რეზიუმე: ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 1992 წლიდან ევროკავშირმა ავტომობილებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო, რაც ავტომობილის გამონაბოლქვისათვის სტანდარტის დაწესებას გულისხმობდა. ვინაიდან ბენზინისა და დიზელის ძრავები სხვადასხვა სახის გამონაბოლქვს წარმოშობენ, ისინი განსხვავებული სტანდარტებით ფასდება. ამ მხრივ ჰაერის დაბინძურებაში დიზელს უფრო დიდი წვლილი შეაქვს, რადგან მეტ მტვერსა და ჭვარტლს (ატმოსფერული ნახშირჟანგი) უშვებს. დღეისათვის, ევროკავშირის ცალკეულ ქალაქებს ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებით ინდივიდუალური რეგულაციები აქვთ, მაგალითად, ლონდონის სპეციალურ ზონაში ყველანაირი სახის დიზელის მოხმარება აკრძალულია, გარდა ევრო 6 სტანდარტისა, ბრიუსელის მსგავს ზონაში ევრო 3 და უფრო მაღალი სტანდარტის დიზელის გამოყენებაა შესაძლებელი, შტუტგარტში მხოლოდ ევრო 5-სა და ევრო 6 სტანდარტის დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობაა დასაშვები და ა.შ. რაც შეეხება დიზელის ძრავის უშუალოდ აკრძალვას, მსგავსი შეზღუდვა ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, თუმცა რიგმა სახელმწიფოებმა სამომავლოდ დიზელის ტიპის საწვავის ძრავების ხმარებიდან ამოღება დააანონსეს, მაგალითად, ცნობილია, რომ ნორვეგია ტრადიციული ავტომობილების ხმარებას 2025 წლისთვის აკრძალავს, პარიზში 2025 წლისათვის აიკრძალება დიზელის, ხოლო 2030 წლისთვის ყველანაირი ტიპის შიდა წვის ძრავის მოხმარება და სხვა.
საქართველოში დიზელის ხარისხის ევრო 4-ის სტანდარტს 2019 წლის პირველი იანვრიდან გაუტოლდა, ხოლო ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება. თუმცა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მაღალი წილი პრობლემად რჩება, რასაც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ანგარიშიც ადასტურებს.
ანალიზი
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა: „ჰაერის კიდევ ერთი დამაბინძურებელი არის საწვავი. დიზელი ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც საერთოდ ამოღებულია მთელ რიგ ქვეყნებში, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ გრძელდება მისი გამოყენება საწვავის სახით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 1992 წლიდან ევროკავშირმა ავტომობილებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო, რაც ავტომობილის გამონაბოლქვისათვის სტანდარტის დაწესებას გულისხმობდა. ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან წარმოქმნილ ჰაერის დამაბინძურებლებს ევროპის ჰაერის ხარისხზე დიდი გავლენა აქვთ. გამონაბოლქვზე ევრო სტანდარტების შემოღების მიზანს ჰაერში შემდეგი მავნებელი ნივთიერებების გაფრქვევის შემცირება წარმოადგენს: აზოტის ოქსიდი (NOx), ნახშირბადის მონოქსიდი (CO), ჰიდროკარბონები (HC) და მტვრის ნაწილაკები (PM).
ვინაიდან ბენზინისა და დიზელის ძრავები სხვადასხვა სახის გამონაბოლქვს წარმოშობენ, ისინი განსხვავებული სტანდარტებით ფასდება. ამ მხრივ ჰაერის დაბინძურებაში დიზელს უფრო დიდი წვლილი შეაქვს, რადგან მეტ მტვერსა და ჭვარტლს (ატმოსფერული ნახშირჟანგი) უშვებს. სწორედ აღნიშნული ნივთიერებებისგან ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ევროკავშირმა 1992 წელს დიზელზე რეგულაციები შემოიღო, რაც ევრო 1-ის სტანდარტის სახელით არის ცნობილი. ამ უკანასკნელის თანახმად, ძრავში კატალიზატორი დამონტაჟება ყველა ახალი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდა. რეგულაციები და შეზღუდვები დროთა განმავლობაში უფრო გამკაცრდა. დღეისათვის, ევროპაში დიზელის მოხმარებაზე ევრო 6 სტანდარტი მოქმედებს, რომელიც ძალაში 2015 წელს შევიდა. მის მიხედვით აზოტის ოქსიდის დასაშვები დონე მნიშვნელოვნად შემცირდა და 0.08 გრ/კმ-ით განისაზღვრა. დიზელის აზოტის ოქსიდზე ფოკუსირება რიგი კვლევების შედეგებმა გამოიწვია, რომელთა მიხედვითაც დიზელის გამონაბოლქვის შემცველობასა და რესპირატორულ (სასუნთქი გზები) პრობლემებს შორის კავშირი დადასტურდა.
