რეზიუმე: სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. თუმცა საარჩევნო წლებს თუ განვიხილავთ, წინასაარჩევნო პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდება, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მცირდება (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში). ჩვენ 2008-2019 წლების სტატისტიკური მონაცემები გავაანალიზეთ და გამონაკლისი მხოლოდ 2017 წელი აღმოჩნდა, თვითმმართველობის არჩევნების წინ დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა.

ირაკლი ყიფიანის განცხადების კონტექსტი, რომ წინასაარჩევნოდ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იზრდება და არჩევნების შემდეგ მცირდება, სიმართლეს შეესაბამება. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, რომელიც მან მოიყვანა, ბოლომდე ზუსტი არაა. 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა ,ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად იზრდებოდა. ამ პერიოდში[i] სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 76 796-ით გაიზრდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2017 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. დასახელებულ პერიოდში დახმარება 59 024 მოქალაქეს მოეხსნა/შეუჩერდა.

ანალიზი

ტოქშოუში „რეაქცია“ ეკონომისტმა,„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმაირაკლი ყიფიანმა განაცხადა: „ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 70 ათას ადამიანს დაუნიშნა სოციალური დახმარება, არჩევნების დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასივე ადამიანს შეუწყვიტეს დახმარება. ხელისუფლება ამ ადამიანებს იყენებს, რომ საარჩევნოდ ხმები იყიდოს“. ირაკლი ყიფიანის განცხადების სიზუსტეში ოპონენტებს ეჭვი შეეპარათ, რის შემდეგ ირაკლი ყიფიანმა პირდაპირი ეთერიდან „ფაქტ-მეტრს“ მიმართა და მისი განცხადების გადამოწმება სთხოვა.

ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება - ოჯახის შემოსავლების, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ცვლილებების გამო. ასევე 4 წელიწადში ერთხელ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმიური შემოწმება ხორციელდება. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება იწვევს, რადგან ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება ხდება. ამასთან, პროგრამას ახალი ბენეფიციარებიც ემატება, რაც ასევე იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის გადამოწმების პროცესში დახმარების დროებით შეჩერება ხდება (რაც დაახლოებით ორთვიანი პერიოდია). თუ ოჯახს, გადამოწმების შედეგად, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება, მას ფულადი დახმარება აღუდგება და ის პერიოდიც აუნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა.

„ფაქტ-მეტრი“ სოციალური დახმარების პროგრამის მიმდინარეობას დიდი ხანია აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მცირდება. აღნიშნული აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვის (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის), წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა, ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად იზრდებოდა. 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 129 579 ოჯახი, ოქტომბერში კი- 146 690 ოჯახი. ამ პერიოდში სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 76 796-ით გაიზარდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2017 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდში დახმარება 59 024 მოქალაქეს (24 114 ოჯახს) მოეხსნა/შეუჩერდა.

გრაფიკი 1: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

„ფაქტ-მეტრის" ერთ-ერთ სტატიაში, 2008-2016 წლებში, ყველა საარჩევნო წელია მიმოხილული, სადაც ნათლად ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა.

ამ მხრივ, გამონაკლისი 2017 წელი აღმოჩნდა. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაისიდან, სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. ანუ, სახეზე იყო ის ტენდენცია, რაც ყველა საარჩევნო წელს ხდებოდა. თუმცა, წინასაარჩევნო თვეს (სექტემბერში) და არჩევნების თვეს (ოქტომბერში), საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი არც 2018 წელი (საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი) ყოფილა. წინა წლების მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, სექტემბრიდან კი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ზრდის ტენდენცია 2019 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდა, ივლისიდან კი პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ანუ არც 2019 წელი იყო გამონაკლისი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში„ფაქტ-მეტრისთვის" არაერთხელ უთქვამთ, რომ სააგენტოს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების არავითარი სუბიექტური მექანიზმი და ბერკეტი არ გააჩნია.

თუმცა ჩვენი მოსაზრებით, შესაძლებელია, იმ მექანიზმების დროებით შეჩერება, რომელმაც შეიძლება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ოჯახები, რომელთაც გეგმიური ან/და ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება უწევთ, წინასაარჩევნო პერიოდში არ გადამოწმდეს. იმ ოჯახებს კი, რომელთაც დროებით ჰქონდათ დახმარება შეჩერებული, წინასაარჩევნო პერიოდში აღუდგეთ. ასევე ახალი განაცხადები გადამოწმდეს და პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატოს. შედეგად, დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზრდება, რაც მეტ კმაყოფილ მოქალაქეს ნიშნავს. ისინი კი ხელისუფლების პოტენციურ ამომრჩევლად შეიძლება განვიხილოთ.


[i] 2016 წლის ოქტომბრის მონაცემები შედარებულია 2016 წლის იანვარის მონაცემებთან

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი