რეზიუმე: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2009-2013 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 58 935 500 – 99 386 400 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, გამოკვეთილი ტენდენციის გარეშე. 2014 წელს უკვე 169 075 900 დოლარს აღწევდა და მომდევნო წელს თითქმის 23%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარის რეგიონში სწორედ 2017 წელს აღინიშნა - 209 642 100 აშშ დოლარი. შარშან კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა და 75 551 300 აშშ დოლარს გაუტოლდა.
2019 წლის ორი კვარტლის ჯამურიმა მონაცემებმა რეგიონში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27 435 500 აშშ დოლარით მოიკლო. აჭარის რეგიონში 2019 წლის I-II კვარტალში 48 627 300 დოლარის მოცულობისპირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 76 062 800 დოლარზე, 36%-ით ნაკლებია. რეინვესტიციის [1] კომპონენტი კი ორი მაჩვენებლის - რეინვესტიციის ზრდის და რეინვესტიციის შემცირების დაჯამებითმიიღება, რაც კომპონენტის წმინდა ცვლილებას ასახავს.
განცხადებაში, პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრისას, მინისტრი, სავარაუდოდ, მხოლოდ ზრდის ნაწილს ეყრდნობა, თუმცა რელევანტურია თუ მხედველობაში წმინდა ნაზარდს მივიღებთ, მხოლოდ ზრდის კომპონენტის ანალიზი უშინაარსოა. 2019 წლის ორ კვარტალში რეინვესტრების მაჩვენებელი უარყოფითია და -13.2 მლნ დოლარს შეადგენს, რაც არსებითად არ განსხვავდება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, როცა მონაცემი, ასევე უარყოფითი იყო და -13.8 მლნ დოლარს შეადგენდა.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც რეგიონში FDI-ის შემცირება განაპირობა, არის 2018 წელს უძრავი ქონების სექტორში ჰოლანდიური კომპანიის მიერ წილის დათმობა რეზიდენტი პირისთვის. ასევე ენერგეტიკის სფეროში თურქული კომპანიის მიერ სასესხო ვალდებულებების დაფარვა. 2019 წელს კი რეზიდენტს წილი მალტურმა კომპანიამ დაუთმო. აჭარაში ამ ოპერაციების შედეგად, შარშან და მიმდინარე წლის ორ კვარტალში, ჯამში 79 300 000 დოლარის მოცულობის წილი რეზიდენტების ხელში გადავიდა.
შესაბამისად, განცხადება მეტ-ნაკლებად ასახავს რეალობას რეზიდენტების მიერ პროექტების გადაბარების ნაწილში. მსგავსი ფაქტები მართლაც აღინიშნება, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია, ამავდროულად ასეთი შემთხვევები აქამდეც იყო, თუმცა სხვა ნაკადები აბალანსებდა. რეინვესტირების კომპონენტში კი განცხადების შინაარსი არსებითად აცდენილია ოფიციალურ მონაცემებს.
ანალიზი
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „უშუალოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, განპირობებულია იმით, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომლებიც თავდაპირველად დაიწყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, შემდეგ ეტაპზე ისინი გრძელდება ადგილობრივი, ჩვენი მოქალაქეების ინვესტიციებით. ძალიან მნიშვნელოვანია რეინვესტირების კომპონენტი, რომელიც არის ერთ-ერთი შემადგენელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების... ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს ჩვენ რეინვესტირების თვალსაზრისით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანად ქვეყანაში 2009 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) ზრდადობის ტენდენციით ხასიათდება და 2011 წელს უკვე 1 მილიარდ დოლარს აღემატება. 2012-2013 წლებში ოდნავ იკლებს, ხოლო 2017 წელს მაქსიმუმს - 1 962 613 500 აშშ დოლარს აღწევს. 2018 წლის მონაცემი - 1 265 236 100 აშშ დოლარი კი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 55.11%-ით ნაკლებია.
აჭარის ა/რ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემები საქსტატს 2009 წლიდან აქვს. ამ ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა რეგიონში ყველაზე მაღალ ნიშნულს 2017 წელს აღწევს და 2018 წელს მკვეთრად მცირდება. ხელისუფლება პუი-ს შემცირების არგუმენტად ხშირად უცხოელი ინვესტორების რეზიდენტი პირებით ჩანაცვლებას ასახელებს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი არარეზიდენტი პირების ინვესტიციები ჩანაცვლდა რეზიდენტების მიერ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოვითხოვეთ, მაგრამ ასეთი მონაცემები ვერ მოგვაწოდეს.
გრაფიკი 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009-2018 წლებში, მთლიანი ქვეყნის, მათ შორის, აჭარის ა/რ მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დანართი 1
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შარშან პირველ კვარტალში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობამ 64 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ჰოლანდიურმა კომპანიამ წილი რეზიდენტ პირს დაუთმო, ხოლო თურქულმა კომპანიამ სასესხო ვალდებულებები დაფარა, რამაც საბოლოო მაჩვენებელი შეამცირა. წელს კი რეზიდენტს წილი მალტურმა კომპანიამ დაუთმო. ამ ოპერაციებმა აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჯამში 79 300 000 დოლარით შეამცირა. აქვე აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები სწორედ შემომავალი და გამავალი ნაკადების კონსოლიდირებით იანგარიშება და მსგავსი ფაქტები გასულ პერიოდებშიც აღინიშნებოდა. ზრდადი ტენდენციის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ პუის შემცირების განმაპირობებელ ფაქტორებს სხვა შემომავალი ნაკადი აბალანსებდეს. ინტერესის ობიექტს წარმოადგენს, როგორ შეიცვლება წმინდა მაჩვენებელი. სწორედ, საბოლოო მონაცემი ასახავს ტენდენციას და სწორებაც მასზე უნდა გაკეთდეს.
2019 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემები რეგიონში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27 435 500 აშშ დოლარით იკლებს. აჭარის რეგიონში 2019 წლის I-II კვარტალში 48 627 300 დოლარის მოცულობის პუი შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, 76 062 800 დოლარზე, 36%-ით ნაკლებია. რაც შეეხება რეინვესტირების კომპონენტს, მიმდინარე წლის ორ კვარტალში რეინვესტრების მაჩვენებელი უარყოფითია და -13.2 მლნ დოლარს შეადგენს, რაც არსებითად არ განსხვავდება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, როცა რეინვესტირების მაჩვენებელი ასევე უარყოფითი იყო და -13.8 მლნ დოლარს შეადგენდა.
ცხრილი 1. აჭარის ა/რ ტერიტორიაზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით, 2018 წელი და 2019 წლის I-II კვარტალი, მლნ აშშ დოლარი
წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, დანართი 2
აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების კომპონენტმა მაქსიმალურ ნიშნულს 2017 წელს მიაღწია და 46 527 100 დოლარი შეადგინა. ამ წელს მაღალი იყო სააქციო კაპიტალის მოცულობაც - 107 040 600 დოლარი, თუმცა ეს კომპონენტი თავის მაქსიმუმს, 149 957 000 დოლარს, 2014 წელს აღწევს (დანართი 3). ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში აჭარის რეგიონის წილი ყველაზე მაღალი - 12.02% 2015 წელს იყო.
ცხრილი 2. აჭარის რეგიონის წილი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში
წელი |
2009 |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
2017 |
2018 |
2019 (I-II კვარტალი) |
წილი, % |
8,9 |
6,8 |
8,45 |
6,89 |
8 |
9,2 |
12,02 |
6,57 |
10,68 |
5,97 |
10,28 |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგიონში ერთ-ერთი კომპანია, დარიცხვის მეთოდოლოგიის გამო მუდმივად ზარალზე გადის, რაც რეინვესტირების მაჩვენებელზე ნეგატიურად აისახება. ჩვენ ვკითხეთ მას, ხომ არ გულისხმობდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ ნორვეგიული და ინდური ინვესტიციებით განხორციელებულ პროექტ „შუახევიჰესს“, რომლის გვირაბები 2017 წელს რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა და დღემდე არ ფუნქციონირებს. სამინისტროს წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია არც დაგვიდასტურა და არც უარყო.
-------------------------------------------------------------------
[1] მონაცემი თუ დადებითია, ნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთო ჯამში მომგებიანია, ამავდროულად, უცხოელ ინვესტორებს ქვეყნიდან სრულად არ გაუტანიათ მოგების სახით მიღებული რესურსი და ისევ ეკონომიკაში დატოვეს, რაც დადებით ტენდენციად მიიჩნევა.
თუ მონაცემი უარყოფითია, ნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საერთო ჯამში წამგებიანია (ინვესტორი კარგავს ინვესტირებული რესურსის ნაწილს). რეინვესტირების უარყოფით მაჩვენებელს შესაძლებელია განაპირობებდეს ექსპლუატაციაში შეუსვლელი/სრულად დაუტვირთავი ობიექტების დიდი წილი, მსგავსი ობიექტები არ იღებს შემოსავალს და გასწევს ხარჯებს, შესაბამისად, ბუღალტრულად აღენიშნება ზარალი, რაც ამცირებს რეინვესტირების კომპონენტის მნიშვნელობას.