საქართველოს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ოთარ დანელიამ განაცხადა: „თურქული საქონლის პოზიციების დაახლოებით 92% შემოდის პრაქტიკულად ბაჟის გარეშე და დაახლოებით 23%-ია გათავისუფლებული საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას“.
ადგილობრივი ბაზრის დაცვის ღონისძიებები ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელია და ცალკეული ქვეყანა, საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოყენების მასშტაბების თაობაზე. იმპორტისას გადახდილი გადასახადი ბაზრის დაცვის ღონისძიების მხოლოდ ერთ-ერთი სახეა, ამავდროულად, ყველა იმ გადასახადის მიზანი, რაც საზღვარზე აიკრიფება, უცხოური პროდუქციისგან ბაზრის დაცვა არ არის. საქართველოს შემთხვევაში პროტექციონისტული მიზნის მატარებელი მხოლოდ იმპორტის გადასახადია, დღგ კი საზღვარზე აიკრიფება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მობილიზება ამ ფორმით მეტად მოხერხებულია და ამ გადასახადის დაწესების მიზანს ბაზრის დაცვა არ წარმოადგენს.
როგორც ითქვა, პროტექციონიზმის მასშტაბების შესახებ ცალკეული ქვეყანა გადაწყვეტილებას განვითარების არჩეული ეკონომიკური მოდელიდან გამომდინარე დამოუკიდებლად იღებს. 2003 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში ქვეყნის განვითარების საფუძვლად თავისუფალი ეკონომიკა იქნა მიჩნეული, გაუქმდა მთელი რიგი გადასახადები, მოსაკრებლები და ბიუროკრატიული მექანიზმები გამარტივდა. სახელმწიფომ ფაქტობრივად ცალმხრივად თქვა უარი პროტექციონიზმზე, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტზე. შედეგად, იმპორტზე საგადასახადო წნეხი საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა არ არის და ვერც იქნება დამახასიათებელი ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნისთვის. შესაბამისად, საქართველოში იმპორტირებულ საქონელზე საგადასახადო წნეხი საქართველოსვე გადაწყვეტილებით არის დაბალი.
სავაჭრო საქონელი სასაქონლო ნომენკლატურის თანახმად 100-მდე სასაქონლო ჯგუფშია გაერთიანებული, საიდანაც საქართველოში იმპორტის გადასახადით დაბეგვრას მხოლოდ 30-მდე ჯგუფში შემავალი საქონელის ნაწილი ექვემდებარება. აქვე აღსანიშნავია, რომ იბეგრება არა ამ ჯგუფებში შემავალი ყველა საქონელი, არამედ მხოლოდ მისი ცალკეული სახეობა. მაგალითად, „01“ ჯგუფი წარმოადგენს ცოცხალ ცხოველებს, საიდანაც მხოლოდ „0105“ პოზიცია, ანუ შინაური ფრინველები იმპორტის გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება, დანარჩენი ცოცხალი ცხოველების იმპორტი კი არ იბეგრება. აღნიშნულის გარდა, საგადასახადო კოდექსი მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს , რომელთა გამოყენება დაბეგვრადი საქონლის ისედაც შეზღუდულ წრეს კიდევ უფრო ავიწროებს.
შეღავათების წარმოშობას ქვეყნის მიხედვით ითვალისწინებს 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის შედეგადაც ევროკავშირში წარმოშობილი საქონელი იმპორტის გადასახდისაგან თავისუფლდება. ანალოგიური შეთანხმება მოქმედებს დსთ-ის წევრი ქვეყნებისათვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. თურქეთთან მიმართებაში მსგავსი შეთანხმება 2007 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა. თუმცა, ეს უკანასკნელი მოიცავს გამონაკლისებს 1-ლი და მე-2-ე დანართის სახით (ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია). 1 დანართში მოცემულია ჩამონათვალი, რომელზეც ქართული მხარე არაა ვალდებული მოხსნას საბაჟო გადასახადი, მეორე დანართის „ა“ ცხრილში ჩამოთვლილ პროდუქციაზე ანალოგიური უფლება უნარჩუნდება თურქეთს და დამატებით „ბ“ ცხრილში წარმოდგენილი საქონელი ექვემდებარება კვოტირებას და მხოლოდ ნაწილობრივ შეღავათების დაწესებას. საერთო ჯამში, გამონაკლისების ჩამონათვალი თურქული მხარის სასარგებლოდ საგრძნობლად აღემატება ანალოგიურ ჩამონათვალს ქართული მხარის სასარგებლოდ, თუმცა, მთლიანად შეთანხმების საფუძველზე, ქართული ექსპორტის დიდმა ნაწილმა გაცილებით დიდ თურქულ ბაზარზე წვდომა საბაჟო გადასახადის გადახდის გარეშე მიიღო, მაშინ როდესაც თურქული მხარისათვის შეღავათი გაცილებით მცირე ქართულ ბაზარზე დაწესდა.
დასკვნა 2007წელს გაფორმებული ხელშეკრულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლით ვაჭრობის ნაწილში, თურქულ მხარეს გარკვეულ უპირატესობას მართლაც ანიჭებს. აღნიშნული კატეგორიის პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც თურქეთი შეთანხმების პირობებს არ ავრცელებს, გაცილებით მოცულობითია ვიდრე ანალოგიური ჩამონათვალი საქართველოსთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დანარჩენი პოზიციების საქონლისათვის საბაჟო გადასახადი მოიხსნა გაცილებით დიდი ბრუნვის მქონე თურქული ბაზრის შემთხვევაში, მაშინ როცა თურქული ექსპორტისთვის შეღავათი მცირე მოცულობის ქართულ ბაზარს შეეხო.
ზოგადად, საერთო კონტექსტიდან მხოლოდ თურქეთის ამოღება გაუმართლებელია, როდესაც ადგილობრივი ბაზრის დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მსგავსი მიდგომა აქვს ათეულობით სხვა ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაშიც. უშუალოდ შეთანხმების პირობებში მოცემულ გამონაკლისებზე საუბრისას კი უნდა აღინიშნოს, რომ თეორიულად საქართველოს საერთო ჯამში საპირწონე სიკეთე უნდა მიეღო. სხვა საკითხია, ქართული ბიზნესი რამდენად ეფექტურად ახერხებს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ყველა შესაძლებლობის სათავისოდ გამოყენებას.
ვინაიდან პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ რიცხვებზე მსჯელობა უშედეგოა, ფაქტ-მეტრი ოთარ დანელიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.