ევროკავშირის ცალკეულ ქალაქებს ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებით ინდივიდუალური რეგულაციები აქვთ. მაგალითად, ლონდონში 2019 წელს შეიქმნა ულტრა დაბალი გამონაბოლქვის ზონა (Ultra Low Emission Zone, ULEZ), სადაც ყველანაირი სახის დიზელის მოხმარებაა აკრძალული, გარდა ევრო 6-ისა. 2021 წლისთვის აღნიშნული ზონის გაფართოება იგეგმება. ბრიუსელის დაბალი გამონაბოლქვის ზონაში დასაშვებია ევრო 3 და უფრო მაღალი სტანდარტის დიზელის გამოყენება. 2020 წელს აკრძალვა შეეხება ევრო 3-ის ტიპის დიზელს, 2022 წელს ევრო 4-ის, ხოლო 2025 წლისათვის ბრიუსელის აღნიშნულ ზონაში მხოლოდ ევრო 6-ის სტანდარტის დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილებს შეეძლებათ გადაადგილება. შტუტგარტში 2019 წლიდან მხოლოდ ევრო 5-სა და ევრო 6 სტანდარტის დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობაა დასაშვები. პარიზის შემცირებულ ცირკულარულ ზონაში (Restricted Circulation Zone, ZCR) ევრო 3-ისა და მისი შემდგომი სტანდარტის დიზელის მოხმარებაა დასაშვები. 2020 წლისათვის შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. მილანში მხოლოდ ევრო 5-სა და ევრო 6 სტანდარტის დიზელი მოიხმარება, ბარსელონაში კი - ევრო 4 და მისი შემდგომი ტიპები.
რაც შეეხება დიზელის ძრავის მოხმარებიდან სრულ ამოღებასა და მის აკრძალვას, მსგავსი შეზღუდვა ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, თუმცა 2016 წლიდან რიგმა სახელმწიფოებმა დიზელის ტიპის საწვავის ხმარებიდან ამოღება დააანონსეს. მაგალითად, კოპენჰაგენის მერის 2019 წლის გადაწყვეტილებით, ქალაქში ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. გადაწყვეტილება ძალაში 2030 წელს შევა. 2017 წელს კი, პარიზმა, მადრიდმა, ათენმა და მეხიკომ 2025 წლისათვის დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა დააანონსეს. ნორვეგია ტრადიციული ავტომობილების ხმარებას 2025 წლისათვის აკრძალავს, ხოლო საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, შესაბამისად, 2040 და 2050 წლებში. მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ იმ სახელმწიფოთა სია, რომლებმაც დიზელის ხმარების წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღება დააანონსეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1-ლი მაისიდან 2019 წლის 1-ლი მაისამდე პერიოდში, ავტომატური სადგურების ყოველდღიურად განახლებადი მაჩვენებლების მიხედვით დათვლილი საშუალო მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში დასაშვებ ნორმას შემდეგი ნივთიერებების საშუალო წლიური კონცენტრაცია აღემატება: PM10 (მტვრის ნაწილაკი) თბილისში წერეთლის გამზირზე (დასაშვები კონცენტრაცია 40 მკ/მ3, ხოლო ფიქსირებული 51 მკ/მ3) და ყაზბეგის გამზირზე (42 მკ/მ3), ხოლო ქუთაისში - ირაკლი ასათიანის ქუჩაზე (42 მკ/მ3). ზღვრულად დასაშვებ ნორმას გადააჭარბა გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაციამაც. თბილისში, წერეთლის გამზირზე 59 მკ/მ3 დაფიქსირდა (დასაშვები კონცენტრაცია 40 მკ/მ3), ხოლო ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, 63 მკ/მ3.
საქართველოში საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა ყოველწლიურად ხორციელდება. 2017 წლის თებერვალში დიზელის ტიპის საწვავის სინჯებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ცეტანური რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილის მნიშვნელობები შესაბამისობაში იყო „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან. იმავე წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის საფუძველზე კი გამოაშკარავდა, რომ საკვლევი დიზელის საწვავის სამ ნიმუშში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს. კერძოდ, გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში მერყეობდა 308-372 მგ/კგ ფარგლებში (2017 წლის იანვრიდან გოგირდის შემცველობა არაუმეტეს 100 მგ-კგ).
ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დიდი ოდენობით კონცენტრაციისგან დასაცავად, საქართველოში დიზელის ხარისხი ევრო 4 სტანდარტს 1-ლი იანვრიდან გაუტოლდა, ხოლო ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა 2020 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება. თუმცა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მაღალი წილი პრობლემად რჩება. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომზადებული ანგარიშის მიხედვით (რომელიც ბიუროს სხდომას 6 მაისს წარედგინება), მთლიანი გაფრქვევების 71%-ს საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს და ამავდროულად, ქვეყანაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი.