ფაქტ-მეტრი აჭარის მთავრობის 2016 და 2017 წლების წარმომადგენლობით ხარჯებზე უკვე წერდა. შარშან და შარშანწინ მთავრობის ხარჯების დიდი წილი სარესტორნო მომსახურებაზე დაიხარჯა და ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია - წარმომადგენლობითი ხარჯის 60.38% შეადგინა.
2018 წელს, ნოემბრის ჩათვლით, აჭარის მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯი 78 025 ლარს შეადგენს. ამ თანხიდან ყველაზე მეტი - 46 920 ლარი კვლავ რესტორნებსა და ოფიციალურ სადილებზე დაიხარჯა.
ცხრილი 1: აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯები 2017 - 2018 წლების (მიმდინარე წელი მოცემულია ნოემბრის ჩათვლით) მიხედვით
მომსახურების დასახელება | თანხა, ლარი | |
2017 | 2018 | |
სარესტორნო და ოფიციალური სადილები | 92 552 | 46 920 |
სასტუმრო | 17 826 | 921 |
ტრანსპორტი | 3 370 | - |
სასაჩუქრე ღვინოები და სპირტიანი სასმელები | 12 100 | 12 554 |
წყალი (ადმინისტრაციულის წარმომადგენლობითი) | 2 127 | 1 728 |
მინერალური წყალი (ადმინისტრაციულის წარმომადგენლობითი) | 2 268 | 1 344 |
სასაჩუქრე ნივთები | 15 084 | 8 953 |
წყარო:აჭარის ა/რ მთავრობა დანართი 1 დანართი 2
თანხის დანარჩენი ნაწილი სხვადასხვა სახის ტკბილეულის შეძენასა და საკონფერენციო დარბაზების დაქირავებას მოხმარდა.
როგორც აღვნიშნეთ, 2017 წელს აჭარის მთავრობის წარმომადგენლობითი ხარჯის (ჯამში 153 269 ლარი) უმეტესი წილი სარესტორნო მომსახურებაზე გადახდილმა თანხამ შეადგინა. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით კი ამ მიმართულებით მთლიანი ხარჯის 60.13% წარიმართა, თითქმის იმდენივე, რამდენიც შარშან. ვინაიდან საანგარიშო წელი ჯერ არ დასრულებულა, ეს თანხა შეიძლება, გაიზარდოს.
ინფორმაციისთვის, ჩვენ მიერ გასულ წელს ამავე თემაზე მუშაობის პერიოდში რეგიონის მთავრობის წარმომადგენელი სარესტორნო ხარჯის აუცილებლობას საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით ხსნიდა. ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2018 წელს განხორციელებული კერძო ინვესტიციების შესახებ, თუმცა მოგვწერეს, რომ აღნიშნული უწყება მიმდინარე წლის დასაწყისიდან მთლიან კერძო ინვესტიციებს აღარ აღრიცხავს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი აჭარაში, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შემცირებულია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რესტორნებში მიწვეულ სტუმრები, მოწოდებული ინფორმაციით, ნამდვილად სხვადასხვა უცხოური ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მაგალითად, მიმდინარე წლის 22 ივნისს აჭარის მთავრობამ რუს მილიარდერ ალექსანდრ სვეტაკოვს (თანმხლებ პირებთან ერთად) უმასპინძლა. სტუმრისთვის გამართულმა ოფიციალური სადილის ხარჯმა 1 924 ლარი შეადგინა. მაქსიმუმ, ერთ ადამიანზე 100 ლარამდე ხარჯი რომ ვივარაუდოთ, გამოვა, რესტორანში 19-20 ადამიანი მაინც იმყოფებოდა. ყველაზე ძვირი მთავრობას ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილე სტუმრებისთვის რესტორან „აქთივ ბათუმში“ გამართული ვახშამი დაუჯდა. 270 პერსონაზე გაწყობილი სუფრა 17 550 ლარი დაჯდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავადგინეთ, ამ ადამიანებს შორის რამდენი იყო უცხოელი სტუმარი და რამდენი - ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი.
იმ რესტორნებს შორის, რომლებსაც მთავრობის წევრები განსაკუთრებით ხშირად სტუმრობენ, შპს „მეგრულ-ლაზური 2“ გამოირჩევა. აქ მთავრობა და მისი სტუმრები წელს სამჯერ იმყოფებოდნენ, რისთვისაც ჯამურად გადახდილი თანხა 12 750 ლარს შეადგენს. რესტორნების ჩამონათვალში გვხვდება ასევე „პარადაისი“, „გრიინ ინვესტი“, „ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთი“, „ტურინვესტი“, „აჭარული ღვინის სახლი“, „ქედის ღვინის ქარხანა“, „გარდენი“ და "Piazza Management".