იტვირთება

მიმდინარე წლის 8 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა: „2007-2008 წლებში რკინიგზის ტვირთბრუნვა იყო დაახლოებით 23 მლნ ტონა, 2012 წელს ჩამოვიდა 20 მლნ ტონამდე, 2015 წელს იყო 14 მლნ ტონა, ხოლო წელს დაგეგმილია, რომ ტვირთბრუნვა იქნება 11 მლნ ტონა. შესაბამისად, შემცირებულია რკინიგზის მოგებაც, თუ სამწლიან პერიოდში, 2009-2012 წლებში, იყო 227 მლნ დოლარი, 2013-2016 წლებში სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის ოდენობამ მაქსიმუმს 2006 წელს მიაღწია და 22.6 მლნ ტონა შეადგინა. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2005-2012 წლების მანძილზე ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20 მილიონიან ნიშნულზე მაღლა იყო, გამონაკლისს წარმოადგენს პოსტკრიზისული 2009 წელი - 17.1 მლნ ტონა გადაზიდული ტვირთით და 2010 წელი, როცა გადაზიდვის მოცულობამ 19.9 მლნ ტონა შეადგინა.

გრაფიკი 1:

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა

image001 წყარო: საქართველოს რკინიგზა

2013

წელს ტვირთბრუნვა 18.2 მლნ ტონამდე შემცირდა, კლების ტენდენცია შენარჩუნდა და 2016 წელს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ მხოლოდ 11.9 მლნ ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია 2017 წლის პირველი ოთხი თვის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი და 3.6 მლნ ტონას შეადგენს. მიმდინარე წლის გეგმიური ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია ვერ მოიძია.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის ფინანსურ მაჩვენებლებს, ამ სტატისტიკას გრაფიკი 2 ასახავს. ირაკლი აბესაძის მიერ დასახელებული მონაცემები მოყვანილია აშშ დოლარში, თავის მხრივ საქართველოს რკინიგზა ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს ლარში გამოსახული მაჩვენებლებით. შესაბამისად, საანალიზო პერიოდის მანძილზე კურსის მნიშვნელოვანი ცვალებადობის გათვალისწინებით დასახელებული მონაცემების ოფიციალურ მონაცემებთან ზუსტი თავსებადობის გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. მეორე მხრივ, მოგების სიდიდის შესაფასებლად რამდენიმე განსხვავებული ფინანსური მაჩვენებელი შეიძლება იქნეს აღებული (საოპერაციო მოგება, მოგება დაბეგვრამდე, წმინდა მოგება). აქედან გამომდინარე, მოცემულ ნაწილში ფინანსური მაჩვენებლების ცვლილების ტენდენციის შეფასება უკეთესი ინდიკატორია, ვიდრე აბსოლუტური მაჩვენებლების შედარება.

გრაფიკი 2:

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები (მლნ ლარი)

image002 წყარო: საქართველოს რკინიგზა

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2007-2015 წლებში, პოსტკრიზისული 2009 წლის გარდა, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და კლება 2016 წელს ფიქსირდება. ერთი შეხედვით, ეს ალოგიკური სურათია ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებლის ფონზე. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სატვირთო გადაზიდვის ტარიფები უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, ცხადია რომ ლარში გამოსახული შემოსავლის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის გაცვლითი კურსის შემცირებაა (გაუფასურება) და არა რაიმე რეალური პოზიტიური ცვლილება. აღნიშნულ შეფასებას ამყარებს მომგებიანობის გამოკვეთილად კლებადი ტენდენციაც, 2015 წელს კი საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 2007 წლიდან დღემდე პირველად უარყოფითი გახდა (ზარალი). აბსოლუტური მაჩვენებლების თვალსაზრისით 2013-2016 წლებში ჯამურმა წმინდა მოგებამ 104 მლნ ლარი შეადგინა რაც 2009-2012 წლების ჯამურ მაჩვენებელს (389 მლნ ლარი) 3.7-ჯერ ჩამოუვარდება. ანალოგიური პერიოდების შედარებისას შევამჩნევთ, რომ 2013-2016 წლებში 1.5-ჯერაა გაზრდილი საოპერაციო მოგება, თუმცა როგორც აღინიშნა, ტარიფის უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებიდან გამომდინარე აღნიშნულ ზრდას დიდწილად ლარის გაუფასურება განაპირობებს.

  დასკვნა

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვამ მაქსიმალურ მაჩვენებელს, 22.6 მლნ ტონას, 2006 წელს მიაღწია და 2007-2008 წლებში საშუალოდ 21.7 მლნ ტონას შეადგენდა. 2013 წლიდან მოყოლებული კი, ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა და 2016 წლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზამ მხოლოდ 11.9 მლნ ტონამდე ტვირთის გადაზიდვა განახორციელა. მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებლებზე ფაქტ-მეტრმა ინფორმაცია ვერ მოიძია.

შემცირებული ტვირთბრუნვის პარალელურად ზრდადია ლარში გამოსახული მთლიანი შემოსავლების მაჩვენებელი, რაც უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ტარიფის პირობებში ლარის გაუფასურებითაა გამოწვეული. თავის მხრივ, დაბეგვრამდე მოგებისა და წმინდა მოგების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, 2015 წელს კი საანალიზო პერიოდის განმავლობაში პირველად საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება უარყოფითია (ზარალი). 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემოსავალი 4 მლნ ლარით არის შემცირებული და 104 მლნ ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2838 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი