ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 დეკემბერს შპს „სანდასუფთავებასთან“, გამარტივებული წესით, ორი ხელშეკრულება გააფორმა: ერთი 480 059-ლარიანი, რომელიც ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავებას, მორწყვა-მორეცხვას, ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოებს, ქუჩაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოძრაობის აღკვეთის მომსახურებას გულისხმობს, ხოლო მეორე - 269 400 ლარის ღირებულების, რომლითაც, იმავე კომპანიისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ანახვეტის, თოვლის გატანის მომსახურება შეისყიდა. ორივე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების მიწოდება 2020 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული პირდაპირი წესით ხელშეკრულებების გაფორმება შპს „სანდასუფთავებასთან“.
ბათუმის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, მათ იმოქმედეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 22. 08. 2019 წლის N 3 ბრძანების შესაბამისად: „ერთგვაროვანი მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ ღირებულება აღემატება 139 000 ევროს, ტენდერის გამოცხადების ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 40 დღეს. ვინაიდან ჩვენ გეგმა მივიღეთ 20 ნოემბერს, შესაბამისად, იმ დღესვე უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი. რადგან თანხები იყო დასაზუსტებელი, ბიუჯეტში ასიგნებებზე დასამატებელი და ა. შ. ტენდერი რომც გამოგვეცხადებინა, 1 იანვრიდან ვერ ვიწყებდით სამუშაოებს. ამიტომ გაგვეწელა პროცესი, ჩვენ მივმართეთ სააგენტოს და მან მოგვცა თანხმობა, რომ ერთი თვე გამარტივებული შესყიდვით გაგვეფორმებინა ხელშეკრულება“, - გვითხრა მერიის თანამშრომელმა. აქვე გაგაცნობთ, რომ ზემოთ ნახსენები ბრძანება ნამდვილად 2019 წლის 22 აგვისტოს გამოიცა და მისი ძალაში შესვლის თარიღი იმავე წლის 1 სექტემბერია.
აღნიშნული ბრძანების თანახმად, თუ შესასყიდი მომსახურების ღირებულება შეადგენს ან აღემატება: ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში - 144 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო ერთგვაროვანი სამუშაოების შემთხვევაში - 5 548 000 ევროს ეკვივალენტს ლარში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ასევე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განისაზღვრება 25 დღე, ხოლო 5 დღე - სატენდერო წინადადების წარსადგენად (2019 წლის 30 დეკემბერს ბრძანებაში ცვლილება შევიდა და მონეტარული ზღვრები დაკორექტირდა, თუმცა ჩვენ მიერ განხილულ საკითხს ეს ცვლილება არ უკავშირდება, რადგან საუბარია 13 დეკემბერს განხორციელებულ შესყიდვაზე).
აქედან გამომდინარე, აღნიშნული ბრძანების გათვალისწინების შემთხვევაში, თუ ნოემბერშივე შესაბამის აქტივობებს განახორციელებდა, ბათუმის მერიას შეეძლო, შესაბამის ვადებში ჩატეულიყო და პირდაპირი წესის გამოყენების აუცილებლობა თავიდან აეცილებინა. მით უმეტეს, ბრძანებაში საუბარია არა 40 მინიმალურ დღეზე, როგორც ეს მერიის თანამშრომელმა ჩვენთან განაცხადა, არამედ 30 დღეზე.
საინტერესოა ისიც, რომ ბათუმის მერია, ყოველი მომდევნო წლისთვის, შესყიდვაზე ტენდერს სწორედ წინა წლის ბოლოს აცხადებს. მაგალითად, 2018 წლისთვის ტენდერი 2017 წლის 5 დეკემბერს გამოაცხადა, ხოლო ხელშეკრულება „სანდასუფთავებასთან“ 2018 წლის 12 იანვარს გააფორმა. აქვე გეტყვით, რომ შპს „სანდასუფთავება“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-იანი მონაწილეობით 2006 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან დღემდე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ტერიტორიების დასუფთავებაზე, ნაგვის, ანახვეტისა და თოვლის გატანაზე, დეზინსექცია-დერატიზაციისა და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული თითქმის ყველა ტენდერის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულია. ამ პერიოდში ჩატარებული 100 ტენდერიდან, გამონაკლისია მხოლოდ ოთხი შემთხვევა, როცა შპს „სანდასუფთავებას“ ტენდერში კონკურენტი ჰყავდა და ხელშეკრულება სწორედ კონკურენტმა მიიღო. საუბარია შედარებით დაბალი ღირებულებების შესყიდვებზე: 2018 წელს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში 8 625-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ეკომედთან“ გაფორმდა; 2017 წელს შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულმა ცენტრმა“ 5 850 ლარის ღირებულების მომსახურება შპს „ეკო მედიკალ ჯგუფისგან“ შეისყიდა, იმავე წელს ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ 3 252-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ჰემა 2012-თან“ დადო; 2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ი/მ შალვა მესხიძესთან, 49 999 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვაზე.
