სექტემბერ-ოქტომბერში საარსებო შემწეობა 3 803 მოქალაქეს (445 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა. სოციალური დახმარების პროგრამის არსებობის დღიდან, წინასაარჩევნო პერიოდში დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა.

2017 წლის იანვარ-აპრილში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, შემცირების ტენდენცია 2016 წელს არჩევნების შემდეგ (ნოემბრიდან) დაიწყო. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაისიდან, სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. ანუ, სახეზე იყო ის ტენდენცია, რაც ყველა საარჩევნო წელს ხდებოდა - წინასაარჩევნოდ სოციალური პროგრამების ბენეფიციართა ზრდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოება და მედია, მათ შორის ფაქტ-მეტრი. წინა წლების ტენდენციების გათვალისწინებით, იყო მოლოდინი, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა არჩევნებამდე გაგრძელდებოდა და შემდგომ დაიწყებოდა კლება. თუმცა, წინასაარჩევნო თვეს (სექტემბერში) და არჩევნების თვეს (ოქტომბერში) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა.

ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. ეს არის ბუნებრივი პროცესი - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება. შემოსავლების, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ცვლილებების გამო, ოჯახს შეიძლება სოციალურად დაუცველის სტატუსი ან ფულადი დახმარება მოეხსნას. ამასთან, ოჯახის გადამოწმების პროცესში დახმარების დროებით შეჩერება ხდება (რაც დაახლოებით ორთვიანი პერიოდია). ასევე, პროგრამას ემატება ახალი ბენეფიციარებიც, რაც იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც. მაგალითად, 2015 წელს ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და ახალი მეთოდოლოგიით ოჯახების გადამოწმების პროცესი დღემდე მიმდინარეობს. თუმცა, არსებობს ხელოვნური ჩარევის მექანიზმებიც, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით სოციალური დახმარების პროგრამის მიმდინარეობას. თუ სხვა პერიოდებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება იწყებოდა. ეს აჩენდა კითხვას - არცერთი ხელისუფლების პირობებში, წინასაარჩევნო პერიოდში რატომ არასდროს დაფიქსირებულა დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება? ასევე აჩენდა ლოგიკურ ეჭვებსაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ხელისუფლებისთვის (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის).

სოციალური მომსახურების სააგენტოში ფაქტ-მეტრისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ „სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი და სუბიექტური მექანიზმი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების“.

თუმცა ჩვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში ჩვენ სწორედ იმ მექანიზმებზე ვსაუბრობდით, რომელიც ამ მხრივ არსებობდა. ჩვენი მოსაზრებით, შესაძლებელია იმ მექანიზმების დროებით შეჩერება, რომელმაც შეიძლება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ოჯახები, რომელთაც უწევთ გეგმიური ან/და ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება, წინასაარჩევნო პერიოდში არ გადამოწმდეს. ამით დახმარების მოხსნისთვის ან დროებით შეჩერებისთვის თავის არიდება შესაძლებელია და პროგრამის ბენეფიციარების რაოდენობა არ შემცირდება. სამაგიეროდ, წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია, ოჯახებს, რომელთაც გადამოწმების გამო დროებით შეუჩერდათ დახმარება, საარსებო შემწეობა აღუდგეთ. ასევე, გადამოწმდეს ოჯახები, რომლებმაც დახმარების დანიშვნის თაობაზე განაცხადები შემოიტანეს და პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატოს. შედეგად კმაყოფილები არიან ის ოჯახებიც, ვისაც დახმარება შეუნარჩუნეს და ის ოჯახებიც ვისაც ფულადი დახმარება დაუნიშნეს ან აღუდგინეს. შესაბამისად, ისინი ხელისუფლების პოტენციური მხარდამჭერები არიან.

როგორც აღვნიშნეთ, ფაქტ-მეტრი თავის ბოლო სტატიაში, სადაც ყველა საარჩევნო წელია მიმოხილული, წერდა, რომ ყოველი არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდებოდა. რადგან ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შეინიშნებოდა, ამ ფაქტს საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან, მათ შორის ექსპერტების და მედიის მხრიდან კრიტიკული და ხმამაღალი განცხადებები მოჰყვა. შესაძლოა, ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც აღმოჩნდა 2017 წელი გამონაკლისი.

მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება, შესაძლოა ბუნებრივი პროცესი იყო და ის ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება სოციალურად დაუცველების ხმების მიღებას, დახმარების შენარჩუნებით ან დანიშვნით არ შეეცადა.

თეგები: