებსაც აქამდე დახმარება არ სჭირდებოდა და თავი დამოუკიდებლად გაჰქონდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო, საკვებისა და სხვა აუცილებელი საშუალებების შეძენას ვეღარ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, დახმარებას გაცილებით მეტი ოჯახი საჭიროებს, ვიდრე - პანდემიის გამოცხადების პირველ ეტაპზე. შიმშილის ზღვარზე მყოფ მოქალაქეებს, ახალი საფიქრალიც დაემატათ: ვერ გარკვეულან, როგორ დაუდასტურონ სახელმწიფოს, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ და შემოსავალი ჰქონდათ, რათა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სუბსიდიის გარეშე არ დარჩნენ.

ინფორმაციისთვის, თვითდასაქმებულები 21 მაისიდან შეძლებენ რეგისტრაციის გავლას, თუმცა მათ რაიმე დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოუწევთ. ეს შეიძლება იყოს ამონაწერი ბანკიდან, დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. თუ თვითდასაქმებულები იურიდიულ პირთან საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, სოციალურ მონაცემთა ბაზაში მათ საკითხს ცალკე განიხილავენ. თუმცა ჯერ უცნობია, ამ შემთხვევაში, რა კრიტერიუმები განაპირობებს გადაწყვეტილების მიღებას.

„ფაქტ-მეტრი“იმ მოქალაქეებს ესაუბრა, რომელთა კრიზისიდან გამოყვანაც მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარებით უნდა მოახერხოს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ პრობლემები საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისთანავე შეექმნა. მათი ისტორიები მძიმეა, რეალობა - გაუსაძლისი და მომავალი - გაურკვეველი.

მიხეილ ჯაიანი: „ადრე ქირით ვცხოვრობდით. მერე ვეღარ გადავიხადეთ და ეს სახლი ახლობელმა დაგვითმო, თვითონ ერაყში წავიდა. სანამ შემეძინებოდა პატარები, სოციალურზე მქონდა დაწერილი და მაღალი ქულები მოგვივიდა. ადრე თურქეთში გადავდიოდი სამუშაოდ. მერე დეპორტით გამომიშვეს და ვინმე ახლობელი თუ წამიყვანდა აქ რაიმე სამუშაოზე დამხმარედ, მაგით ვირჩენდით თავს. ბავშვებს ერიცხებოდათ 50-50 ლარი დახმარება და თებერვალში რომ მივედი ასაღებად, მითხრეს, შეწყვეტილიაო. დავრჩით ასე. ხან მეზობლები მაძლევენ ფქვილს, ხან ვიღაც სხვა მეხმარება. 112-ზე დავრეკე რამდენჯერმე დახმარების თხოვნის მიზნით და მხოლოდ ოპერატორის „გთხოვთ დაელოდეთ“ მოვისმინე, სხვა ვერაფერი. მივედი სოციალური მომსახურების სააგენტოში. ავუხსენი სიტუაცია, რომ ამ დღეში ვარ, ორი შვილი გვყავს და მეუღლე ფეხმძიმედაა. სოცაგენტმა მერე საქველმოქმედო ფონდთან დაგვაკავშირა. ახლა ისეთ დღეში ვართ, ჰიგიენასაც ვერ ვიცავთ, საპონსაც ვერ ვყიდულობ. საათი გაგვიჩერდა აგერ, მაგის ელემენტი ცხრაჯერ დავჭყლიტე“...

დარეჯანი: „ქმარი მუშაობდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ყოველდღიური შემოსავალი გვქონდა ცოტა და ახლა შემოსავლის გარეშე დავრჩით. ნაქირავებ ოთახში ვცხოვრობთ, ერთი შვილი გვყავს და უკვე ქირის გადახდა გაგვიჭირდა. არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა, ხვალ რა იქნება. ქალაქის მერიაში დავრეკე ერთი თვის წინ, დამპირდნენ დახმარებას, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“.

ალექსი: „ჩვენ დღიურ სამუშაოებზე დავდივართ ოჯახებში, რაღაც რომ გაუფუჭდებათ, მაგის შესაკეთებლად დაგვიქირავებენ ხოლმე. ზოგჯერ, სეზონზე, თურქეთში გადავდივართ ბიჭები და ხან თხილს ვკრეფთ, ხან - ჩაის, ხან ტვირთს ვეზიდებით და ასე ვირჩენთ თავს წლიდან წლამდე. ახლა რომ გვიცხადებს მთავრობა, არავინ დარჩება დახმარების გარეშე, თუ დაადასტურებს რაიმენაირად, რომ დასაქმებული იყოო, როგორ დავადასტურო? თურქი დამქირავებელი მომცემს ცნობას, თუ ის ოჯახები ჩამოვიარო, სადაც ხან ონკანია შესაკეთებელი და ხან კედელი - შესაღები? მაგათი ხელმოწერები შევაგროვო? რა ბანკი და ანგარიში, მომცა ხელზე ფული, წამოვიღე, ვიყიდე საჭმელი ან ბავშვებისთვის რამე ნივთი და წავედი სახლში. რაც დამრჩა, დილით დავუტოვე მეუღლეს და ისევ დავადექი გზას. ესაა ჩვენი ყოველდღიურობა. ბანკში რა მინდა მე, სესხსაც არავინ მომცემს და ჩემს ცოლს - მით უმეტეს, დიასახლისია, სხვა სამსახური არ აქვს. დავრჩით ასე გაურკვეველ მდგომარეობაში, ვერაფერს ვერ მივიღებთ, როგორც ვხვდები“.

ლიუდა: „მე სახლებში დავდივარ და ვალაგებ, სადაც დამიძახებენ. როგორ შევძლებ, დავამტკიცო, რომ შემოსავალი მქონდა? არ ვიცი, რა მეშველება. ძალიან გამიჭირდა. მაგით ვირჩენდით თავს ოთხსულიანი ოჯახი. თან ქირას ვიხდი. ზაფხულში ოთახებს რომ აქირავებენ, მე ვალაგებ და ახლა ვის დასჭირდება, სადაა ტურისტი... კი, იმათთვის კარგი დახმარებაა, ვინც სამსახურში გაფორმებული იყო და ახლა მიიღებს თანხას, მაგრამ ჩვენ რას გვიპირებენ, არ ვიცი. სამჯერ მოვუსმინე გახარიას პასუხებს და კარგად ვერ გავიგე. ახლობლებსაც ვკითხე და ზუსტად ვერც იმათ ამიხსნეს. რა ვიცი, მე რომ მამუშავებდა და ფულს მიხდიდა, ახლა უნდა წავიდე და ვთქვა, რომ გაფორმებული არ ვყავდი? მერე იმას პასუხს მოსთხოვენ. რამდენხანს მეყოფა ის 200 თუ 300 ლარი და დავრჩები ისე, ჩემს დამსაქმებელს ხომ ვეღარ მივადგები, მამუშავე-მეთქი“.

ეკა ემინაძე: „ჩვენი საკითხი მერიამ იცის. დაგვპირდა, გიშუამდგომლებთო. მარტოხელა ვარ და მყავს 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების შვილი. უმძიმესი შეზღუდვა აქვს. არ ვიცი, რა მინახეს ისეთი, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მაქვს და დახმარება არ დამინიშნეს. ერთ-ერთმა მითხრა, ბუნებრივ აირს რომ იყენებ, მაგიტომო. წყალი ჩაიდნით გააცხელე და ისე დაბანე შვილიო. რას მეყოფა ჩაიდნით გაცხელებული წყალი, ბავშვი რომ ჭამს, ირგვლივ საშინელება ხდება, ვერ ყლაპავს, იხრჩობა, ახველებს და უკან აბრუნებს საკვებს. ვერ ავუდივარ წამლებს, პამპერსებს... რვა წელია, ვცდილობ, რომ სოციალური დამინიშნონ. მხოლოდ ბავშვის შშმ პირის პენსიას ვიღებ. არავის არაფერი არ მოუტანია ჩვენთან. პამპერსები ყოფილა. მე შემთხვევით გავიგე და მივწერე მთავრობას. ჩემმა დამ აიღო ვაუჩერი, მაგრამ ვერ წავედი და ვერ წამოვიღე“.

საგანგებო სიტუაციაში მოწყვლადი აღმოჩნდნენ სექსმუშაკები. მათი ნაწილი შერჩეულ ადგილებზე საღამოს 9 საათამდე მაინც გამოდის. ამბობენ, რომ სხვა გზა არ აქვთ. ჩვენ ვკითხეთ მათ, თუ აცნობიერებენ, რომ ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ერთ-ერთი მათგანი გვპასუხობს, რომ ამის შესახებ იცის, თუმცა სხვა გამოსავალი არ აქვს. ითვალისწინებს, თუ - არა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა სექსმუშაკებისა და ტრანსგენდერების ინტერესებს, ამის შესახებ მთავრობას გადაწყვეტით არაფერი უთქვამს. ამ თემების წარმომადგენლებს გაუჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში სულ 349 000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან დაახლოებით 33% მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაშია რეგისტრირებული. თუმცა საარსებო შემწეობას მხოლოდ ბაზაში რეგისტრირებულთა ნაწილი იღებს.

ცხრილი 1. მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2020 წლის მიხედვით

თვე

რეგისტრირებული

მიმღები

ოჯახი

მოსახლეობა

ოჯახი

მოსახლეობა

იანვარი

28 078

111 341

9 527

42 779

თებერვალი

28 062

111 129

9 701

43 310

მარტი

28 045

111 133

10 069

44 918

აპრილი

28 431

112 604

10 425

46 313

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ან რამდენიმეთვიანი ფულადი დახმარების ჩარიცხვა მაისში დაიწყება. რა მოხდება, თუ თვითდასაქმებულების ნაწილი მთავრობას ვერ დაუმტკიცებს, რომ მცირე, მაგრამ ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა? - დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა და მოქალაქეები ქვეყნის მთავრობისგან კონკრეტულ და გარკვეულ პასუხს ელიან.

თეგები: