საინფორმაციო პორტალ „კვირას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია - „საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ ქმრებს ცოლების ჭამის უფლება მისცა“ - არის ყალბი ამბავი. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი თავდაპირველად არაბული სატირული ვებ-გვერდის მიერ იქნა გავრცელებული და სიმართლეს არ შეესაბამება. საუდის არაბეთის მთავარი მუფთის წარმომადგენლების თქმით, მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ამბავი ისლამის იმიჯის შელახვის მიზნით გამოიგონეს. გარდა ამისა, ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება განცხადების ნამდვილობის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიო მასალა.
ხაზგასასმელია, რომ ზემოთ მოყვანილმა საინფორმაციო პორტალმა აღნიშნული ყალბი ამბავი 2015 წელს გაავრცელა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ამბავმა აქტუალობა კვლავ შეიძინა, რის შემდეგაც ის სხვა მედიასაშუალებებმაც აქტიურად გააზიარეს.
ანალიზი საინფორმაციო პორტალმა „კვირა“ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: „საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ ქმრებს ცოლების ჭამის უფლება მისცა“. სტატიის მტკიცებით, საუდის არაბეთის მთავარმა მუფთიმ, აბდულ აზიზ ალ-შეიხმა, ქადაგებისას განაცხადა: „თუ ქმარს მოშივდა და სახლში საჭმელს ვერ ნახავს, მას უფლება აქვს ცოლის სხეულს ფრაგმენტი მოაჭრას და შეჭამოს“. აღნიშნული თავდაპირველად არაბულმა სატირულმავებ-გვერდმა გაავრცელა და სიმართლეს არ შეესაბამება.
მნიშვნელოვანია, რომ საინფორმაციო პორტალმა „კვირა“ აღნიშნული სტატია 2015 წელს გამოაქვეყნა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ამბავმა აქტუალობა კვლავ შეიძინა (რაზეც სტატიაზე დატოვებული კომენტარებიც მეტყველებს) და სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც გააზიარეს.
საუდის არაბეთის მთავარი მუფთის წარმომადგენლების თქმით,აბდულ აზიზ ალ-შეიხს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. გავრცელებული ამბავი ტყუილია და ისლამის იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად. მუსლიმთა მსოფლიო ლიგის გენერალური მდივნის თანაშემწე კი აღნიშნავს, რომ „გამორიცხულია მსგავსი არაჯანსაღი აზრები რომელიმე მუსლიმისგან მომდინარეობდეს, განურჩევლად იმისა, თუ რომელი მოციქულის სწავლების მიმდევარია. ხოლო რაც შეეხება საუდის არაბეთის მთავარი მუფთის მიმართ მიწერილ ციტატას, ის დაბნეულობისა და ისლამისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად იქნა გამოგონებული“.
გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტორებისა, ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება ვიდეო ან აუდიო მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას ადასტურებს.