რეზიუმე: შპს „საქართველოს ფოსტის“ 100%-იან წილის მესაკუთრეს სახელმწიფო წარმოადგენს. თავის მხრივ, „საქართველოს ფოსტა“ 2017 წლის მდგომარეობით ფლობდა[1] შვილობილ კომპანიას საბერძნეთში, რომელთან ერთადაც ბიზნეს ჯგუფს ქმნის.
ორგანიზაციის 2017 წლის კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, ჯგუფის (შპს „საქართველოს ფოსტა“ და მისი შვილობილი „Georgian Post” I.K.E) წმინდა ზარალმა 2017 წელს 326 ათასი, 2016 წელს კი 2.25 მლნ ლარი შეადგინა. 2017 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 23%-ით გაიზარდა ჯგუფის შემოსავლები, მაგრამ ხარჯების უფრო მაღალი ტემპით ზრდის შედეგად 16%-ით გაიზარდა საოპერაციო ზარალი[2] და 1.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზარალი ნაწილობრივ დააბალანსა საპროცენტო შემოსავლებმა და საკურსო სხვაობიდან მიღებულმა მოგებამ, შედეგად, წმინდა ზარალი 326 ათას ლარამდე შემცირდა. ცალკე აღებული „საქართველოს ფოსტის“ ინდივიდუალური წმინდა ზარალი კი, 2017 წელს 409 ათას ლარს შეადგენს.
შესაბამისად, მტკიცება, რომ ორგანიზაცია წამგებიანი არ არის და 2017 წელს მოგებაზე გავიდა რეალობას არ შეესაბამება.
ანალიზი
სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ მაჩვენებლებზე საუბრისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტა წამგებიანი ორგანიზაცია არ არის და 2017 წლიდან მოგებაზე გავიდა.
შპს „საქართველოს ფოსტა“ 1995 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. 2016 წლის ნოემბერში, შპს „საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთში თავად დააფუძნა „Georgian Post“ I.K.E და მის 100%-იან წილს ფლობს. ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო და გადაზიდვის მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. ასევე, შპს „საქართველოს ფოსტა“ ეწევა სიგარეტებისა და სხვა პროდუქციის რეალიზაციას, კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას, ფულადი გზავნილების მომსახურებას. ჯგუფი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში იმყოფება. შპს „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი.
ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების განხილვამდე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მიერ საწარმოების ფლობისა და მართვის მთავარი მიზანი შესაძლებელია იყოს როგორც საწარმოს საქმიანობიდან შემოსავლის მიღება, ასევე, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება. შესაბამისად, ცალკეული სახელმწიფო საწარმოების მიზანი შესაძლებელია მოგების მიღებაში არც მდგომარეობდეს, თუმცა „საქართველოს ფოსტა“ ამ უკანასკნელ კატეგორიას არ განეკუთვნება და მისი ოპერირების ეფექტიანობა სწორედ მომგებიანობის ანალიზის საფუძველზე უნდა შეფასდეს.
ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლები სრულყოფილად წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება. აღნიშნული დოკუმენტის მომზადება შრომატევადი პროცესია და როგორც წესი, მომდევნო პერიოდის ბოლოს ხდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამ ეტაპზე „საქართველოს ფოსტის“ მხოლოდ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგებაა საჯარო, 2018 წლის მონაცემების ამსახველი დოკუმენტი კი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. როგორც 2017 წლის კონსოლიდირებული[3] ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, ჯგუფის წმინდა მოგება 2016-2017 წლებში უარყოფითია (ზარალი) და შესაბამისად, 2 252 ათას და 326 ათას ლარს უტოლდება. ცალკე აღებული „საქართველოს ფოსტის“ შემთხვევაში კი, 2017 წლის ზარალი 409 ათას ლარს შეადგენს. ცხრილი 1 ასახავს ჯგუფის ფინანსურ მაჩვენებლებს ბოლო 2 წლისათვის.
ცხრილი 1: საქართველოს ფოსტის ფინანსური მაჩვენებლები 2016-2017 წლებში (ათასი ლარი)
|
კონსოლიდირებული |
ინდივიდუალური |
||
2016 |
2017 |
2016 |
2017 |
|
სულ შემოსავალი |
70 691 |
86 770 |
70 691 |
86 152 |
საოპერაციო მოგება (ზარალი) |
-1 297 |
-1 508 |
-1 297 |
-1 587 |
წმინდა მოგება (ზარალი) |
-2 252 |
-326 |
-2 252 |
-409 |
წყარო: შესაბამისი პერიოდის ფინანსური ანგარიშგება
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს, წინა პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 23%-ით გაიზარდა ჯგუფის შემოსავლები, მაგრამ ხარჯების უფრო მაღალი ტემპით ზრდის შედეგად 16%-ით გაიზარდა საოპერაციო ზარალი და 1.5 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზარალი ნაწილობრივ დააბალანსა საპროცენტო შემოსავლებმა და საკურსო სხვაობიდან მიღებულმა მოგებამ, შედეგად, წმინდა ზარალი 326 ათას ლარამდე შემცირდა.
[1] 2018 წლის ივლისში „საქართველოს ფოსტამ“ ასევე დააფუძნა შპს „ჯორჯიან პოსტ“ (ჩეხ) 07294816, რომლის 100%-იან წილს თავად ფლობს.
[2] ზარალი ძირითადი საქმიანობიდან
[3] ასახავს ჯგუფის ფინანსურ მდგომარეობას, შვილობილი კომპანიის მონაცემების ჩათვლით