15
ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: „ახალგაზრდების მხოლოდ 12%-ია ინფორმირებული სამოქალაქო უფლებებზე, კონკრეტულად კანონმორჩილებაზე, გადასახადების გადახდასა და არჩევნებში მონაწილეობაზე. ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. საქართველოში მსჯავრდებული ახალგაზრდების რაოდენობა მსჯავრდებულ პირთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდას წარმოადგენს 14-დან 29 წლამდე პირი. 2014 წელს უნისეფის მიერ გამოქვეყნებული კვლევისმიხედვით, ქართველი ახალგაზრდები ფლობენ მცირე ინფორმაციას სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდების მხოლოდ 11.6%-ია ინფორმირებული სამოქალაქო უფლებებზე, კონკრეტულად კანონმორჩილებაზე, გადასახადების გადახდასა და არჩევნებში მონაწილეობაზე. ურბანულ ადგილებსა და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ფიქსირდება გადასახადების გადახდასა და სამოქალაქო ვალდებულებას შორის არსებული კავშირის აღქმაში (გადასახადების გადახდას სამოქალაქო ვალდებულებად მოიაზრებს ურბანულ ადგილებში მცხოვრები ახალგაზრდების 62.1%, ხოლო სოფლად მაცხოვრებლების - 53.7%). ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმავე კვლევის თანახმად, ახალგაზრდები არ არიან აქტიურად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის (90.4%) აზრით, ახალგაზრდებს აქვთ უფლება ერეოდნენ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, 2013 წელს მსგავსი აქტივობით მხოლოდ 10.9% გამოირჩეოდა (გვ. 6).
რაც შეეხება დასაქმებას, ამ კუთხით მოსახლეობა ორ ნაწილადიყოფა: ეკონომიკურად აქტიურად და ეკონომიკურად არააქტიურად. ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება. ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ჯგუფში კი ერთიანდება ყველა 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში. აგრეთვე პირი, რომელიც ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.
უნისეფის კვლევის მიხედვით, შრომისუნარიანი მოსახლეობის ასაკობრივ კატეგორიაში უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირებულია ახალგაზრდებს შორის, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქალაქში მცხოვრებლების შემთხვევაში. ახლაგაზრდა მუშახელის 30.7% დაუსაქმებელია. მათ უმეტესობას (33.2%-ს) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. ქალაქებში ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი 2.5-ჯერ მაღალია, ვიდრე სოფლად. ეს უკანასკნელი კი განპირობებულია სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებით.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად, 15-დან 19 წლამდე ასაკის აქტიური პირების 31.9%, 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის - 30% და 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის 21.6% უმუშევარია.
ცხრილი 1:ახალგაზრდების ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით
ასაკობრივი ჯგუფი | 15-19 | 20-24 | 25-29 |
აქტიური მოსახლეობა | 36.9 ათასი კაცი | 123.1 ათასი კაცი | 173.2 ათასი კაცი |
დასაქმებული | 25.1 ათასი კაცი | 86.1 ათასი კაცი | 135.8 ათასი კაცი |
უმუშევარი | 11.8 ათასი კაცი | 37.0 ათასი კაცი | 37.3 ათასი კაცი |
მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ | 162.9 ათასი კაცი | 90.6 ათასი კაცი | 65.6 ათასი კაცი |
უმუშევრობის დონე (%) | 31.9% | 30% | 21.6% |
აქტიურობის დონე (%) | 18.5% | 57.6% | 72.5% |
დასაქმების დონე (%) | 12.6% | 40.3% | 56.9% |
ცხრილიდან ჩანს, რომ ახალგაზრდების აქტიურობისა და დასაქმების დონე ასაკთან ერთად იზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ 15-19 წლის ასაკის პირები უმეტესწილად სწავლით არიან დაკავებულნი და სამუშაო ძალის გარეთ იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდების 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში. მათი ნახევარზე მეტი (57.6%) აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის მუშაობის დასაწყებად. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შედის იმ ახალგაზდების დიდი ნაწილი, რომლებიც ახალკურსდამთავრებულები არიან, მიიღეს პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება და აქტიურად ცდილობენ შორმის ბაზარში ჩართვას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებისთანახმად, 2016 წელს საქართველოში სულ 15 640 მსჯავრდებული დაფიქსირდა. მათგან 6 139 ადამიანი მიეკუთვნება 14-დან 29 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია 14-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის მსჯავრდებულების რიცხვი. თუმცა, 18-დან 29 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.
გრაფიკი 1:
მსჯავრდებულთა განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასკვნასაქართველოს ახალგაზრდების (15-დან 29 წლამდე ასაკის პირების) მხოლოდ 12% არის ინფორმირებული სამოქალაქო უფლებებზე - კანონმორჩილებაზე, გადასახადების გადახდასა და არჩევნებში მონაწილეობაზე. იმავე ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი 30.7%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდების 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნება იმ ახალგაზდების დიდი ნაწილი, რომლებიც ახალკურსდამთავრებულები არიან, მიიღეს პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება და აქტიურად ცდილობენ შორმის ბაზარში ჩართვას. რაც შეეხება მსჯავრდებულთა რიცხვს, 2016 წლის მონაცემებით საქართველოში სულ 15 640 მსჯავრდებულია, მათგან 6 139 ადამიანი, საერთო რაოდენობის თითქმის 40%, წარმოადგენს ახალგაზრდების ასაკობრივ კატეგორიას.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება არის სიმართლე.