ბათუმი მწვანე ქალაქი უნდა გახდეს - ამის შესახებ ქალაქის მერმა საზოგადოებას შარშან, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ გახსნის ღონისძიებაზე ამცნო. გამწვანების სტრატეგია გულისხმობს ბათუმში რეგულარული სამუშაოების ჩატარებას ქალაქის გამწვანებისა და მწვანე საფარის გაზრდის მიზნით.

აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, არის, თუ - არა ქალაქში არსებული პარკები, სკვერები, მწვანე საფარი და რეკრეაციული ზონები საკმარისი და ხელმისაწვდომი ბათუმელებისთვის. თემაზე მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ შპს "DS group"-ის თვის გადაცემული ორი სკვერის (ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის 37 ნომერსა და ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში) სანაცვლოდ, კომპანიას ახალი სკვერების მოწყობის ვალდებულება აქვს ნაკისრი. აქედან არც ერთი შესრულებული არაა (იხ. ბმული1, ბმული 2).

სიტუაციაში გარკვევის მიზნით ჩვენ ადგილზე მივედით. როგორც აღვნიშნეთ, არც ერთი სკვერის მოწყობა დაწყებულიც კი არ არის. "DS group"-ის წარმომადგენელმა, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით, გვითხრა, რომ უცხოეთში მიემგზავრება და ჩვენთან შესახვედრად არ სცალია.

ინფორმაცია ქალაქის მერიიდან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ, რათა ხელშეკრულების პირობებში გავრკვეულიყავით. უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, მოქალაქე ირის ბორჩაშვილს (შემდეგში - შპს „კმ გრუპის“ დირექტორი), აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 1-ლი აპრილის ბრძანებით, ბათუმში რამდენიმე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ქონება გადაეცა. 2014 წლიდან ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ჩამონათვალს ზუბალაშვილის 37 ნომერში მდებარე სკვერიც დაემატა - 3 262 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულებაში, სხვა ვალდებულებების პარალელურად (მათ შორის, აჭარის ა/რ მთავრობისთვის 400 კვ.მ საცხოვრებელი ფართის გადაცემა), გაწერილი იყო ახალი სკვერის მოწყობის პირობაც. მოგვიანებით, 2016 წელს, ირის ბორჩაშვილმა მთავრობას განცხადებით მიმართა და ქონების შპს "DS Group"-ისთვის გადაცემის უფლება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამის შემდეგ ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, სკვერის მოწყობის ჩათვლით, ახალმა მესაკუთრემ აიღო. ხელშეკრულების პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილების თანახმად, სახლის მშენებლობა 2019 წლის 1-ლ აპრილს უნდა დასრულდეს. სკვერის მოწყობის სამუშაოები კი, რომლებიც პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, ჯერაც არ დაწყებულა. ამასთან, ათვისებული ქონების ნაწილზე, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებარე „თი ბი სი ბანკის“ შენობას ემიჯნება, სკვერის გამართვა შეუძლებელია, ტერიტორიის სიმცირის გამო (იხ. ფოტო).

"DS group"-ს გადაეცა კიდევ ერთი, ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე, სკვერიც, რომელიც კომპანიამ გააუქმა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა დაიწყო. სამაგიეროდ, კომპანიამ ბათუმის მერიასთან პირობა დადო, რომ ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელ კორპუსებსა და საავტომობილო გზას შორის არსებულ ტერიტორიაზე სკვერს კეთილმოაწყობდა. "DS group"-მა თვითმმართველობას შესაბამისი პროექტიც წარუდგინა. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი ძველი სკვერის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მათი პროტესტი ხელისუფლებამ ყურად არ იღო. ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები კი არ დაწყებულა და როდის დაიწყება, ამის გარკვევას ფაქტ-მეტრი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა. მერიას წერილი ორჯერ მივწერეთ. პირველ ჯერზე მან "DS group"-ის მიერ მომზადებული სკვერის პროექტი გამოგვიგზავნა. რადგან ჩვენთვის საინტერესო საკითხზე სრულყოფილი პასუხი არ მოგვწერეს, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსს მირიან მეტრეველს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ პროექტი უკვე გამოგვიგზავნა, სხვა კითხვებზე კი მეორე დილით გვიპასუხებდა. მომდევნო დღეს მან ტელეფონის ზარს არ უპასუხა და სამსახურის იურისტის საკონტაქტო ნომერი მოგვწერა. იურისტის განცხადებით, "DS group"-თან, სკვერის მოწყობის თაობაზე, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობს, ამიტომ ვადები დადგენილი არაა და როცა უნდა, მაშინ გააკეთებს. ის ასევე დაგვპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს მომავალში შესაბამის სამსახურთან განიხილავდა.

ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში არის დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ 2016 წელს კომპანიამ მერიას ახალი სკვერის ესკიზი შესათანხმებლად გაუგზავნა. მერიამ პროექტი შეითანხმა და "DS group"-ს სკვერის კეთილმოწყობის შესაძლებლობა დაუდასტურა. ჩვენს კითხვაზე, რა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია თვითმმართველობას, თუ კომპანია საერთოდ უარს იტყვის სკვერის მოწყობაზე, გვიპასუხეს, რომ მერიას საამისოდ რაიმე ბერკეტი არ აქვს.

პროექტის მიხედვით, რომელზეც ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის ხელმოწერა და ბეჭედია, ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ კეთილმოწყობილ სკვერში უნდა იყოს:

ბეტონის ბორდიური - 480 გრძ/მ

ბალახის საფარი - 540 კვ.მ

მოსაპირკეთებელი ბეტონის ფეხსავალი ბილიკი - 650 კვ.მ

რეზინის ფენა - 138 კვ.მ

ხის ფანჩატური - 1 ცალი

ლითონის ფანჩატური - 2 ცალი

დეკორატიული განათება - 8 ცალი

სკამი - 20 ცალი

ქაღალდზე არსებული პროექტით, სკვერი კეთილმოწყობილი უნდა ყოფილიყო,თუმცა რეალური სურათი ასეთია: იხ. ფოტო 1, ფოტო 2, ფოტო 3.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ არა, მაგრამ ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, ზუბალაშვილის ქუჩაზე, გასხვისებული სკვერის მიმდებარედ, 1 100 362 ლარად ახალი სკვერი თვითონ მოეწყო. სხვათა შორის, მერიამ 2018 წლის ბოლოს იქვე თავისი ადმინისტრაციული შენობაც ჩადგა.

რაც შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტერიტორიას, აქ 2017-2018 წლებში მერიის ორგანიზაციამ ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსმა“ რამდენიმე ფანჩატური და სკამი განათავსა, რომლებსაც პერიოდულად შეკეთებას საჭიროებს, რასაც მერია ახორციელებს. საბოლოოდ სიტუაცია ასეთია - კერძო კომპანიისთვის სკვერების გადაცემას მოქალაქეებისთვის სამაგიერო სიკეთის მიღება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, შედეგის შემსუბუქების მიზნით თანხა ისევ ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ რეკრეაციულ ადგილებში 2010 წლიდან დღემდე რამდენი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია სარგებლობაში გადაცემული. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2018 წლის ივლისის ჩათვლით, აუქციონის წესით, სხვადასხვა მოიჯარეზე გადაცემულია 15 130 კვ მ ქონება, რომლის წლიური საიჯარო თანხა, ჯამში, 586 960 ლარს შეადგენს. საუბარია ბულვარში, ზღვისპირა პარკსა და ცენტრალურ პარკში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

თეგები: