იტვირთება

ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისა და სამინისტროების წარმომადგენლობითი ხარჯები არაერთხელ შეისწავლა და გაასაჯაროვა, მათ შორის, როგორც 2018 წლის, ისე 2014-2017 წლებისაც.

ამ ეტაპზე ჩვენ გაგაცნობთ კვლევას აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისა და ოთხი სამინისტროს მიერ 2019 წლის ექვსი თვის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის წარმომადგენლობითი ხარჯების ჯამური მოცულობა 27800 ლარს აღწევს. აქედან 21488 ლარი ანუ 77,29% მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე გაიხარჯა. ამავე დანიშნულებით სოლიდური თანხებია გახარჯული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ყველაზე მოკრძალებულად ამ მიმართულებით აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოიყურება.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისა და ოთხი სამინისტროს მიერ მიღებებსა და ოფიციალურ სადილებში დახარჯული თანხა, 2019 წლის იანვარ-ივლისი

წყარო:აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თუ მთავრობის აპარატისა და სამინისტროების სარესტორნო ხარჯებს შევაჯამებთ, გამოვა, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში რეგიონის მთავრობამ, მხოლოდ მიღებასა და ოფიციალურ სადილებზე, ასევე სტუმრების ხილითა და ტკბილეულით გამასპინძლებისთვის, 50 023 ლარი გახარჯა. დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6, 7

აჭარია ა/რ მთავრობა, რესტორნებს შორის, ყველაზე ხშირად შპს „პორტა ბათუმს“ სტუმრობს. მაგალითად, 2019 წლის 29 მარტს ობიექტისთვის ერთჯერადად გადახდილი თანხის რაოდენობამ 5 130 ლარი შეადგინა.

გრაფიკი 2. რესტორნები, რომლებსაც აჭარის ა/რ მთავრობამ ყველაზე მეტი თანხა გადაურიცხა (ჯამურად), 2019 წლის იანვარ-ივნისის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი შპს „მაგთიკომისგან“ 37 800 ლარის ღირებულების მობილურ სატელეფონო მომსახურებას ყიდულობს. ამ თანხის ნაწილი - 15 324 ლარი აპარატმა მიმწოდებელს უკვე გადაუხადა. ამავე კომპანიისგან მომსახურება კიდევ ორმა უწყებამ შეისყიდა: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკომომიკის სამინისტრომ - 28 500 ლარად ( გადახდილია 14 250 ლარი) და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 19 060 ლარად ( გადახდილია 5 068 ლარი).

განსაკუთრებულად დიდ თანხებს მთავრობის აპარატი და ოთხი სამინისტრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურების, სათადარიგო ნაწილების შეძენისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, ასევე საწვავით უზრუნველყოფაზე ხარჯავს.

გრაფიკი 3. აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისა და ოთხი სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურების, სათადარიგო ნაწილებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე, ასევე საწვავით უზრუნველყოფაზე გახარჯული თანხა, 2019 წლის იანვარ-ივლისი

წყარო: აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საინტერესოა, რომ აჭარის ა/რ მთავრობას (აპარატსა და სამინისტროებს) საწვავის შესყიდვაზე, კონსოლიდირებული თუ ელექტრონული ტენდერების შედეგად, ხელშეკრულებები ძირითადად გაფორმებული აქვს შპს „რომპეტროლ საქართველოსთან“. ამ კომპანიასთან 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 312 000 ლარს აღწევს. აქედან უკვე გადარიცხულია 132 464 ლარი. გარდა ამისა, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმისა“ და შპს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“, 2019 წლის ექვს თვეში, შესყიდული აქვს ჯამში 5 315 ლარის საწვავი. ინფორმაციისთვის, კომპანიასთან ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გაფორმებული - 86 745 ლარის, საიდანაც „რომპეტროლ საქართველოს“ ანგარიშზე გადარიცხული თანხის მოცულობა 42 102 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებას, სათადარიგო ნაწილების შეძენასა და მასთან დაკავშირებულ შესყიდვებს, ამ მიზნით ხელშეკრულებები, უმეტესად, გაფორმებულია შპს „თეგეტა მოტორსთან“, სულ - 79 444 ლარის. გარდა ამ კომპანიისა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტექმომსახურება 40 000 ლარად შეისყიდა შპს „ბონუსისგან“. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 20 000-ლარიანი ხელშეკრულება - შპს „ჯეო-ავტოსთან“, ხოლო 3 000-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ გააფორმა. მიმდინარე წლის ექვსთვიან მონაკვეთში, ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების შედეგად, „თეგეტა მოტორსთან“ ყველაზე მაღალი ღირებულების - 46 303-ლარიანი ხელშეკრულება აჭარის მთავრობის აპარატმა გააფორმა, აქედან 20 946 უკვე გადაიხადა. ტექმომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის გადახდილი თანხის მოცულობით ამ ეტაპზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლიდერობს - მიმწოდებლების, „ბონუსისა“ და „კავკასუს მოტორსის“, ანგარიშებზე უწყებას უკვე 25 790 ლარი აქვს გადარიცხული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2824 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი