14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა. ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
27 ნოემბერს „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, რომ ელჩებს არაერთხელ შეხვდა და ვერცერთმა მათგანმა ვერ იკითხა, დაირღვა თუ არა დემოკრატიული ჩარჩოები ან „ქართულმა ოცნებამ“ „რამე ისეთი“ ხომ არ გააკეთა.
ჩნდება შეკითხვა: რამდენად რეალურია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც უშუალოდ გასცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება, კითხვები არ დაესვათ?
თუ გავითვალისწინებთ ამ ტიპის შეხვედრების პრაქტიკას, პირველ რიგში კარლ ჰარცელი, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, პირველ სიტყვას იტყოდა, ხოლო შემდეგ Tour de Table-ს პრინციპით, სხვა ელჩების რიგიც დადგებოდა.
შეხვედრამდე, 18 ნოემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ ერთობლივი, საკმაოდ მწვავე და კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნეს. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები“.
იქედან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების სრული მხარდაჭერა ჰქონდა, განცხადების მიხედვით იკითხება, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.
გარდა ამისა, გავრცელებულ ტექსტში წერია: „ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორცქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი...“ ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ: „ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“. აღნიშნული პოზიციიდან კიდევ ერთხელ ცალსახად ჩანს, რომ დიპლომატიური კორპუსი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების ქმედებას.
ელჩები ყოველთვის კონკრეტული პოზიციიდან გამომდინარე, ინსტრუქციის მიხედვით საუბრობენ. ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო განცხადებების შინაარსი ყოველთვის თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული. შესაბამისად, დიდი ალბათობით, 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსის პოზიციონირება სწორედ, აღნიშნული განცხადების იდენტური იყო.
რომ შევაჯამოთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს მწვავე განცხადებას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას - „ქართულ ოცნებას“. განცხადების გავრცელების შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ხვდებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელმაც პირობა მისცა ხალხს და არ შეასრულა. ამ ყველაფრის ფონზე, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე ელჩებს შეკითხვა არ დაუსვამთ?! აბსურდია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ზუსტად ამაში დაგვარწმუნოს.
„ფაქტ-მეტრმა“ 21 ნოემბერს გამართული შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია, საკუთარი კონტაქტების მეშვეობით გადაამოწმა. დიპლომატიური კორპუსის რამდენიმე წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ შეხვედრის დროს მათ არამხოლოდ შეკითხვები დასვეს, არამედ საკმაოდ მწვავე და კრიტიკული საუბარი ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან (ვინაიდან ელჩებს საჯაროდ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ, კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს ვიკავებთ).