რეზიუმე:
ლარის კურსის დოლართან მიმართებაში მკვეთრი ვარდნის უკანასკნელი ტენდენცია 2018 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როცა ლარი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 8%-ით, 2.4 დან 2.6 ნიშნულამდე დაეცა. ირაკლი კობახიძე, ქართული ლარის კურსს დოლართან მიმართებაში ადარებს რუსეთს, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინასა და მოლდოვას. აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში, დასახელებული ქვეყნების ვალუტებიდან, ლარის კურსთან შედარებით, მეტად გაუფასურდა მხოლოდ ბელორუსული რუბლი და თურქული ლირა. აზერბაიჯანში ვალუტის კურსი ფიქსირებულია, 2018 წელს კი მას ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე, ქართულ ლარს აზერბაიჯანულ მანათთან ვერ შეადარებდა.
პოლიტიკოსის განცხადების შესაფასებლად უფრო რელევანტურია 2014 წლიდან დაწყებული დევალვაციის განხილვა. ლარმა, დოლართან და ევროსთან მიმართებაში, გაუფასურება 2014 წლის მესამე კვარტალში დაიწყო და დაახლოებით 55-60%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდს დაემთხვა დოლარის ინდექსის ზრდა და ნავთობის ფასების დაცემა, რეგიონს თავს დაატყდა მრავალი კრიზისი, რაც უარყოფითად არა მხოლოდ ლარის კურსზე მოქმედებდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დოლართან მიმართებაში, ქართულ ლარზე ნაკლებად გაუფასურდა არა მხოლოდ სომხური დრამი, არამედ მოლდოვური ლეიც.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდგომ დაწყებულ გაუფასურებაში, საგარეო ფაქტორებთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, გაუთვლელი რეფორმები[1], სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა) [2].მთლიანი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ლარის კურსის მხოლოდ საშინაო ან მხოლოდ საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება, რეალობას სანახევროდ წარმოადგენს.
ანალიზი 25 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თოქშოუ „რეაქციაში“ განაცხადა:
„ლარის კურსის ვარდნას ჰქონდა ობიექტური მიზეზი. ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანაში კურსმა განიცადა დევალვაცია. ეს იყო აზერბაიჯანი, სადაც ჩვენზე მეტი იყო დევალვაცია, ეს იყო თურქეთი, ლირა, სადაც იყო ჩვენზე ბევრად მეტი დევალვაცია, ეს იყო სომხეთი, სადაც ჩვენზე ოდნავ ნაკლები იყო დევალვაცია, ეს არის ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი. ყველგან, მათმა ვალუტამ ჩვენზე მეტად განიცადა დევალვაცია“.
საქართველოში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ლარის კურსის შემცირება (გაუფასურება) დოლართან და ევროსთან მიმართებით. ლარის კურსმა ვარდნა 2014 წლის ნოემბრის პერიოდში დაიწყო და დაახლოებით 55%-ით გაუფასურდა.
აგვისტოდან ოქტომბრამდე, ლარის კურსთან შედარებით, დოლართან მიმართებაში, მეტად გაუფასურდა მხოლოდ ბელორუსული რუბლი და ბუნებრივია, თურქული ლირა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში ვალუტის ფიქსირებული კურსი არსებობს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე, ქართულ ლარს აზერბაიჯანულ მანათთან ვერ შეადარებდა. 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ირაკლი კობახიძის განცხადება, მეტად რელევანტურია ეროვნული ვალუტების კურსის დინამიკასთან, 2014 წლიდან განცხადების პერიოდამდე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დოლართან მიმართებით, ქართულ ლარზე ნაკლებად გაუფასურდა მოლდოვური ლეი.
ცხრილი 1:სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებლები, 2014-2018 წლები
2014 წელთან შედარებით | 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით | |
ქართული ლარი | 55% | 8% |
თურქული ლირა | 190% | 22% |
სომხური დრამი | 14% | 0.62% |
აზერბაიჯანული მანათი | 142% | N/A |
რუსული რუბლი | 65% | 6% |
ბელორუსული რუბლი | 117% | 8.70% |
უკრაინული გრივნა | 137% | 4% |
მოლდოვური ლეი | 14% | 1.2% |
გრაფიკ 1-ზე ასახულია ეროვნული ვალუტების პროცენტული გაუფასურება დოლართან მიმართებით, საბაზისო მაჩვენებლად აღებულია კურსები 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით. შესაბამისად, ვალუტები რომლებიც ქართულ ლარზე მეტად გაუფასურდა კონკრეტულ პერიოდში, ვიზუალურად იქნებიან ლარზე მაღლა, ხოლო ვალუტები, რომლებიც ქართულ ლარზე ნაკლებად გაუფასურდა, ლარზე დაბლა. შესაბამისად, ქართულ ლარზე დაბლა, განლაგებული არიან მოლდოვური ლეი და სომხური დრამი. გრაფიკი 1:
დასახელებული ქვეყნების ეროვნული ვალუტის კურსის პროცენტული ცვლილების დინამიკა დოლართან მიმართებით
წყარო: ქვეყნების შესაბამისი ეროვნული ბანკებილარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც შეიძლება პირობითად დაიყოს ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად. ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთლიანი სურათის განხილვა. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის შემდგომ დაწყებულ გაუფასურებაში თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, არასწორი რეფორმები, სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა იხ. ბმული 1; ბმული 2).
მთლიანი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, ლარის კურსის მხოლოდ საშინაო ან მხოლოდ საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება, რეალობას სანახევროდ წარმოადგენს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძე, კონტექსტიდან გამომდინარე, რეალობის მხოლოდ ნაწილს წარმოაჩენს.
რაც შეეხება რეგიონალურ პრობლემებს, 2014-2018 წლები საკმაოდ რთული, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით დატვირთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია გადატრიალების მცდელობა თურქეთში და ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა დასავლეთთან, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სირიის კრიზისი და ა.შ. ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილს, უარყოფითი გავლენა ექნებოდა ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და ეროვნული ვალუტების სიძლიერეზე, როგორც საქართველოში, ასევე დასახელებულ ქვეყნებში.
მსოფლიო ეკონომიკური კონიუნქტურისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ნავთობის ფასების თითქმის განახევრება და დოლარის ინდექსის ზრდა,რაც, გარკვეულწილად, ურთიერთდაკავშირებული მოვლენებია. დოლარის ინდექსის ზრდა აისახა არა მარტო ქართული ლარის, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსის კლებაში დოლართან მიმართებით.
[1]
მაგ: 2016 წელს წამოჭრილი იდეა ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ, სავიზო პოლიტიკის გამკაცრება და სხვა.
[2] ბოლო თვეებში მიმდინარე გაუფასურების შესახებ, იხ. რატომ უფასურდება ბოლო პერიოდში ლარი?