რეზიუმე: ტერმინი რეგიონი საკუთარ თავში ერთგვარ განუსაზღვრელობას მოიცავს, ვინაიდან, როგორც წესი, რომელი ქვეყნები და რა პრინციპით შეჰყავს განცხადების ავტორს ამ ჯგუფში, გაურკვეველია. თუმცა ცალსახაა, რომ რეგიონი აუცილებლად მოიცავს მინიმუმ მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს. განცხადებიდან ასევე ნათელია, რომ გახარია საუბრისას მიმდინარე ან/და უახლოესი წარსულის ფაქტობრივ მონაცემებს გულისხმობს, შესაბამისად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს 2018-2019 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს. აქედან, ფაქტობრივი მონაცემები მხოლოდ 2018 წლისათვის არის ცნობილი. 2019 წლის შემთხვევაში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ზრდის მხოლოდ წინასწარი შეფასებები აქვს ასახული (2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით). ანალიზიც აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა.
რაც შეეხება უშუალოდ ზრდის მაჩვენებლებს, საქართველოს 2015 წელს ეკონომიკური ზრდით სომხეთი და თურქეთი უსწრებდა; 2016 წელს - თურქეთი; 2017 წელს - ისევ სომხეთი და თურქეთი; 2018 წლის ფაქტობრივი მონაცემებითა და 2019 წლის წინასწარი შეფასებით საქართველოზე უკეთესი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სომხეთს უნარჩუნდება. შესაბამისად, არათუ რეგიონში, მეზობელ ქვეყნებშიც კი, საქართველოს , 2015-2019 წლების პერიოდში, არც ერთ წელს არ ჰქონია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქვეყანა უსწრებდა. ამავე პერიოდში, გარდა 2016 წლისა, სომხეთს პერმანენტულად უკეთესი ზრდის მაჩვენებელი უფიქსირდება, მეტიც 2015-2017 წლებში, საქართველოზე უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა თურქეთი, რომელიც ეკონომიკურად მეტად განვითარებული ქვეყანაა და მისთვის ნაკლებად განვითარებულ საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა თეორიულად მეტ სირთულეს უნდა წარმოადგენდეს.
ამავდროულად, გარდა ცალკეული წლებისა, 2015-2018 წლების პერიოდში, ჯამურად (განსხვავება 2014 და 2018 წლების რეალურ მშპ-ს შორის) სომხეთის რეალური მშპ 16.9%-ით, ხოლო საქართველოსი 16.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოს მოხსენიება რეგიონში ,დღეის მდგომარეობით, ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რეალობას არ შეესაბამება.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს და დააზუსტა რომ აღნიშნულში ყველაზე სწრაფ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს.
განცხადების რეალობასთან შესაბამისობის ანალიზისას პირველ რიგში მნიშვნელოვანია განიმარტოს, „რეგიონში“ პრემიერ-მინისტრი რას გულისხმობს. ტერმინი რეგიონი საკუთარ თავში ერთგვარ განუსაზღვრელობას მოიცავს, ვინაიდან, როგორც წესი, რომელი ქვეყნები და რა პრინციპით შეჰყავს განცხადების ავტორს ამ ჯგუფში, გაურკვეველია. თუმცა ცალსახაა, რომ რეგიონი აუცილებლად მოიცავს მინიმუმ მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანს, სომხეთს, რუსეთს და თურქეთს. განცხადებიდან ასევე ნათელია, რომ გახარია საუბრისას მიმდინარე ან/და უახლოეს წარსულის ფაქტობრივ მონაცემებს გულისხმობს, შესაბამისად განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს 2018-2019 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს. აქედან, ფაქტობრივი მონაცემები, მხოლოდ 2018 წლისათვის არის ცნობილი, 2019 წლის შემთხვევაში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ზრდის მხოლოდ წინასწარი შეფასებები აქვს ასახული (2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით). ანალიზიც აღნიშნულ მონაცემებს ეყრდნობა.
გრაფიკი 1. ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, უახლოეს წარსულში, 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდით სომხეთი და თურქეთი უსწრებდა; 2016 წელს- თურქეთი; 2017 წელს- ისევ სომხეთი და თურქეთი; 2018 წლის ფაქტობრივი და 2019 წლის წინასწარი შეფასებით საქართველოზე უკეთესი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სომხეთს უნარჩუნდება. შესაბამისად, არათუ რეგიონში, მეზობელ ქვეყნებშიც კი საქართველოს 2015-2019 წლებში არ ჰქონია ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და მინიმუმ ერთი ქვეყანა უსწრებდა. ამავე პერიოდში, გარდა 2016 წლისა, სომხეთს პერმანენტულად უკეთესი ზრდის მაჩვენებელი უფიქსირდება, მეტიც 2015-2017 წლებში საქართველოზე უფრო მაღალი ტემპით იზრდებოდა თურქეთი, რომელიც ეკონომიკურად მეტად განვითარებული ქვეყანაა და მისთვის ნაკლებად განვითარებულ საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა მეტ სირთულეს წარმოადგენს.
ამავდროულად, გარდა ცალკეული წლებისა, 2015-2018 წლების პერიოდში, ჯამში სომხეთის რეალური მშპ 16.9%-ით, ხოლო საქართველოსი 16.4%-ით გაიზარდა.