დღეიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება, რაც ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში არსებული ტაქსები ორ კატეგორიად (A და B) დაიყოფიან. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ტექნიკური ინსპექტირების მქონე, მარცხენასაჭიანი, ოთხკარიანი, ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშნით, მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“ და რაც მთავარია, მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ექნება ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა.
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გარკვეული პრივილეგიები ეძლევათ, კერძოდ: ისინი შეძლებენ ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით სარგებლობას, სატრანსპორტო საშუალებაზე რეკლამის განთავსებას და ამ გზით დამატებითი შემოსავლის მიღებას. უფასოდ გადაეცემათ ავტომანქანის შეღებვის ან ფირის გადაკვრის და მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერი.
რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ არ მოეთხოვებათ ავტომობილის თეთრი ფერის სტანდარტი და ისინი მგზავრებს მხოლოდ აპლიკაციის სერვისის მეშვეობით მოემსახურებიან.
B კატეგორიის მქონე მძღოლებივერ ისარგებლებენ გარკვეული პრივილეგიებით, კერძოდ: ტაქსის გასაჩერებელი საპარკინგე ადგილებით; არ ექნებათ უფლება განათავსონ ტაქსის აღმნიშვნელი თეთრი ფერის მანათობელი ნიშანი მასზე დატანილი წარწერით „TAXI თბილისი“ და ისინი ქუჩიდან მგზავრს ვერ აიყვანენ.
ტაქსების რეგისტრაციის პროცესი 2018 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით, თბილისში 33 124 ტაქსი არის რეგისტრირებული. მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპში მხოლოდ ის მანქანები ჩაერთვებოდნენ, რომელთაც რეგისტრაცია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე გაიარეს, ასევე გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი. ასეთი მონაცემის მქონე 18 200 ტაქსი აღმოჩდა. შესაბამისად, სწორედ, ამ რაოდენობის ავტომანქანების მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ მანქანის თეთრად გადაღებვის/ან ფირის გადაკვრის და მანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერი.
ტაქსების თეთრად გადაღებისთვის და ჰიგიენური უზრუნველყოფისთვის თბილისი ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. მერიის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც სარეკლამო კომპანია „ალმამ“ გაიმარჯვა. კომპანიას ტაქსებზე რეკლამის ორი წლით განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვა და ფირის გადაკვრა, ასევე სალონის ქიმიური წმენდა უნდა დაეფინანსებინა.
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კომპანია „ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ტაქსის ავტომანქანების თეთრად გადაღებვის თუ თეთრი ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის მომსახურების გაწევისთვის მთელი თბილისის მასშტაბით გახსნილი ჰქონდათ საჭირო რაოდენობის სერვისცენტრები, ისინი ელოდნენ, რომ დაახლოებით 15 000 ავტომანქანის მომსახურება მოუწევდათ, რეალურად კი ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები აღმოჩდა (აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2 610 ვაუჩერი იყო გაცემული).
დღეის მდგომარეობით, მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის 2 610 გაცემული ვაუჩერიდან განაღდებული მხოლოდ 1749 ვაუჩერია.
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. მისი განმარტებით, 26 000 ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებისგან, ტექდათვალიერება 70%- მა გაიარა. მათგან A კატეგორია მინიჭებული აქვს 24%-ს, თუმცა „ტაქსის რეფორმა“ ამით არ სრულდება.
„ვერ ვიტყვი, რომ 1 ოქტომბერს უნდა შეფასდეს, შედგა, თუ არა რეფორმა, თუმცა დღეს რა რაოდენობაც არის A კატეგორიაში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა და აუცილებლად შედგება. ჩვენი რეფორმა ტაქსების შესახებ პირველი ოქტომბრით არ სრულდება“, - განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან (ტაქსიდან) ტექდათვალიერება 18 200-მა გაიარა (70%). აქედან A კატეგორია 4 368 (24%) ტაქსის მიენიჭა. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერი 2 610 სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიიღო. ამ ორ მონაცემს შორის სხვაობა 1758-ს შეადგენს. სავარაუდოდ, ეს ის რაოდენობაა, რომელიც ბუნებრივადაც თეთრი ფერის იყო და, შესაბამისად, A კატეგორია მიენიჭა.
ოფიციალური ინფორმაციით, დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში მგზავრის აყვანის საშუალება მხოლოდ 4 368 ტაქსის აქვს, დანარჩენ 13 832 ავტომანქანას მხოლოდ აპლიკაციის საშუალებით შეუძლია, მგზავრების მომსახურება.
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M (1) კატეგორიის ) გადაყვანის სანებართვო პირობების დარღვევა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 135 (4) მუხლის 1 ნაწილით რეგულირდება. აღნიშნული მუხლის მიხედვით, თუ B კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლი მგზავრს ქუჩიდან აიყვანს, 100 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, ის ავტომანქანები, რომლებსაც ზოგადად, ტაქსის რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი, მაგრამ მგზავრებს თანხის სანაცვლოდ ემსახურებიან, 200 ლარით ჯარიმდებიან.
როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, ტაქსების რეფორმა ამით არ დასრულებულა. ჩვენ რეფორმის მიმდინარეობას თვალს მივადევნებთ და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.