ფაქტ-მეტრი გთავაზობთ 2018 წელს გადამოწმებული მრავალფეროვანი დეზინფორმაციიდან 5 ყველაზე მეტად ყურადღებამისაქცევ ყალბ ამბავს და ასევე, იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც 2018 წელს არაერთი ყალბი ამბავი გაავრცელეს.
მე-5 ადგილი - „ქართული აზრი“ - ამბავი მიჩურინის ვაშლისა - საბჭოური განათლების „უპირატესობები“
ინტერნეტ მედიასაშუალება „ქართული აზრი“ გაავრცელა ყალბი ამბავი, რომ „ინგლისის ყველა პრესტიჟული სკოლა განათლების „საბჭოურ“ სისტემაზე გადავიდა“. სტატიაში ნახსენები ბრიტანეთის ყოფილი განათლების მინისტრის, იუსტინე გრინინგის, BBC-ისათვის მიცემული ინტერვიუ, სადაც გაერთიანებულ სამეფოში „საბჭოთა კავშირის“ განათლების სისტემის დანერგვის შესახებ საუბრობს, ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. გარდა ამისა, სტატიაში ნახსენები სკოლებისათვის ინგლისურ ენაზე ნათარგმნი საბჭოთა სახელმძღვანელოები ბრიტანული სახელმძღვანელოების პორტალზე არ იძებნება. საბჭოთა ავტორ, ლინგვისტ დიტმარ როზენტალის არც ერთი წიგნი ინგლისურად ნათარგმნი არ არის, ფიზიკოს ლევ ლანდაუს სახელმძღვანელოები კი, არა სასკოლო, არამედ უმაღლესი სასწავლებლებისათვისაა გათვლილი (ლანდაუს წიგნებით ასწავლიდნენ არა სკოლის მოსწავლეებს, არამედ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, მათ შორის „საბჭოთა კავშირშიც“) (ვრცლად იხილეთ ბმული).
მე-4 ადგილი - „საქართველო და მსოფლიო“ – ჰომოფობია, როგორც ჰალუცინოგენი
მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია – „ესეც შესაძლებელია: ბრიტანელმა წამალი დალია და გეი გახდა“ – არის ყალბი. სტატიაში მოყვანილია 23 წლის ბრიტანელის, სკოტ პურდის, ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის „პრეგაბალინის“ მიღების შემდეგ გაუქრა ქალის მიმართ ინტერესი და კაცების მიმართ გაუჩნდა მიზიდულობა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს.
სინამდვილეში, გარეშე ფაქტორების გავლენით სექსუალური იდენტობის ცვლილება მეცნიერულად უარყოფილია. პრეპარატი „პრეგაბალინი“, რომელიც „ლირიკას“ სახელითაა ცნობილი, მღელვარებისა და შფოთის სამკურნალოდ გამოიყენება. კლინიკური ფსიქოლოგებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების განმარტების მიხედვით, პურდის ეს განცხადება გამოიწვია არა ზემოთ აღნიშნულმა პრეპარატმა, არამედ, ის მას საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნებასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარების გადალახვაში დაეხმარა (ვრცლად იხილეთ ბმული).
მე-3 ადგილი - Kvira.ge - წლის კაციჭამია
საინფორმაციო პორტალ „კვირას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია – „საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ ქმრებს ცოლების ჭამის უფლება მისცა“ – არის ყალბი ამბავი. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი თავდაპირველად არაბული სატირული ვებ-გვერდის მიერ იქნა გავრცელებული და სიმართლეს არ შეესაბამება. საუდის არაბეთის მთავარი მუფთის წარმომადგენლების თქმით, მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ამბავი ისლამის იმიჯის შელახვის მიზნით გამოიგონეს. გარდა ამისა, ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება განცხადების ნამდვილობის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიო მასალა.
ხაზგასასმელია, რომ ზემოთ მოყვანილმა საინფორმაციო პორტალმა აღნიშნული ყალბი ამბავი 2015 წელს გაავრცელა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ამბავმა აქტუალობა კვლავ შეიძინა, რის შემდეგაც ის სხვა მედიასაშუალებებმაც აქტიურად გააზიარეს (ვრცლად იხილეთ ბმული).
მე-2 ადგილი „თბილისი 24“ - ამერიკა მოერევა თუ რუსეთი
2018 წლის თებერვალში, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ბირთვული პოტენციალის მიმოხილვის“ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, იგი კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალის მქონე სახელმწიფოდ, მაგრამ ამერიკა ხაზს უსვამს, რომ იცავს ბირთვული იარაღის შემცირების და გაუვრცელებლობის შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, აშშ ამბობს, რომ შეთანხმებას არ იცავენ რუსეთი და ჩინეთი, ასევე, საუბრობს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის უკანონოდ მიყიდვაზე. აღნიშნული ინფორმაცია „თბილისი 24“-მა ისე გაავრცელა, თითქოს, აშშ რუსეთის უპირატესობას აღიარებს, რაც თავისთავად ყალბი ამბავი და მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა (ვრცლად იხილეთ ბმული).
1-ლი ადგილი - ალტ-ინფო - დაფინანსებული შოვინიზმი, ქსენოფობია, სექსიზმი, ჰომოფობია და ულტრანაციონალიზმი
„ალტ-ინფოს“ მიერ გავრცელებული სტატია – „აშშ-ში აბორტების მხარდამჭერმა აქტივისტმა 27-ე აბორტის გაკეთებით „რეკორდი“ დაამყარა, აბორტის ჩატარების დროს ის 24 კვირის ორსული იყო“ – არის ყალბი ამბავი. აღნიშნული სტატია ვებგვერდ „World News Daily Report“-ზე გამოქვეყნდა, სადაც მითითებულია, რომ საიტი სატირული ხასიათისაა და მათი სტატიები გამოგონილი შინაარსის მატარებელია. კლინიკა, სადაც სტატიის თანახმად აბორტი ჩატარდა, არ არსებობს, ხოლო თითქოს „აბორტის მხარდამჭერი რეკორდსმენი აქტივისტის“ ამსახველი თანდართული ფოტო ონლაინ საძიებო სისტემის ბაზიდანაა აღებული (ვრცლად იხილეთ ბმული). აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნომინაციის ფლაგმანია.
სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული კიდევ ბევრი ყალბი ამბავი გადაამოწმა ფაქტ-მეტრმა 2018 წელს. გადამოწმებული ყალბი ამბები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
ფაქტ-მეტრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ დეზინფორმაციისგან თავისუფალ საქართველოს!