ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნული პაციენტი მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა და „რუსულ-აფხაზური საზღვარი“ გადაკვეთა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, მოგვიანებით კი, კლინიკის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში გადავიდა. იმავე ინფორმაციის მიხედვით, ქალი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გამყოფი ზოლიდან, თავად ქართულმა მხარემ გადმოიყვანა.
აფხაზეთიდან ქალის ზუგდიდში გადაყვანის ფაქტს დე ფაქტო ხელისუფლება უარყოფს, თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას , ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო, საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს. ისიც ცნობილი ხდება, რომ გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი ქალისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, დე ფაქტო რეჟიმმა საკარანტინე ზომები გაამკაცრა.
აფხაზური მედიის ცნობით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა და ადგილზე ოპერატიულმა შტაბმა დაიწყო მუშაობა. იმავე ინფორმაციის მიხედვით, ყველა გზა, რომელიც გალში შედის და გამოდის, გადაკეტილია და მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქის ზუგდიდში გადაყვანის ფაქტს არ ადასტურებს, სოციალურ ქსელში არსებულ დახურულ ჯგუფებში, ამ თემაზე სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად წერენ. პოსტების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში, კორონავირუსის სიმპტომებით, უკვე ორი პაციენტია გადაყვანილი.
ოკუპირებული ტერიტორიიდან პაციენტების შემოსვლის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა და აღნიშნა, რომ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფად ამოქმედება სწორედ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება. გიორგი გახარიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება, ისევე, როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო. სამედიცინო დაწესებულებები პაციენტების მიღებამდე მინისტრებმა დაათვალიერეს.
საქართველოში, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე, სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, რეგიონში, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, ბლოკ-საგუშაგოები განთავსდა. სამეგრელოში დაწესებული მკაცრი კონტროლი, პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი, 14 მარტიდან ჩაკეტა. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა (28 მარტიდან 20 აპრილამდე) და გადაადგილება რუსეთთანაც შეზღუდა. პარალელურად, გამოცხადდა კომენდანტის საათი, რომლის აუცილებლობას დე ფაქტო მთავრობა, ბოლო პერიოდში გალიდან მდინარე ენგურით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობებით ხსნის.
ამ დროისთვის, ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა. ძნელი სათქმელია, ეს მონაცემები რეალობას ასახავს თუ არა. რაც შეეხება პრევენციისა და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებს, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ამ საკითხზე დახმარება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, სპეციალურად მოწვეულ დახურულ შეხვედრაზე მოითხოვეს. იმავე წყაროს ცნობით, თებერვლის ბოლოს დე ფაქტო მთავრობამ საერთაშორისო სამედიცინო დახმარების მიღების მზადყოფნაც გამოთქვა.
18 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მიიღო, რა დროსაც ოკუპირებულ რეგიონს სამედიცინო მოწყობილობები და მედიკამენტები, ექიმებისთვის 500 ერთეული პერსონალური აღჭურვილობა, 600 ლიტრზე მეტი ანტისეპტიკური საშუალება და 500 ლიტრამდე ანტიბაქტერიული საპონი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აფხაზეთში საქართველოს მხრიდან ენგურის ხიდის გავლით ჩავიდა. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი პირობა, შეინარჩუნონ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობა საქართველოს გავლით.
აფხაზეთისგან განსხვავებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე ცხინვალის რეჟიმმა უარი თქვა და დახმარებას რუსეთისგან ელის. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა ე. წ. პარლამენტში დეპუტატებთან გამოსვლისას თქვა, რომ ადგილობრივ მედიკოსებს სათანადო აღჭურვილობა არ გააჩნიათ და აფთიაქებშიც მედიკამენტების დეფიციტია. მისივე განმარტებით, ცხინვალში არ არის შესაბამისი დონის ლაბორატორია, სადაც ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ. რამდენიმე დღის წინ კი რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან კორონავირუსის დასადგენად განკუთვნილი სატესტო სისტემა ჩაიტანეს. მანამდე კი, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალიდან გადაადგილება შეიზღუდა, როგორც რუსეთისკენ, ისე დანარჩენ საქართველოსთან. აღნიშნული გადაწყვეტილებაც ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება. ბოლო პაციენტი, ცხინვალიდან წითელი ჯვრის დახმარებით, ერგნეთის გავლით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამკურნალოდ 11 მარტს გადმოიყვანეს, თუმცა არა კორონავირუსის სიმპტომებით.
აფხაზეთის მსგავსად, კორონავირუსის შემთხვევა, არც ცხინვალში გამოუვლენიათ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 77 პაციენტი იმყოფება. გადაადგილების შეზღუდვის გამო, ცხინვალთან ერთად რთულ ვითარებაში ახალგორიც მოექცა. ადგილობრივი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად, დაბაში მედიკამენტების დეფიციტიც შეინიშნება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არც ოკუპირებულ აფხაზეთსა და არც ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება. საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების მიღებაზე მზადყოფნა ბოლო პერიოდში არა ერთხელ გამოთქვა.
პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სირთულეებზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც წერს. DRI-ის ინფორმაციით, გალის და ახალგორის კლინიკებს დღემდე არ გააჩნიათ, როგორც კორონავირუსის ინფექციის დიაგნოსტიკის, ასევე პირველადი აუცილებლობის სადეზინფექციო საშუალებები. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს ასევე იმ ფაქტს, რომ გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობის უმეტესობას დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ COVID-19 სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია, ისინი სოხუმის კლინიკებმა ვერც მიიღონ.
მსგავსი ვითარებაა ოკუპირებულ ახალგორშიც, სადაც DRI-ის ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ხუთი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის, ერთი ახალგორის საავადმყოფოს სამშობიაროს ბოქსირებულ განყოფილებაშია, სადაც საკარანტინო სივრცე შვიდ პაციენტზეა მოწყობილი.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული სირთულეების გათვალისწინებით, პანდემიის პირობებში, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასამარტივებლად, უფრო ეფექტიანი მუშაობაა აუცილებელი დახმარების შესახებ გზავნილის დე ფაქტო უწყებებთან მისატანად. ორგანიზაციის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვანია დამატებითი მექანიზმების შემუშავება, მათ შორის, გალის და ახალგორის კლინიკების პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო საშუალებებით უზრუნველსაყოფად, ყველა არსებული რესურსის და საკომუნიკაციო არხის გამოყენება.