ჩვენ უკვე გაგაცანით კვლევები ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაფინანსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ამ ორგანიზაციებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მოცულობა, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია.

რაც შეეხება ბათუმს, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 ა(ა)იპ დაფინანსდება (მათი ჯამური რიცხვი 12-ია, მაგრამ წელს ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღისთვის“ ბიუჯეტში რაიმე ტიპის დაფინანსება გათვალისწინებული არ არის). ამ მიზნით გამოყოფილი თანხის მოცულობა ჯამში 87 268 860 ლარს შეადგენს. 2018 წელს 16 ა(ა)იპ-ისთვის 90 266 956 ლარი იყო გათვალისწინებული.

ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციაა „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“, რომელიც 2018 წლის მარტში შეიქმნა. რამდენიმე გაუქმებული ა(ა)იპ-ის ფუნქციების ნაწილი სწორედ ამ ახალ ორგანიზაციაზე გადანაწილდა. შარშან მისი მთლიანი ხარჯისთვის ბიუჯეტში 54 200 000 ლარამდე იყო გათვალისწინებული, წელს სამმართველოს დაფინანსებისთვის 54 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო. აქედან ადმინისტრირებისა და მართვისთვის განკუთვნილია 1 740 800 ლარი, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 565 300 ლარით აღემატება. წელს ორგანიზაციაში 101 დასაქმებულის ანაზღაურებისთვის 1 548 120 ლარი გაიხარჯება, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 543 320 ლარით მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია გასული წლის მარტში შეიქმნა, შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი თვეში 111 644 ლარი იყო, ხოლო წელს 129 010 ლარია. დასაქმებულთა რიცხოვნობა უცვლელია.

„საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“ არის ბათუმში ყველა ინფრასტრუქტურული პროგრამისა და ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია. მას ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე ხელმძღვანელობს. მისი გამგებლობის პერიოდში შესრულებული ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ხარისხმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა. რამდენიმე ასეთ პროექტს ფაქტ-მეტრმა კვლევებიც მიუძღვნა.

როგორც ჩვენთვის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, სამმართველომ გასულ წელს გარკვეული ქვეპროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოები ბოლომდე ვერ შეასრულა და ისინი 2019 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. შარშან სამმართველოს წინა პერიოდის დავალიანების დასაფარად გამოყოფილი ჰქონდა 925 695 ლარი, წელს ეს მაჩვენებელი 1 700 000 ლარზე მეტია. 2019 წელს ორგანიზაციამ 14 ქვეპროგრამა უნდა განახორციელოს.

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ 2019 წლის ბიუჯეტიდან 3 050 400 ლარით დაფინანსდება, საიდანაც 1 532 390 ლარი, ანუ მთლიანი ხარჯის 50.24% შრომის ანაზღაურებაზე მოდის. ორგანიზაციაში დასაქმებულთა რიცხოვნობა, გასულ წელთან შედარებით, უცვლელია: შტატით გათვალისწინებულია 81 მომუშავე, ხოლო შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა, სეზონის მიხედვით, 30-დან 110-მდე მერყეობს. შარშან შრომის ანაზღაურებისთვის ორგანიზაციას 18 500 ლარით ნაკლები ჰქონდა გათვალისწინებული, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მთლიანი თანხა 2 854 200 ლარს შეადგენდა.

2018 წლიდან ფუნქციონირებს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტო“. შარშან მისი მთლიანი დაფინანსება იყო 1 700 900 ლარი, წელს 44.3%-ით მეტია და 2 454 500 ლარს შეადგენს. ამ თანხის 82.7% (2 029 800 ლარი) შრომის ანაზღაურებაზე მოდის. შარშან ამ მიზნით მთლიანი თანხის 80.76% იყო გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ 2018 წელს ორგანიზაციამ, ახალი სერვისცენტრების ინვენტარით აღჭურვის მიზნით, 50 100 ლარი გაითვალისწინა. წელს ამ მიზნით, გათვალისწინებულია 60 000 ლარი. სერვისცენტრების მშენებლობა ქალაქის მერმა 2018 წელს დააანონსა. ფაქტ-მეტრი ამის შესახებ უკვე წერდა.

მაღალბიუჯეტიან ორგანიზაციას მიეკუთვნება ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება“. მისი მართვა-ადმინისტრირებისთვის წელს 10 884 810 ლარი გამოიყო. შარშან ამავე მიზნით 1 450 210 ლარით ნაკლები თანხა იყო გათვალისწინებული. შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია მომუშავეთა რიცხოვნობა და ანაზღაურება. 1 359 დასაქმებულის ხელფასებზე 8 840 060 ლარი გაიხარჯება. 2018 წელს 1 333 მომუშავის ანაზღაურება 7 648 700 ლარი იყო. ორგანიზაციის მთლიანი დაფინანსება წელს 14 707 100 ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1 348 400 ლარით აჭარბებს.

ორგანიზაციის ხარჯებიდან გაზრდილია კვების თანხა, ხოლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობა შემცირებულია. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განმახორციელებელი „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა“. შარშან ამ მიზნით 1 927 000 ლარი იყო განსაზღვრული, აქედან 31 600 - გასული პერიოდის დავალიანების დასაფარად. წელს 897 426 ლარია, საიდანაც წინა პერიოდის დავალიანების დაფარვას 50 000 ლარი მოხმარდება.

მუნიციპალური ორგანიზაციაა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“. მან გასულ წლებში ახალი სასაფლაოების მშენებლობის პროექტის განსახორციელებლად 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, თუმცა ობიექტი დღემდე არ ფუნქციონირებს. ორგანიზაციას, შარშანდელთან შედარებით, დაფინანსება 277 760 ლარით გაეზარდა და 898 700 ლარი შეადგინა. დასაქმებულთა რიცხოვნობას 17 ადამიანი დაემატა. წელს ჯამში 88 დასაქმებულის ხელფასებისთვის 531 000 ლარია გათვალისწინებული, წინა წელთან მიმართებით, 86 000-ით მეტი.

ყურადღებას იქცევს ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრი“, რომელიც სხვადასხვა ანსამბლის, ორკესტრის, გუნდისა და ბენდის სახით, ჯამში 294 ადამიანს უხდის ხელფასს. შარშან მათი შრომის ანაზღაურებისთვის 2 054 100 ლარი იყო განკუთვნილი, ხოლო წელს - 2 229 120 ლარი. ამ ორგანიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება 209 500 ლარით გაიზარდა და 3 581 600 ლარი შეადგინა.

ორი ქვეპროგრამითაა წარმოდგენილი ა(ა)იპ „სოციალური სერვისების სააგენტო“, რომლისთვისაც ბიუჯეტმა წელს 4 090 800 ლარი გაითვალისწინა, 2018 წელთან შედარებით, 564 800 ლარით ნაკლები. 123 დასაქმებულის შრომის ანაზღაურება უმნიშვნელოდ მეტია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით და 970 540 ლარს შეადგენს. ოდნავ გაზრდილია კვების პროდუქტებისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა. წელს 2 620 764 ლარით საკვები 5 079 ბენეფიციარისთვის უნდა შეიძინონ. თუ ამ თანხას თუ 365 დღეზე გადავანაწილებთ, გამოვა, რომ ერთ ადამიანზე განკუთვნილია დაახლოებით 1.41 ლარი დღეში. შარშან 4 779 ბენეფიციარისთვის 2 147 680 ლარი იყო გათვლილი, ანუ დღეში 1.23 ლარი. პროდუქტის გაძვირების გამო, უფასო სასადილოების მომმარაგებელ კომპანიებს ვალდებულებების შესრულება გაუძნელდათ, თუმცა ორგანიზაცია სახელშეკრულებო პირობების ცვლილებას არ აპირებს.

გასულ წელს ა(ა)იპ-ებში 2 930 დასაქმებული იყო, წელს 2 557-ია. ჯამში მათი ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხის მოცულობა, შესაბამისად, 19 183 738 ლარი და 19 416 268 ლარია. ეს ნიშნავს, რომ 2018 წელს ხელფასებისთვის განკუთვნილი იყო ა(ა)იპ-ების მთლიანი დაფინანსების 21.25%. წელს კი ეს პარამეტრი 22.25%-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ-ებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებადი მომუშავეების რიცხოვნობის კლება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკური ბაღის“ ხარჯები 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, რადგან ეს ორგანიზაცია საკუთარი შემოსავლებით ფუნქციონირებს.

გარდა ამისა, წელს 1 212 100 ლარით დაფინანსდება ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო“. თანხა მთლიანად გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

რაც შეეხება გაუქმებულ ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“, გარდამავალი ღონისძიებების დასაფინანსებლად წელს 37 900 ლარია გამოყოფილი.

თეგები: