მკითხველის თხოვნით გადამოწმებული ფაქტი
რეზიუმე: ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში (Doing Business) 112-ე ადგილს საქართველო 2006 წლის ანგარიშში იკავებდა, რომელიც, რეალურად, 2005 წლის მდგომარეობას ასახავს. 2006 წლის ვითარების ამსახველი მონაცემი კი, 2007 წელს გამოქვეყნდა და ქვეყანა 37-ე ადგილზე იმყოფებოდა. მსოფლიო ბანკის ბოლო, 2019 ანგარიშის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს, რაც ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, მოცემული მიმართულებით ქვეყნის პროგრესზე ფადი ასლის მითითება სწორია, თუმცა საწყისი მნიშვნელობა არაზუსტად არის დასახელებული.
განცხადებაში დასახელებული მონაცემები თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკასთან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში. 2006 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 313 მლნ დოლარს შეადგენდა, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის მდგომარეობით, 10-ჯერ არის გაზრდილი და 3.22 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება.
Doing Business-ის რეიტინგში პოზიციისა და ტურიზმიდან შემოსავლების ცვლილების თვალსაზრისით, არსებული დადებითი ტენდენციისგან განსხვავებით, ვითარება ცალსახა არ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) ნაწილში. კერძოდ, 2018 წლის მდგომარეობით, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, 2006 წელთან მიმართებით, პუი-ს მოცულობა მხოლოდ 5%-ით არის გაზრდილი და 1.23 მლრდ-ს უტოლდება. მეტად მნიშვნელოვანი ინდიკატორია პუი-ს მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური ოდენობით პუი შესაძლებელია იყოს საკმარისად მაღალი მცირე ზომის ეკონომიკის პირობებში და დაბალი, დიდი ზომის ეკონომიკის პირობებში. 2018 წლის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი, არსებითად, 15.1-დან 7.6%-მდე არის შემცირებული.
ანალიზი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართა. წერილში ასლი აღნიშნავს: „2006 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის მარტივად კეთების“ რეიტინგშიმე-100ადგილს იკავებდა; ქვეყანამ გაიუმჯობესა საკუთარი რეიტინგი და 2018 წელს მე-6ადგილი დაიკავა; ამ თორმეტი წლის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10–ჯერ გაიზარდა და 2006 წლისთვის დაფიქსირებული 360 მილიონი აშშ დოლარიდან 2018 წელს 3.2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამის საპირისპიროდ და გასაოცრად, იმავე პერიოდში და იმავე თორმეტი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავაც 2006 წლის დონეზე რჩება.“
მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგს 2003 წლიდან (Doing Business B2004) აქვეყნებს. ამ დროისთვის კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული, საწყის ეტაპზე კი 155-მდე ქვეყანას მოიცავდა. Doing Business აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის წამოწყების, მართვისა და დახურვისათვის საჭირო სახელმწიფო რეგულაციების სიმარტივეს ზომავს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნებში არსებული ბიზნეს გარემოს შესაფასებლად. სარეიტინგო ქულის შეფასების კრიტერიუმები დროთა განმავლობაში იცვლებოდა, რაც ცალკეული ქვეყნის მახასიათებლების ცვლილებისაგან დამოუკიდებლად რეიტინგში ადგილის ცვლილებას გარკვეულწილად განაპირობებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს, მაგალითად, ბოლო ანგარიში DB2019, რომელიც გასული წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა, რეალურად, 2018 წლის ვითარებას ასახავს. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, საქართველო რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს, რაც, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია.
ცხრილი 1: საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში
წყარო: მსოფლიო ბანკი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო
როგორც ცხრილიდან ჩანს, 112-ე ადგილს საქართველო DB 2006 ანგარიშში იკავებდა, რაც, რეალურად, 2005 წლის მდგომარეობას ასახავს. 2006 წლის ვითარების ამსახველი DB 2007-ის შესაბამისად კი ქვეყანა 37-ე ადგილზეა. 2006-2018 წლებში ზოგადი ტენდენცია გაუმჯობესებით ხასიათდება, 2015 წლიდან რეიტინგში ადგილის გაუარესება კი მეთოდოლოგიის ცვლილებით არის განპირობებული. აღნიშნული პერიოდიდან, ბოლო ანგარიშის ჩათვლით, საქართველო რეიტინგში ადგილს ისევ იუმჯობესებს.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საგადასახდელო ბალანსის ნაწილია. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. შემოსავლების ცვლილების ტენდენციას გრაფიკი 1 ასახავს. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წელს ტურიზმიდან საქართველომ 313 მლნ აშშ დოლარის ოდენობით შემოსავლები მიიღო. 2006-2018 წლების პერიოდზე მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, 2018 წელს კი 3.2 მლრდ დოლარს უტოლდება, რაც 2006 წლის შესაბამის მონაცემთან მიმართებით 10-ჯერ მეტია. მოცემულ თემაზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევები (ბმული1; ბმული2).
გრაფიკი 1: ტურიზმიდან შემოსავლები (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (პუი), უნდა აღინიშნოს, რომ გარდა აბსოლუტური მაჩვენებლებისა, მნიშვნელოვანია მისი ფარდობითი მონაცემის განხილვაც, რადგან კონკრეტული ოდენობის ინვესტიციები შესაძლებელია იყოს ძალიან ბევრი ერთი ქვეყნისთვის რომლის ეკონომიკის მოცულობა მცირეა და იყოს ძალიან მცირე, სხვა ქვეყნისთვის რომლის ეკონომიკის მოცულობაც დიდია. ფარდობითი მონაცემის მისაღებად, როგორც წესი, პუის შესაბამისი პერიოდის ნომინალურ მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი გამოიყენება. შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს გრაფიკი 2 ასახავს. 2018 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასულ პერიოდთან მიმართებით, მნიშვნელოვნად (35%-ით) შემცირდა და 1.23 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ნომინალური მშპ-ს 7.6%-ია. 2006 წელს პუი-ს აბსოლუტური მნიშვნელობა 1.17 მლრდ დოლარს შეადგენდა. 2018 წლის მდგომარეობით, აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ით არის გაზრდილი, თუმცა გასათვალისწინებელია რომ 2006 წელს ნომინალური მშპ 11.6 მლრდ ლარს შეადგენდა, 2018 წლის მდგომარეობით კი, 3.5-ჯერ 41.1 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. შესაბამისად, პუი-ს ფარდობა მშპ-სთან 2006 წელს თუ 15.1%-ს შეადგენდა, 2018 წელს მხოლოდ 7.6%-ია. მოცემულ თემაზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა (ბმული1; ბმული2).
გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური