იტვირთება

ივლისის მიწურულს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია, რაც საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის „გამძლეობის“ ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზღვრად მიიჩნევა. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციას მიმართა, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე მზაობის შესახებ მიუთითა. აღნიშნული პირველი შემთხვევაა ბოლო პერიოდში, როდესაც სებ-მა გაცვლითი კურსის კლების მასშტაბი ფასების სტაბილურობისათვის რისკის მატარებლად შეაფასა.

ბოლო წლებში ლარის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე: აძვირებს იმპორტულ საქონელსა და ზრდის ვალის მომსახურების ტვირთს, როგორც დოლარში სესხის მქონე მოქალაქეთათვის, ასევე ქვეყნის საგარეო ვალის მომსახურების თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალუტის გაუფასურებას თეორიულად გარკვეული დადებითი ეფექტებიც მოსდევს, მაგალითად, მეტი შემოსავალი ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და .. თუმცა, ვალუტის გაუფასურება უფრო ხელსაყრელია ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნებისთვის. მაგალითისთვის, ჩინეთს ხშირადადანაშაულებენ სავაჭრო უპირატესობის მისაღებად იუანის მიზანმიმართულ გაუფასურებაში. საქართველოს შემთხვევაში, სადაც იმპორტზე დამოკიდებულება და სესხების დოლარიზაციის ხარისხი მაღალია, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ლარის გაუფასურება დოლართან უფრო უარყოფითი შედეგების მომტანია.

ლარის კურსი უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნითა და მიწოდებით განისაზღვრება. მოთხოვნასა და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები მრავალია და ყველა მათგანის განხილვა და რიცხვებში გამოსახვა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მნიშვნელოვან საანალიზო სფეროს წარმოადგენს საგადასახდელო ბალანსი და მოვლენები, რომლებიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ კონიუნქტურას და შესაბამისად, მოლოდინებსაყალიბებს. ვალუტის კურსის ყველაზე გავრცელებულ მაჩვენებლად აშშ დოლართან კურსი მიიჩნევა.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის მიწურულს დაიწყო (იხილეთ გრაფიკი 1). 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ლარი 65%-ით, ხოლო 2019 წლის მაისთან 8%-ითაა გაუფასურებული.

გრაფიკი 1: საშუალო თვიური ლარის კურსი დოლართან 2014-2019 წლებში

წყარო:საქართველოს ეროვნული ბანკი

აღნიშნულმა დინამიკამ არაერთი სპეკულაცია გააჩინა, რასთან დაკავშირებითაც ფაქტ-მეტრი კვლევებს რეგულარულად აქვეყნებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსის ვარდნას დოლართან მიმართებით სხვადასხვა ფაქტორებით ხსნიდნენ, მათ შორის ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის მიზანმიმართული ქმედებებითა და სებ-ის არასწორი პოლიტიკით (იხილეთ ბმული 1, ბმული 2). სახელისუფლებო გუნდის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებდა, ლარის კურსზე მოქმედი უარყოფითი ფაქტორები სრულიად ამოწურული იყო და შესაბამისად, მოსალოდნელი იყო დადებითი დინამიკა. თუმცა, როგორც განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, მთავრობის წარმომადგენლების პოზიტიური მოლოდინი არ გამართლდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლითაც „ლარის კრიზისი“ არ დასრულებულა.

პრობლემის გრძელვადიანმა გადაუჭრელობამ შეცვალა პოლიტიკოსების რიტორიკაც. როგორც წესი, პროსამთავრობო პოზიციებიდან ყურადღება მახვილდებოდა არასახარბიელო საგარეო ფაქტორებზე. ოპოზიცია და ექსპერტები კი მთავარ მიზეზად მთავრობის არაეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებდნენ. ფაქტ-მეტრის პოზიციით, ლარის კურსზე მოქმედებდა, როგორც საგარეო ასევე ფაქტორები, ფაქტორები (იხილეთ ბმული 3 ; ბმული 4).

ლარის მიმდინარე გაუფასურებას წინ უძღოდა ხელისუფლების პოლიტიკური შეცდომები. „ქართულ ოცნებას“ არათუ უხერხულობა არ შეუქმნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (I.A.O.) სესიის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში მოწვევამ, არამედ არც ის გაიაზრა, საზოგადოებაში, რა რეაქცია მოჰყვებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში კომუნისტი გავრილოვის აღმოჩენას.

საბოლოოდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით რუსეთიც უკმაყოფილო დარჩა.

მაშინ, როდესაც დუმის დეპუტატები პარლამენტის შენობაში გავრილოვის მიმართ ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტს, რადიკალების დესტრუქციულ ქმედებად აფასებდნენ და ხელისუფლებაში ხედავდნენ მოკავშირეს, რუსეთში განსაკუთრებით მძაფრად აღიქვეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება: „რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე (5!) კოლონა შესაძლოა, დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესაც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია“.

ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადებასუკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა უპასუხა. ზურაბიშვილის თქმით, „მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა - გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი“,.

დმიტრი მედვედევის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ან „ვერ გაერკვა ვითარებაში ან შეგნებულად ამახინჯებს რეალობას. რუსეთისათვის ყველაფრის დაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯების მცდელობაა“.

როგორც მედვედევმა განაცხადა,სამწუხაროა, ზურაბიშვილის ამგვარი რიტორიკის მოსმენა. ხოლო, ანტირუსული განწყობების გაძლიერების შემთხვევაში, რუსეთის პრემიერი საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებისთვის რჩევის მიცემას აპირებდა, რაც, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის პრობემური გახდებოდა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებების გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ, საპასუხო ნაბიჯისთვის გამოიყენა გულთბილი მასპინძლობის დაპირებითა და უსაფრთხების გარანტიით მოწვეული დუმის დეპუტატების, ფაქტობრივად, ქვეყნიდან გაძევება. შედეგად, საქართველოს დასჯის მიზნით რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები აკრძალეს.

საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულ ნაბიჯებს შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა და რუსი ტურისტების საკითხზე მიანიშნა:ის [გავრილოვი] ხელმძღვანელობდა არათუ თავისი ან საერთაშორისო წარმოდგენებით პროტოკოლზე, არამედ მასპინძელი ქვეყნის. უბრალოდ დასვეს იმ სკამზე და ისიც დაჯდა, რადგან იცოდა, რომ მასპინძლის განაწყენება არ შეიძლება. და აი, რით დასრულდა საუკუნეების განმავლობაში ნაქები სტუმართმოყვარეობა. რუსულ მედიაში კი ყოველ დღე ატრიალებენ რეკლამას საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ!"

პრეზიდენტმა პუტინმა კი 21 ივნისს საქართველოში შექმნილი ვითარება უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. თემა კვლავ ტურისტებს შეეხებოდა. საბჭომ საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ რუსი ტურისტების გაფრთხილების რეკომენდაცია მისცა, რომლებიც მიემგზავრებოდნენ ან იმყოფებოდნენ საქართველოში.

ამას ვლადიმირ პუტინის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვა მოჰყვა.

აკრძალვა ძალაში 8 ივლისს შევიდა, თუმცა შექმნილი მოლოდინიდან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის პირველი ტალღა აკრძალვების დაანონსებისთანავე დაიწყო. ასევე, კრიზისის გაღრმავებას ხელი შეუწყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი ბრალის წარდგენამ. ბრალის წაყენებისკონტექსტსა და დროის გარემოებასთან“ დაკავშირებით ამერიკის საელჩომ შეშფოთება საჯაროდ გამოხატა, რაც არსებული რეალობის სირთულეზე მიუთითებს.

როგორც წესი, ზაფხულის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით უნდა ხასიათდებოდეს, ვინაიდან ამ დროს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება. მთავრობის შეცდომებმა სწორედ აღნიშნული მოსალოდნელი დადებითი ტენდენციის გადაფარვა გამოიწვია და შედეგად, ლარის კურსი მაშინ დაეცა, როდესაც მას პოზიტიური ტედენცია უნდა ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ლარის კურსის მიმდინარე გაუფასურებასაც გარე ფაქტორებს და ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციის უპასუხისმგებლობას უკავშირებენ. მათივე განცხადებებით, ლარზე მოქმედი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები პოზიტიური მოლოდინის საფუძველს იძლევა. თუმცა ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ შინაარსის განცხადებების მიუხედავად, ლარი პერიოდულად უფასურდებოდა.

ბოლო წლების დინამიკაში საგარეო ფაქტორებიდან ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა იქონია. რუსეთ-უკრაინის ომმა, რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა, ნავთობის ფასის კლებამ, თურქეთის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა, რამაც ჩვენი მეზობელი და ამავე დროს, მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მნიშვნელოვნად გააუფასურა. ასეთ დროს ლარის გაუფასურებაც გარდაუვალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა (რადგან საქართველოს ექსპორტი გაძვირდებოდა, ხოლო იმპორტი გაიაფდებოდა) და მაღალი ალბათობით, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შევიდოდა. მცურავი სავალუტო კურსის დანიშნულება სწორედ, ეს არის - საგარეო შოკის ეფექტი კურსში აისახოს და ქვეყნის ეკონომიკის კლება არ გამოიწვიოს.

ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებდა საქართველოს მთავრობის გარკვეული ქმედებები თუ უმოქმედობაც, მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და .(იხ.ბმული5;ბმული6;ბმული7; ბმული 8).

მთავრობის წარმომადგენლები ეროვნულ ბანკის წინა ხელმძღვანელობას არსებულ ვითარებაში ჩაურევლობის გამო აკრიტიკებდნენ. უშუალოდ ვალუტის კურსზე ზემოქმედება ეროვნული ბანკის მოვალეობაში არ შედის, თუ ის ფასების დონეს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას არ ემუქრება. ამავდროულად კურსის ცვლილება (გამყარება ან გაუფასურება) ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შედეგია და არა მიზეზი, ის მხოლოდ ბუნებრივი მარეგულირებლის როლს ასრულებს. შესაბამისად, კურსის ხელოვნურად რეგულირება არც სასურველია (თუ ფასების სტაბილურობაზე არსებითი გავლენის მატარებელი არ ხდება) და გრძელვადიანი წნეხის არსებობისას, შეუძლებელიც. აღსანიშნავია, რომ თუ კურსის ცვლილება მოსალოდნელი ტენდენციისაგან არ არის გადახრილი, სავალუტო ინტერვენციების გამოყენება კურსზე განგრძობად პოზიტიურ გავლენას ვერ იქონიებს და მხოლოდ რეზერვის შემცირებას განაპირობებს, რაც არასასურველი სცენარია, სავალუტო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების გავლენიანი თანამდებობის პირები სიღრმისეუილი ანალიზის გარეშე, კვლავ ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ პასუხისმგბელობის აღებისკენ და ლარის კურსის დასტაბილურებისთვის მისგან ქმედით ნაბიჯებს მოელიან.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მოლოდინით ვალუტის გაუფასურება გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ეროვნული ბანკის ივლისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაცის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე შენარჩუნდება 2019 წლის განმავლობაში, ხოლო 2020 წელს შედარებით დასტაბილურდება.

გრაფიკი 2:ინფლაციური მოლოდინები

ნაწილობრივ ზემოთ მოცემული დინამიკიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა ვალუტის კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. 2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32.8 მლნ აშშ დოლარი, რის შედეგადაც ლარი/დოლართან დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა. არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ეროვნული ბანკი გამოიყენებს, როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.


მსგავსი სიახლეები

2798 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი