რეზიუმე: ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ, 2020 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა. ანგარიშში სასამართლოს რეფორმა კრიტიკულადაა შეფასებული. დოკუმენტის მიხედვით, „შემაშფოთებელია ქვეყანაში არსებული მაღალი დონის კორუფცია“, ყურადღება გახმაურებულ, გამოუძიებელ საქმეებზე არის გამახვილებული, ასევე მედიაპოლარიზაციასა და მმართველი გუნდის მიერ შექმნილ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოზე.
ანალიზი
2020 წლის 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა, რომ „ევროკომისიას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, სრული ინფორმაცია აქვს 7 თებერვალს გაკეთებული და რეზოლუცია, ამასთან დაკავშირებით, რამდენად წინ არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესებში და პრაქტიკულად არც ერთი საკითხი არ აქვს დატოვებული დადებითი შეფასების გარეშე“.
2020 წლის 7 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მეოთხე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ის მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
დოკუმენტში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების ნაწილი დადებითად არის შეფასებული, თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „გავრილოვის ღამეს“ ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა და აქციის მონაწილეების მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, გამოძიება დაიწყო. ამასთან, 2019 წლის 14 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ, საზოგადოებაში პროტესტი და პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია. ასევე ნახსენებია, რომ საქართველოში მედიაგარემო პოლარიზებულია და ყურადღება სასამართლო სისტემის გამოწვევებზეა გამახვილებული. ევროკომისიის მხედველობაში მოხვდა თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმე. ზაფხულში პროკურატურამ მათ თერთმეტი წლის წინანდელ საქმეზე, ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით, ბრალი წაუყენა. ამავე ტრანზაქციასთან დაკავშირებით ბრალდება ტელეკომპანია „პირველის" მფლობელის მამას, ვახტანგ წერეთელსაც წაუყენეს. ასევე ნახსენებია აფგან მუხთარლის გახმაურებული საქმე, რომელზეც გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
რაც შეეხება 2019 წლის 8 ივლისს ლგბტ აქტივისტების მიერ ჩატარებულ ღირსების მარშს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადიკალური მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ღირსების მარშის მონაწილეების მიმართ ძალადობრივი მოწოდებების მიუხედავად, მათ მიმართ ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სამოქალაქო საზოგადოების წვლილი ასოცირების შესახებ შეთანხმების მონიტორინგში. ამასთანავე, მითითებულია, რომ საჭიროა მთავრობასა და პარლამენტთან ურთიერთობის ფორმალური მექანიზმების არსებობა და გარკვეულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნდობის აღდგენა.
ნგარიში სასამართლოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისას პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. ამასთან, გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესმა „სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო“,- აღნიშნულია ანგარიშში.
კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიუხედავად, „მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება არსებობს“. ასევე ყურადღება სამსახურეობრივი დანაშაულის შემთხვევების გამოძიების დაბალ მაჩვენებელზეა გამახვილებული. 2019 წლის პირველ ნახევარში, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამსახურებრივი დანაშაულების 365 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან მხოლოდ 3.8% გაიხსნა.
ანგარიშში, ასევე საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმაც არის განხილული, რომლის განხორციელებაც 2019 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული და ინსტიტუციური პირობების უმეტესობა არსებობს, ზოგიერთ სამინისტროში რეფორმის შესრულება ჯერ კიდევ არასრულია.
ანგარიშის ბოლო ნაწილში აღნიშნულია, რომ 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს რეფორმების გატარების მზადყოფნა, რაც ევროპის გზაზე მისი შემდგომი წინსვლისთვის გადამწყვეტი იქნება. დიდი მნიშვნელობა ექნება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმების გატარებას. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა. გარდა ამისა, არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, დოკუმენტის თანახმად, უმნიშვნელოვანესია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდნარე, ნათლად ჩანს, რომ ევროკომისიის დასკვნაში კრიტიკულადაა შეფასებული 2019 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძირითადი რეფორმები. შესაბამისად, გიორგი ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.