შპს „სანდასუფთავებას“ კონკურენტი კიდევ ორ ტენდერში ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ პრეტენდენტზე დაბალი ფასი დააფიქსირეს, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა და ორივე შემთხვევაში შემსყიდველმა ხელშეკრულება „სანდასუფთავებასთან“ გააფორმა. საერთო ჯამში, 2011 წლიდან 2019 წლის ბოლომდე პერიოდში გამოცხადებული იმ ტენდერების სავარაუდო ღირებულება, რომლებშიც შპს „სანდასუფთავებამ“ გაიმარჯვა, 89 325 017 ლარს შეადგენს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება - 87 906 811 ლარს.
გრაფიკი 1. სახელმწიფო შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება, რომლებშიც შპს „სანდასუფთავებამ“ გაიმარჯვა და გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ფასი, გამოცხადების წლების მიხედვით
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას აუცილებელია ხუთი პრინციპის დაცვა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია, მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა, შესყიდვის მონაწილეთა შორის პროპორციული მოთხოვნების დადგენა, საჯაროობა და გამჭვირვალობა.
პირველი პრინციპი რომ დარღვეულია, გრაფიკიდანაც ჩანს. ასი ტენდერიდან შპს „სანდასუფთავებას“ კონკურენტი მხოლოდ ექვს ტენდერში ჰყავდა. აქედან ორ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნეთ, სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად გაიმარჯვა, ხოლო ოთხ ტენდერში გამარჯვებული სხვა კომპანიაა. აქედან გამომდინარე, შემსყიდველი „სანდასუფთავებასთან“ ხელშეკრულებას, ფაქტობრივად, ყოველთვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ფასად აფორმებს. უმეტესად ფასთა კლება ერთ ან ორ თეთრს შეადგენს. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში კომპანიამ ფასი 2 000 ლარით ან ოდნავ მეტით დასწია. საანგარიშო პერიოდის მთლიანი მონაცემებით თუ ვიანგარიშებთ, ხელშეკრულებების ჯამურ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით, ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება მხოლოდ 1,59%-ითაა შემცირებული.
ჯანსაღ კონკურენციასა და სხვა პრინციპებზე კი საუბარიც ზედმეტია, რადგან უკვე აღვნიშნეთ, რომ „სანდასუფთავებას“ ტენდერებში კონკურენტი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდის, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების, თოვლის გატანის მომსახურება ჯერ, ერთთვიანი ვადით, პირდაპირი წესით შეისყიდა, მერე კი - ორი ელექტრონული ტენდერით, 2020 წლის თებერვალში, ორდღიანი თოვის შემდეგ, ბათუმის ქუჩებისა და ტროტუარების ნაწილი, მათ შორის, ცენტრალურ უბნებშიც, გაუწმენდავი დარჩა, თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, ზამთრის პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუჩებისა და ტროტუარების გაწმენდა თოვლის საფარისგან და საჭიროების შემთხვევაში, მისი გატანა. იმას, რომ ტროტუარებზე მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები არ განხორციელებულა, მათ შორის, ცენტრალურ უბნებშიც და რამდენიმე ქუჩის ორივე მხარეს საავტომობილო გზიდან აღებული თოვლი, რომელიც კომპანიას უნდა გაეტანა, მიყრილი იყო, ფაქტ-მეტრის მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს.