უკვე წლებია, რაც ბათუმის განაშენიანების პროცესი უსისტემოდ, განაშენიანების გენერალური გეგმის გარეშე მიმდინარეობს. არაერთი მერის არაერთი დაპირების მიუხედავად, ასეთი დოკუმენტი დღემდე ვერ მომზადდა. ქალაქის ჩაბეტონებისა და ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი პროტესტი კი რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევს. ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ ისიც კი განაცხადა, რომ ამ ადამიანებს ცათამბჯენების კომპლექსი აქვთ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის" სტატია). თუმცა ბათუმში რომ მშენებლობები ქაოსურად და ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მიმდინარეობს, ამაზე უკვე სპეციალისტებიც საუბრობენ და ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი ვერც ქალაქ ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა უარყო.
„ფაქტ-მეტრი" დაინტერესდა, 2012-2019 წლებში, ექსპლუატაციაში რამდენი შენობა-ნაგებობა შევიდა. ინფორმაციისთვის, ახალაშენებული ობიექტების ნაწილი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. ძირითადად ეს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს ეხება, რომლებშიც მოსახლეობა, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, მაინც ცხოვრობს და ამაზე პასუხისმგებლობას არც თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური, არც მშენებელი კომპანია და არც დამკვეთი მხარე არ იღებს.
როგორც ირკვევა, 2012-2019 წლებში ექსპლუატაციაში 2 086 431 კვმ სხვადასხვა დანიშნულების ფართია მიღებული. დანართი 1
გრაფიკი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2012-2019 წლებში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ფართი (კვმ)
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
თუ ობიექტების რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში ჯამში 484 ობიექტია მიღებული.
გრაფიკი 2. ქალაქ ბათუმში 2012-2019 წლებში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
როგორც ირკვევა, ექსპლუატაციაში მიღებული ფართების ყველაზე დიდი რაოდენობა, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, 2018 წელზე მოდის.
გრაფიკი 3. ქალაქ ბათუმში 2012-2019 წლებში ექსპლუატაციაში მიღებული ფართი ( კვმ)
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ჯამური ფართის (2 240 081 კვმ) ყველაზე დიდი წილი საცხოვრებელ ფართზე მოდის - 67%, ანუ 1 507 228 კვმ.
გრაფიკი 4. ბათუმის მერიის მიერ 2012-2019 წლებში ექსპლუატაციაში მიღებული ფართის წილობრივი გადანაწილება დანიშნულების მიხედვით
წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
ინფორმაციისთვის, საანგარიშო პერიოდში, ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში ასევე ჯამში 120 318 გრძ მ ხაზობრივი ნაგებობა მიიღო.
2018-2019 წლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 264 უნებართვო მშენებლობაა გამოვლენილი. აქედან 134 შემთხვევა 2018 წელს გამოვლინდა, ხოლო 130 ფაქტი – 2019 წელს. გამოცემულია შესაბამისი დადგენილებები დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის, საურავის დაკისრების, გასამმაგებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. თუმცა ამ დადგენილებების აღსრულება თითქმის ყოველთვის პრობლემაა. მაგალითად: შარშან ბათუმში კომპანიამ უნებართვოდ რვა სართული ისე ააშენა, რომ მერიის შესაბამის სამსახურებში ამის შესახებ, როგორც თვითონ გვარწმუნებდნენ, ვერაფერი შეიტყვეს. ამ ობიექტის დემონტაჟი, მიუხედავად რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებისა, დღემდე არ განხორციელებულა.