რეზიუმე:
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ლარი დაახლოებით 20%-ით გამყარდა დოლართან მიმართებაში, ხოლო 2014 წლიდან (როდესაც ლარმა დაიწყო მკვეთრი გაუფასურება) დღემდე, დაახლოებით 55-60%-ით გაუფასურდა. ლარის კურსის აბსოლუტური მაჩვენებლები მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებულ რიცხვებთან თანხვედრაშია.
ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები შეიძლება პირობითად დავყოთ ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად. სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთლიანი სურათის განხილვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, სახარბიელო საგარეო ფაქტორები არსებობდა ლარის კურსის გამყარებისთვის და ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებულმა რიგმა რადიკალურმა რეფორმებმა (ლიბერალური ეკონომიკის ჩამოყალიბება, საგადასახადო სისტემის დახვეწა, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება და ა.შ.) ბუნებრივია, დადებითი წვლილი შეიტანა ლარის გამყარებაში და ეკონომიკის განვითარებაში. „ქართული ოცნების“ პირობებში, ლარის მიმდინარე გაუფასურებაში დოლარის მიმართ, თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამაც, ისევე როგორც რთულმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ რეგიონში. ლარის კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორებიდან, ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი მაჩვენებელი არის დოლარის ინდექსი,რომელიც მატების ტენდენციას ინარჩუნებს 2014 წლიდან დღემდე და მთავრობას მისი კონტროლი არ შეუძლია.
რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ეროვნული ბანკის პირდაპირ ფუნქციას არ წარმოადგენს ვალუტის კურსის გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნება. კანონით განსაზღვრული ბერკეტების საშუალებით, ლარის კურსზე ზემოქმედება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის ან ფინანსური ბაზრის დესტაბილიზაციის საფრთხე. საქართველოს ეროვნულ ბანკს, ლარის კურსზე ზემოქმედებისთვის, გარკვეული მექანიზმები გააჩნია, მაგალითად: ოპერაციები სავალუტო რეზერვების გამოყენებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი,კომერციულ ბანკებზე სესხების გაცემის გაზრდა/შემცირება. აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან, ბოლო პერიოდში, არ იკვეთება „ლარის დაჭერის“ რაიმე განსაკუთრებული მცდელობა. თუმცა, ლარის კურსის აქტიური დაცემის პერიოდში, ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებდა კონტრქმედებებს კურსზე წნეხის შესამცირებლად, მათ შორის მოკლევადიანი გადახრის ასარიდებლად არაერთგზის გაყიდა საერთაშორისო რეზერვები, თუმცა აღნიშნული ცალსახად მაინც ვერ შეფასდება კურსის დაჭერის მცდელობად.
ანალიზიმიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს, გადაცემაში „არჩევანი“, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „დოლარის კურსი ჩემი მმართველობის 9 წლის განმავლობაში შემცირდა 2.01 ლარიდან 1.65-მდე, ხოლო ივანიშვილის მმართველობისას გაიზარდა 1.65-დან 2.61-მდე, ძლივს უჭირავს ეროვნულ ბანკს რომ 3-მდე არ ავარდეს კურსი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ლარი[1]დაახლოებით 20%-ით გამყარდა დოლართან მიმართებაში, ხოლო 2014 წლიდან დღემდე, დაახლოებით 55%-ით გაუფასურდა.
გრაფიკი 1:
ლარის კურსი 2004-2018 წლებში
წყარო: lari.geლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები შეიძლება პირობითად დავყოთ ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სახარბიელო საგარეო ფაქტორები არსებობდა ლარის კურსის გამყარებისთვის. კერძოდ, მაღალი იყო ნავთობის ფასები და დაბალ ნიშნულს ინარჩუნებდა დოლარის ინდექსი. ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებულმა რიგმა რადიკალურმა რეფორმებმა (ლიბერალური ეკონომიკის ჩამოყალიბება, საგადასახადო სისტემის დახვეწა, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება და ა.შ.) ბუნებრივია, დადებითი წვლილი შეიტანა ლარის გამყარებაში და ეკონომიკის განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსზე ხშირად საუბრობს, რიგ შემთხვევებში, მას მაგალითად მოჰყავს 2008 წლის ომის მოვლენები, რასაც ლარის გაუფასურება არ მოჰყოლია. თუმცა, აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საქართველომ, დახმარების სახით, მთლიანობაში 4.45 მლრდ აშშ დოლარი მიიღო. 2012 წლიდან დღემდე, ლარის კურსის არსებითი კლება (გაუფასურება) დოლართან მიმართებაში, 2014 წლის ბოლოდან იკვეთება. აღნიშნულ გაუფასურებაში თავისი წვლილი შეიტანა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამაც (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, არასწორი რეფორმები[2], სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა)[3]. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი რეგიონისთვის ბოლო წლები საკმაოდ რთული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებით დატვირთული აღმოჩნდა. აღსანიშნავია: რუსეთ-უკრაინის კრიზისი, სირიის კრიზისი, თურქეთის რევოლუცია და ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა დასავლეთთან და ა.შ. ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილს, უარყოფითი გავლენა ექნებოდა ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და ეროვნული ვალუტების სიძლიერეზე, მთლიანად რეგიონში. აღნიშნული ფაქტორები, განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება საქართველოზე, რომლისთვის მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილები უცხოეთიდან და რომელიც იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა (მაგ. 2017 წელს, იმპორტი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს, რეექსპორტის
გარეშე).
ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან, ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის დოლარის ინდექსი, რომელიც, თავის მხრივ, ნავთობის ფასებთან კორელირებს.
გრაფიკი 2:დოლარის ინდექსის დინამიკა 2003-2018 წლებში
წყარო: https://www.investing.comრაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადების მეორე ნაწილს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის კურსზე ზემოქმედებისთვის გარკვეული მექანიზმები გააჩნია, მაგალითად: ოპერაციები სავალუტო რეზერვების გამოყენებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, კომერციულ ბანკებზე სესხების გაცემის გაზრდა/შემცირება. ეროვნული ბანკის პირდაპირ ფუნქციას, არ წარმოადგენს ვალუტის კურსის გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნება. კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევალება:
ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, საფინანსო სისტემის სტაბილურობის და გამჭირვალობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობა, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სებ-ის ამოცანის შესრულებას.
შესაბამისად, ეროვნული ბანკი, ზემოქმედებას მოახდენს ლარის კურსზე, თუ დევალვაციას პირდაპირი და მკვეთრი გავლენა ექნება ინფლაციაზე, ან საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადების გადასამოწმებლად, საჭიროა ეროვნული ბანკის მიმდინარე მაჩვენებლების ანალიზი.
ლარის კურსზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია რეფინანსირების განაკვეთი. საპროცენტო განაკვეთის ცვლილება გავლენას ახდენს ფასების დონეზე ვალუტის კურსის ცვლილების გზით. სხვა თანაბარ პირობებში, საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ლარის ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდას და ამყარებს ეროვნულ ვალუტას. გაცვლითი კურსის გამყარება ამცირებს იმპორტირებული საქონლის ფასს და პირიქით კურსის გაუფასურება იწვევს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარების შემდეგ ხდება კომიტეტის გადაწყვეტილების გამოქვეყნება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაციას.
ცხრილი 1:
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ 2018 წელს
თარიღი | ცვლილება (პ.პ) | ახალი განაკვეთი (%) |
05.09.2018 | 0 | 7.00 |
25.07.2018 | -0.25 | 7.00 |
13.06.2018 | 0 | 7.25 |
01.05.2018 | 0 | 7.25 |
14.03.2018 | 0 | 7.25 |
31.01.2018 | 0 | 7.25 |
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, სებ-ს საპროცენტო განაკვეთი 2018 წელს არ გაუზრდია. 25 ივლისის სხდომაზე კი, მოხდა რეფინანსირების განაკვეთის 25 პუნქტიანი შემცირება. აღნიშნული, იმის ნიშანია, რომ ეროვნული ბანკი, ინფლაციის საფრთხეს ვერ ხედავს და შესაბამისად, არც ლარის კურსის „დაჭერას“ ცდილობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში, სავალუტო აუქციონებზე სებ-მა 32 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, რაც ლარის გამყარების ხელშემწყობ ფაქტორს არ წარმოადგენს.
ბოლო წლების განმავლობაში, კურსის აქტიური დაცემის პერიოდში, ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებდა კონტრ ქმედებებს კურსზე წნეხის შესამცირებლად, მათ შორის მოკლევადიანი გადახრის ასარიდებლად არაერთგზის გაყიდა საერთაშორისო რეზერვები, თუმცა აღნიშნულიც ვერ შეფასდება ცალსახად კურსის დაჭერის მცდელობად. რიგი პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან, პერიოდულად თავს ესხმოდნენ სებ-ს, გიორგი ქადაგიძის პრეზიდენტობის პერიოდში და ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით არასაკმარისი ზომების მიღებაში ადანაშაულებდნენ. ვალუტის კურსზე გავლენის ანალიზისას, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის ლარში გაცემული სესხების ზრდა, ლარის მასის ცვლილებაზე მისი გავლენის თვალსაზრისით უნდა იქნას განხილული. ვინაიდან ფულის მასის ცვალებადობა სეზონურობით ხასიათდება, მიზანშეწონილია, მოცემული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან მიმართებაში განვიხილოთ. ფულის მასის აგრეგატების ანალიზიდან ირკვევა, რომ M2აგრეგატი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოს თვეში, 18%-ით, ხოლო მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა 9.4%-ით გაიზარდა. მონაცემების ცვლილების დინამიკა მოცემულია გრაფიკზე.
გრაფიკი 3:ფულის მასის აგრეგატების ცვლილება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ხსენებული აგრეგატების ზრდას, ბუნებრივია, დადებითი როლი კურსის გამყარებაში არ უთამაშია. შესაბამისად, არც აქ იკვეთება, ეროვნული ბანკის განსაკუთრებული მცდელობა, ლარის კურსის დოლართან მიმართებაში გაუფასურების შესაჩერებლად.
[1]
ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს.
[2]მაგ: 2016 წელს წამოჭრილი იდეა ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოიკოტი გამოუცხადა.
[3] ბოლო თვეებში მიმდინარე გაუფასურების შესახებ, იხ: რატომ უფასურდება ბოლო პერიოდში ლარი?).