2017 წლის 6 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა: "5 მაისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს (აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც ძალაში იქნება 2017 წლის ფისკალური წლის დასრულებამდე). აღნიშნული აქტის ხელმოწერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში... ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა თუ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ იმ პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს..."
ფაქტ-მეტრი ამ პოზიტიური მოვლენის დეტალებით დაინტერესდა.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი არის წლიური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს ფისკალური წლის (ფედერალური მთავრობის საანგარიშო პერიოდი) ბიუჯეტს და მოქმედებს ყოველი წლის 1 ოქტომბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. ბიუჯეტი აერთიანებს ფედერალური სამთავრებო დეპარტამენტების, უწყებებისა და პროგრამების ფულად სახსრებს. დოკუმენტი პრიორიტეტებს უსახავს ფედერალურ მთავრობას და განსაზღვრავს საშინაო თუ საგარეო დაფინანსების საკითხს. აქტს, წარმომადგენელთა პალატის და სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, ხელს აწერს აშშ-ის პრეზიდენტი. აქტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი განსაზღვრავს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს და ფინანსურ ღონისძიებებს ამ ინტერესების გასატარებლად.
2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა 5 მაისს მოაწერა ხელი, რამდენჯერმე გაესვა ხაზი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აქტის ერთ-ერთი თავი ეთმობა „ტრანზიციული ქვეყნებისადმი სამოქმედო გეგმას“, რომელშიც გამოყოფილია ქვეთავი - „დაპირისპირება რუსულ აგრესიასთან და გავლენასთან“. ამ უკანასკნელის ფარგლებში ცალკე თავად გამოტანილი არის ჩანაწერი - „საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია“. ის აერთიანებს შემდეგ განსაზღვრებებს: გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობები, რომლებმაც აღიარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ან/და დაამყარეს მათთან დიპლომატიური ურთიერთობები; სახელმწიფო მდივანი კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, წარადგენს ანგარიშს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებულ ქმედებებზე; საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აშშ-ის წარმომადგენლებს აეკრძალათ იმ პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აქტის თანახმად, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გამოყოფილია არანაკლებ 100 მილიონი დოლარი, რათა მათ მოახერხონ რუსული გავლენის და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის განისაზღვრა დამატებითი დახმარება ხელშეკრულებების იმპლემენტაციისთვის და რუსული გავლენის შესამცირებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში აფხაზეთის და ცხინვალის მიმართ აშშ ხშირად იყენებს ტერმინს - ოკუპირებული, საკანონმდებლო აქტში მსგავსი ჩანაწერი პირველად მოხვდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ ჯანელიძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები: