ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისის მერიის და მერის „პიარსა“ და რეკლამირებაში დახარჯულ სოლიდურ თანხებზე ხშირად საუბრობენ. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე ხნის წინ აცხადებდა, რომ მერის „პიარ“-მენეჯერების შრომის ანაზღაურებისა დ Facebook-გვერდის მართვისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან თვეში ჯამში 95 810 ლარი იხარჯება. მისი განცხადებით, თბილისის მერის და მერიის საქმიანობის რეკლამირებას 24 „პიარ“-მენეჯერი, სამი ოპერატორი, ორი ფოტოგრაფი, რამდენიმე მემონტაჟე, გრაფიკოსი, კონსულტანტი და პროდიუსერი ემსახურება.
ჩვენ ლევან ხაბეიშვილის განცხადების დამადასტურებელი ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თუმცა შევეცადეთ, გაგვერკვია, სოციალურ ქსელ Facebook-ზე მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის და საქმიანობის რეკლამირება თბილისის ბიუჯეტს რა თანხა უჯდება.
მიმდინარე წლის 6 იანვარს თბილისის მერიამ (ა (ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტომ“) გამარტივებული შესყიდვის წესით (CMR200001380) სოციალურ ქსელ Facebook-ის სარეკლამო მომსახურება შეიძინა. მომსახურების ხანგრძლივობა ერთი წელია და ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს.
გასულ წელსაც სოციალურ ქსელ Facebook-ისგან სარეკლამო მომსახურების შესაძენად თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა და მომსახურება ერთი წლის განმავლობაში 170 000 ლარად შეიძინა (CMR 19 0000570). 2018 წელს იგივე მომსახურება 145 841 ლარი დაჯდა (CMR180046475 და CMR180082359).
აღნიშნული ტიპის მომსახურების შეძენა თბილისის ბიუჯეტის ქვეპროგრამა „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“ (კოდი 07 02 04) ხორციელდება.
ქვეპროგრამის მიზანია:
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკომუნიკაციო სისტემის შექმნა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
- სხვადასხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მეშვეობით დაგეგმილი პროექტების განხორციელება;
- თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის, მედიის და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების დროული და სრულყოფილი ინფორმირებულობა.
თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, ბოლო წლებში, პროგრამისათვის „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“, შემდეგი რაოდენობის თანხა არის გამოყოფილი:
ცხრილი1: პროგრამა „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“ ბიუჯეტი 2017-2020 წლებში
წელი |
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
ბიუჯეტი (სულ) |
1 087 200 |
2 717 500 |
4 297 300 |
4 667 700 |
დასაქმებულები |
- |
24 |
18 |
18 |
შრომის ანაზღაურება |
- |
512 700 |
595 200 |
595 200 |
წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
როგორც ცხრილიდან ჩანს, პროგრამის დაფინანსება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამაში დასაქმებულთა რაოდენობა 2019-2020 წლებში, 2018 წელთან შედარებით, 6 ადამიანით არის შემცირებული, თუმცა შრომის ანაზღაურების ბიუჯეტი, პირიქით გაზრდილია (82 500 ლარით).
ასევე საყურადღებოა, რომ თბილისის მერიამ 2017 წლის დეკემბერში რამდენიმე პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია: სპეციალისტი მედიასთან ურთიერთობის საკითხში - ანაზღაურება 3 500 ლარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი -ანაზღაურება 5 600 ლარი, მერიის მრჩეველი საზოგადოებრივ საკითხებში- ანაზღაურება 4 000 ლარი, მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში- ანაზღაურება 5200 ლარი და მერიის მრჩეველი სტრატეგიული პროექტების მიმართულებით - ანაზღაურება 5 600 ლარი. აღნიშნული ვაკანსიები შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებზე იყო გამოცხადებული და მათ თანამდებობების დასაკავებლად გამარტივებული კონკურსი უნდა გაევლოთ. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ვაკანსიებზე პირების აყვანა სწორედ გამარტივებული კონკურის საფუძველზე განხორციელდა.