თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის, კ2-ის, გაზრდა სპეციალური მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე აღარ მოხდება. ამის შესახებ თბილისის მერმა 2019 წლის 15 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. კოეფიციენტის გაზრდა ნიშნავს, რომ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, მოსაკრებლის გადახდით, დეველოპერს ასაშენებელი შენობის სართულების რაოდენობის გაზრდა შეუძლია. აღნიშნული მოსაკრებელი 2007 წლიდან დაწესდა. ამ მიზნით, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში 2007 წლის 13 აპრილს ცვლილება შევიდა და დაემატა მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის.

თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, თბილისის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია დამტკიცდა. ამ დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წელს მიღებული დადგენილება. 2014 წლის დადგენილების მიხედვით, მოსაკრებლის ოდენობა, ნამატი, სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით, არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.

2016 წლის 24 მაისის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, თბილისის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების ინტენსივობის, კ2 კოეფიციენტის, გაზრდა დროებით შეიზღუდა.

ჩვენ დავინტერესდით, კ2 კოეფიციენტის გაზრდისთვის დაწესებული მოსაკრებლით (სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი) წლების განმავლობაში, რა რაოდენობის თანხა შედიოდა დედაქალაქის ბიუჯეტში.

ცხრილი 1: თბილისის ბიუჯეტში კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი გეგმა/ფაქტი (ათასი ლარი)

წელი

გეგმა

ფაქტი

2010

750

823.5

2011

1 832

1 990

2012

1 745

1 563

2013

1 745

1 929

2014

4 200

8 577

2015

6 500

7 157

2016

6 500

11 988

2017

10 794

19 473

2018

10 000

-

2018 (9თვე)

8 000

9 547

2019

10 000

-

წყარო: თბილისის ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი წლების მიხედვით, ძირითადად, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2013 წლიდან კი აღნიშნული მოსაკრებლიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი დაგეგმილს აღემატება. მიმდინარე წელსაც, კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებლით ბიუჯეტში 10 მილიონი ლარის მობილიზება იყო დაგეგმილი. აღნიშნული მოსაკრებლის გაუქმების გამო, დაგეგმილი ათი მილიონი ლარი დედაქალაქის ბიუჯეტში ვეღარ შევა.

ინფორმაციისთვის, მერიის ახალი ინიციატივა შეეხება ყველა ნებართვასა და გრგ-ს, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. რეგულაციის ამოქმედებამდე გაცემულ ნებართვებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდის აკრძალვა არ გავრცელდება. რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის უნდა შევიდეს.

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტის ზრდის მოსაკრებლის დაწესებას თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოღებულ მანკიერ პრაქტიკად მიიჩნევდა. თუმცა, მისი მერობის პერიოდში, თბილისი მუნიციპალიტეტის მიერ ორი წლის განმავლობაში კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 1 037 თანხმობა გაიცა, 2009-2014 წლებში კი, იგივე მიზნით, 1 948 თანხმობა იყო გაცემული (იხ. სტატია).

კ2 კოეფიციენტის გაზრდას მოსაკრებლის საშუალებით, მავნე პრაქტიკას უწოდებს მოქმედი მერი კახა კალაძეც. მისი მერობის ერთწლიან პერიოდში კ2 კოეფიციენტის გაზრდით მიღებულმა შემოსავალმა დედაქალაქის ბიუჯეტში 2018 წლის 9 თვეში 9.5 მლნ ლარი შეადგინა.

რას შეცვლის დედაქალაქის ურბანულ განვითარებაში კ2 კოეფიციენტის გაყიდვის შეჩერება, ამის შესახებ კომენტარი დარგის სპეციალისტებს ვთხოვეთ.

თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2016 წელს სწორედ კ2 კოეფიციენტის გაყიდვის შეჩერება იყო. მაშინ საკრებულომ ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ გაითვალისწინა და 2016 წლის მაისში თბილისის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდა დროებით შეიზღუდა. ორგანიზაციის დირექტორი მამუკა სალუქვაძე მერიის ახალ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. „ეს არის თბილისის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რაც სრულად შეესაბამება დედაქალაქის გენგეგმის მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს“ - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ კ2 კოეფიციენტის გაყიდვის შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა და ცოტა დაგვიანებულიც. მისი აზრით, ამ აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ, დეველოპერებსა და მშენებლებს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოუწევთ საქმიანობა. შეჯიბრი იქნება ხარისხში და არა რაოდენობაში. რაც შეეხება საკითხს, რეგულაცია გამოიწვევს თუ არა ბინების ფასის მატებას, ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ ფასს ბაზარი თვითონ დაარეგულირებს.

თეგები: