რეზიუმე: 2016 წელთან შედარებით, 2019 წლის მონაცემებით, მთლიანი ინვესტიციები 1.3-ჯერ გაიზარდა, მათ შორის, სახელმწიფო ინვესტიციები - 2-ჯერ. ასევე სახელმწიფო ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ზრდადია (4.8%-დან 7.1%-მდე).
თუმცა, 2019 წლის დეფიციტის მაჩვენებელი მინიმალური არ არის და წინა წლებთან შედარებით ზრდა ფიქსირდება, როგორც აბსოლუტურ, ასევე ფარდობით რიცხვებში. კერძოდ, 2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 479 მლნ ლარს (მშპ-ს 1.3%) შეადგენდა, ხოლო მოდიფიცირებული დეფიციტი კი - 1 მლრდ ლარს (მშპ-ს 2.9%). 2019 წლის მონაცემებით, საბიუჯეტო დეფიციტი 1 მლრდ ლარს (მშპ-ს 2.4%) შეადგენს, ხოლო მოდიფიცირებული ბიუჯეტი - 1.2 მლნ ლარს (მშპ-ს 2.4%). მოდიფიცირებული ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა 2018 წელთან შედარებით, გაუარესებული. შესაბამისად, დეფიციტის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსვლის ნაწილში განცხადება რეალობას აცდენილია.
ანალიზი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში მინისტრის საათზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „2016 წელთან შედარებით თითქმის გავაორმაგეთ სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე, პირიქით ბიუჯეტის დეფიციტს კლებადი ტენდენცია აქვს. 2019 წელს გვქონდა მისი ისტორიული მინიმუმი“.
ივანე მაჭავარიანი კაპიტალის მთლიანი ფორმირების მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის კომპონენტს წარმოადგენს, რაც სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორების მიერ განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებს მოიცავს. ინვესტიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის მშპ-ს ზრდაზე, რამდენადაც ინვესტირებული თანხები ძირითადად ახალი საწარმოების გახსნაზე, არსებულის გაფართოებასა და ტექნოლოგიურ განახლებაზე იხარჯება. სახელმწიფო ინვესტიციები, მეტწილად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებია, რაც ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
გრაფიკი 1: სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების დინამიკა 2016-2019 წლებში
|
2016 |
2017 |
2018 |
2019 |
მთლიანი ინვესტიციები |
10 805 |
11 124 |
12 543 |
14 163 |
სახელმწიფო |
1 729 |
2 313 |
2 859 |
3 480 |
კერძო |
9 076 |
8 810 |
9 682 |
10 683 |
მთლიანი ინვესტიციები მშპ-ს % |
30.2 |
27.3 |
28.1 |
29.0 |
სახელმწიფო მშპ-ს % |
4.8 |
5.7 |
6.4 |
7.1 |
კერძო მშპ-ს % |
25.3 |
21.6 |
21.7 |
21.8 |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2016 წელთან შედარებით, 2019 წლის მონაცემებით, მთლიანი ინვესტიციები 1.3-ჯერ გაიზარდა, მათ შორის კი, სახელმწიფო ინვესტიციები გაიზარდა 2-ჯერ. ასევე სახელმწიფო ინვესტიციების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ზრდადია (4.8%-დან 7.1%-მდე).
ცხრილი 2: დეფიციტის და მოდიფიცირებული დეფიციტის დინამიკა 2016-2019 წლებში
|
2016 |
2017 |
2018 |
2019* |
დეფიციტი (მლნ ლარი) |
479.4 |
324.1 |
323.4 |
1047.0 |
მოდ. დეფიციტი (მლნ ლარი) |
1 025.1 |
1 112.8 |
1 017.6 |
1 176.8 |
დეფიციტი მშპ-ს % |
1.3 |
0.8 |
0.7 |
2.1 |
მოდ. დეფიციტი მშპ-ს % |
2.9 |
2.7 |
2.3 |
2.4 |
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბიუჯეტის დეფიციტის შემთხვევაში, შესაძლოა განვიხილოთ დეფიციტი და მოდიფიცირებული დეფიციტი, რომელიც ფინანსური აქტივებით განხორციელებულ ოპერაციებსაც მოიცავს, როგორც დეფიციტის ფორმირების წყაროს. შესაბამისად, შეგვიძლია მოდიფიცირებული დეფიციტი უფრო რელევანტურ მაჩვენებლად მივიჩნიოთ, თუმცა, 2019 წლის დეფიციტის მაჩვენებელი მინიმალური არ არის და წინა წლებთან შედარებით ზრდა ფიქსირდება როგორც აბსოლუტურ, ასევე ფარდობით რიცხვებში. კერძოდ, 2016 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 479 მლნ ლარს (მშპ-ს 1.3%) შეადგენდა, ხოლო მოდიფიცირებული ბიუჯეტი - 1 მლრდ ლარს (მშპ-ს 2.9%). 2019 წლის მონაცემებით, საბიუჯეტო დეფიციტი 1 მლრდ ლარს (მშპ-ს 2.4%) შეადგენს, ხოლო მოდიფიცირებული ბიუჯეტი - 1.2 მლნ ლარს (მშპ-ს 2.4%). მოდიფიცირებული ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა 2018 წელთან შედარებით გაუარესებული. შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმზე ჩამოსვლის ნაწილში განცხადება რეალობას აცდენილია.