თბილისის მთავარი ნაძვის ხე დედაქალაქის მერიას თითქმის მილიონი ლარი დაუჯდა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მ გაიმარჯვა და ოცდახუთმეტრიანი ნაძვის ხე იტალიიდან 996 853 ლარად ჩამოიტანა.
გარდა ნაძვის ხისა, იტალიურმა კომპანიამ თბილისი საახალწლო აქსესუარებით და ილუმინაციებითაც უზრუნველყო. ამისათვის, მერიის მიერ გამოცხადებულ სამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 2 147 000 ლარი შეადგინა. კომპანია „იდოს“ მიერ მოწოდებული საახალწლო დეკორაციებიდან, რამდენიმეს ფასზე გავამახვილებთ ყურადღებას:
· 3 D გული - 65 882 ლარი;
· 3 D ვარსკვლავი -103 000 ლარი;
· 3 D კუბი - 86 136 ლარი;
· 3 D სფერო -79 440 ლარი.
გარდა ზემოთ დასახელებული დეკორაციებისა, თბილისის ცენტრალური უბანი პლანეტების გამოსახულებიანი აქსესუარებით მოირთო, რომელთა ღირებულება შემდეგია:
· გალაქტიკა -12 462 ლარი;
· მზე - 30 000 ლარი;
· პლანეტა იუპიტერი - 21 840 ლარი;
· სატურნი -12 673 ლარი;
· დედამიწა -10 207 ლარი;
· ვენერა - 8 079 ლარი;
· მარსი - 8 413 ლარი;
· ნეფტუნი - 8 003 ლარი;
· მერკური - 5 616 ლარი;
· მეტეორი - 436 ლარი;
· სფერო - 2924 ლარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ფასი მხოლოდ ერთი აქსესუარის ღირებულებაა, ჯამში პლანეტარიუმისთვის 1 225 000 ლარია გადახდილი. დედაქალაქი საახალწლო გასანათებელი მოწყობილობით შპს „ბენ 3“-მაც მაომარაგა, სულ 4 77 000 ლარის ღირებულების აქსესუარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის 2020 წლის საახალწლო სამზადისი დედაქალაქის ბიუჯეტს ჯამში 3 620 853 ლარი დაუჯდა. 2019 წელს თბილისი ძირითადად ანგელოზის გამოსახულების დეკორაციებით და ოქროსფერი ქსოვილის ბადეებით იყო მორთული. მაშინაც დედაქალაქი იტალიურმა კომპანიამ IDO გაანათა, რა მიზნითაც ბიუჯეტიდან 2 093 789 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 578 000 ლარის ღირებულების საახალწლო გასანათებელი მოწყობილობები და სტრინგები კომპანია „ალპა +“-განაც შეისყიდა. შესაბამისად, 2019 წლის საახალწლო ილუმინაციები და აქსესუარები დედაქალაქის ბიუჯეტს ჯამში 2 671 789 ლარი დაუჯდა.
2018 წელს თბილისის საახალწლო განათებაში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილსერვის“ ჯგუფს უფლება მიეცა საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განეხორციელებინა. ამ მიზნით „თბილსერვის“ ჯგუფს სამი მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიამ საახალწლო ილუმინაციები და აქსესუარები გამარტივებული შესყიდვის ფორმით სხვადასხვა კომპანიებისგან („IDO SRL “ ,შპს „ღამის შოუ სტუდია“ „remontali I.t.d“, შპს“თეზვი“) შეისყიდა. შესაბამისად, დედაქალაქის საახალწლო მორთვას ბოლო სამი წელია იტალიური კომპანია „იდო“ ახორციელებს.
თბილისში დადგმული ნაძვის ხის ფორმამ და ფასმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაძვის ხის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ქალაქის მერი კახი კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მსგავსება ყოფილიყო ნატურალურ ნაძვის ხესთან. წლების განმავლობაში ნაძვის ხე სამკუთხედი ხუფის სახით გვქონდა. ზოგადად, ტრენდია მსოფლიოში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან. მომავალი წლისთვის, ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან“.
სამომავლოდ, სანამ ნატურალურ ნაძვის ხეს ნორვეგიაში შევისყიდით, ჩვენი მხრივ, დედაქალაქის მერს, შევახენებთ, რომ უკვე რამდენიმე წელია, კავკასიური სოჭის თესლი საქართველოდან ევროპაში გასაყიდად გააქვთ. ეს წიწვოვანი ხე ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის, 50 მეტრამდე იზრდება და დიამეტრში 1.5 მეტრს აღწევს. ის საქართველოში ძირითადად რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ თლუღთან ხარობს. ის ევროპაში ძალიან პოპულარულია. BBC-ის და National Geographic-ის ინფორმაციით, ეს ხე ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბაზრის 60%-ს იკავებს. ინდუსტრია კი, როგორც Guardian-ი წერს, დიდია: კონტინენტზე ყოველწლიურად 150 მილიონი საახალწლო ნაძვი იყიდება, მათი მესამედი საქართველოს მიწის ნაყოფია (წყარო: ნეტგაზეთი).